რეზონანსი
05.01.2026

სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით საკოორდინაციო კომისიის შემადგენლობა დამტკიცდა.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 დეკემბრის განკარგულების თანახმად, საკოორდინაციო კომისიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.

კომისიის შემადგენლობაში ასევე არიან: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.

ცნობისთვის, 24 დეკემბერს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა დიდია. ირაკლი კობახიძის თქმით, სხვაობას სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი განაპირობებს, რომელიც საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. პრემიერმა სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხი შეისწავლონ და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები. კობახიძემ ასევე, პარლამენტს სთხოვა, საკითხის შესაფასებლად, საპარლამენტო კომისია შექმნას. თავის მხრივ, სუს-მა განაცხადა, რომ სურსათის ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს, ისე როგორც საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა, პარლამენტში სპეციალური კომისია შექმნას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×