
დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაის ცოლი დაკავებას არ გამორიცხავს. როგორც სახალხო დამცველის ოფისში მისულმა ანი ნადარეიშვილმა განაცხადა, ყოველდღე ელოდება, რომ მასაც დაადებენ ხელბორკილებს.
„ისეთი ხალხი უზით ციხეში, არ გამიკვირდება მეც რომ შევუერთდე“, - ამბობს ნადარეიშვილი. მისივე თქმით, მას ბრალდებულის სტატუსი არ აქვს, რადგან ამ დრომდე ბრალი არ წარდგენია, როცა ოფიციალური პროცედურა ბრალის წაყენებას 48 საათში ითვალისწინებს.
სახალხო დამცველის აპარატმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლის, ანი ნადარეიშვილის განცხადების შესწავლა დაიწყო. სახალხო დამცველი ელოდება დამატებით დოკუმენტაციას, რის წარდგენასაც ნადარეიშვილი დღეს ამ წუთებში აპირებს.
ანი ნადარეიშვილმა, სახალხო დამცველს 5 იანვარს მიმართა. ადვოკატი მასზე და მის ოჯახზე განხორციელებული დარღვევების შესწავლას ითხოვს. ნადარეიშვილის განცხადებით, მისი ოჯახის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები ადამიანის უფლებათა კონვენციით, საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებით დაცული უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევაა.