რეზონანსი
06.01.2026

პროევროპულ აქცაზე დაკავებული ვეფხია კასრაძე გლდანის მე-8 საპატიმროდან წერილს ავრცელებს. სინდისის პატიმარი საპატიმროში გატარებულ 1 წელს და ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს აფასებს. 

"როგორი იყო ეს ერთი წელი?! - ვფიქრობ, საკმაოდ ტკივილიანი. არ არის ადვილი, როდესაც უკანონო ტყვეობაში იმყოფები და გარეთაც უდიდეს უსამართლობაში უწევთ ცხოვრება როგორც საკუთარ ოჯახს, ასევე ყველა გულანთებულ ქართველს ამ მოღალატე, თვითმარქვია ხელისუფლების ხელში"- წერია განცხადებაში. 

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

"როგორი იყო ეს ერთი წელი?! - ვფიქრობ, საკმაოდ ტკივილიანი. არ არის ადვილი, როდესაც უკანონო ტყვეობაში იმყოფები და გარეთაც უდიდეს უსამართლობაში უწევთ ცხოვრება როგორც საკუთარ ოჯახს, ასევე ყველა გულანთებულ ქართველს ამ მოღალატე, თვითმარქვია ხელისუფლების ხელში.

კიდევ უფრო მტკივნეული იყო ჩემთვის ოპოზიციის შიდა განხეთქილებისა და ერთმანეთის ლანძრვის ყურება, ერთმანეთის მიმართ უსამართლო ბრალდებების წაყენება, ბორმა, შური, ერთმანეთისთვის ფეხის დადება და ეს იმის ფონზე, როდესაც ქვეყანა თავზე გვენგრევა, თამასაზე კი ჩვენი დამოუკიდებლობის და ევროპული მომავლის საკითხი დევს. ამ ყველაფერს ვუყურებდი და გული მეხლიჩებოდა, ვუყურებდი როგორ დაგვცინოდნენ ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლები, როდესაც ოპოზიციის ოპოზიცია წარმოიშვა, მიზეზი კი კვლავ შური და არაჯანსაღი ამბიციებია, ჩვენი ეროვნული, მოურჩენელი სენი. გრცხვენოდეთ ამის გამო!

როდესაც ჩემი პარტიის ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს, გული გამეგლიჯა და როდესაც მათი გათავისუფლების ამბავი შევიტყვე ტელეეთერის საშუალებით, სიხარულიც კი არ მაცადეთ ისეთი შეტევა წამოვიდა მათზე. იმ კაცს ისე გადაუარეთ უმძიმესი ბრალდებებით, რომ სახლში მისვლაც კი არ აცადეთ თითქოს რამდენიმე თვის წინ მის გვერდით არ გიბრძოლიათ. არ მესმის ასე უეცრად როგორ შეგიძლიატ თანამებრძოლის გამეტება. როდის უნდა მოვიშოროთ ეს საბჭოური აზროვნება? თუკი ადამიანს სხვა აზრი და სტრატეგია გააჩნია, მაშინ ის აუცილებლად მტრად და მოღალატედ უნდა შეირაცხოს. სხვას კი არაფერს ამბობენ და აკეთებენ “ქოცები”.  როგორ შეიძლება დავამარცხოთ მტერი, თუ მათზე უკეთესები არ ვართ და მათ ვემსგავსებით?

ხომ მიიღო ჩემმა პარტიამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, ხედავთ სადმე ლეგიტიმაციაშეძენილ “ქოცხელისუფლებას”? ვისი საქმე გაკეთდა ამით? არც მაშინ გაგჩენიათ ეგ კითხვა, როდესაც 4-ში  კმაყოფილი ივანიშვილი თავისი შუშის აკვარიუმის გარეშე გამოვიდა და ამაყად თქვა, რომ არჩევნებზე ზუსტად იმ შედეგს მიაღწიეს, რაც მათ სურდათ და ახლა დაფიქრდით, რომელი გამოდგა რუსული სპეცოპერაცია, რომელმა პროცესმა მისცა საბაბი “ქართულ ოცნებას”, რომ რეპრესიები გაემკაცრებინათ, არჩევნებში შესვლამ თუ “მშვიდობიანმა დამხობამ?” როდესაც არანაირი გეგმა არ არსებობს და არ არის გათვლილი რისკები, რომელ რევოლუციაზეა საუბარი? ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ “ქართული ოცნება” მზად არის სისხლი დაღვაროს და არ დათმოს ხელისუფლება. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ხელშიშველა და გულანთებული ადამიანების კბილებამდე შეიარაღებულ რობოკოპებთან მიტოვება, უდიდესი ბოროტება იყო. როგორც კი გაირკა, რომ ეს ყოველივე ხაფანგი იყო, არავის უზრუნია ხაფანგში მოყოლილი ხალხის გამოყვანაზე. შედეგად, უამრავი ვაჟკაცი და თავდადებული ბიჭი ხელშესახები შედეგის გარეშე აღმოჩნდა გისოსებს მიღმა. მე ამ ხალხს შევხვდი ციხეში და გული დამეწვა. მათი უკომპრომისო ბრძოლა ახლა ქუჩის პროტესტს სჭირდება, ნაცვლად იმისა, რომ გისოსებს მიღმა იბოჭებოდნენ. დღეს ამ ბიჭებს, ფაქტობრივად, არავინ ახსენებს. ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი?! სად არიან ის ადამიანები, რომლებიც დიდის ამბით მოუწოდებდნენ ხალხს ბრძოლისაკენ?! სად გაქრნენ, როდესაც ეს ვაჟკაცი ბიჭები წინა ხაზზე იყვნენ?! ან როდესაც ხელისუფლებამ ეს “მშვიდობიანი დამხობა” უდიდესი რეპრესიების საბაბად გამოიყენა?! ჯერ გზის გადაკეტვის წაგვართვეს, შემდეგ ი ტროტუარზე დგომის უფლებაც კი აგვიკრძალეს და ამ რეპრესიებს კვლავ მხოლოდ გულანთებული  ხალხი უწევდა წინააღმდეგობას არათუ ცალ-ცალკე ადამიანებს, მთლიანად ოჯახებს აკავებდნენ და აი, თქვენ, ვინც მოუწოდებდით ხალხს “მშვიდობიანი დამხობისკენ”, თბილად რომ სხედხართ სახლებში და სტუდიებში, თქვენ უნდა კეტავდეთ ყოველდღე გზას, თქვენ უნდა გამოდიოდეთ  პირველ რიგში ქუჩაში, რადგან თქვენი გაფუჭებული საქმე გამოასწოროთ. ამ უგუნური ქმედებით თქვენ პროტესტი გაქრობის პირას დააყენეთ, დააზიანეთ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და ისევ და ისევ მხოლოდ გულანთებულმა ადამიანებმა მოახერხეს თქვენი მრუდად ნათალის გასწორება და კვლავ მორალური უპირატესობის მოპოვება.

უაზროდ გასროლილ სიტყვას ისევე ვერ დააბრუნებ უკან, როგორც გასროლილ ტყვიას. ტყვიით მიყენებული ჭრილობა კიდევ შეიძლება შეხორცდეს, სიტყვით დაკოდილი კი არასდროს ხორცდება. 17 წლიდან ჩემი სიცოხლე სამშობლოს მივუძღვენი, ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული 10 წელი იარაღით ხელში ვიცავდი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ყოველთვის სიკვდილის პირპისპირ ვიდექი, 10-ჯერ მაინც ვარ გადარჩენილი უეჭველ სიკვდილს.

ამ ომებმა შეიწირეს ჩემი ცხოვრება, სპორტული და თეატრალური კარიერა და რაც ყველაზე მტკივნეულია, ჩემი უამრავი ახლობელი და მეგობარი, რომლებიც ერთიანი საქართველოს იდეისთვის დაიღუპნენ და არა იმ გათითოკაცებული, გახლეჩილი საქართველოსთვის, სადაც ქიშპობა და შური სუფევს. ჩემს თანამებრძოლეებთან ერთად ჩემი გულის ნაწილიც მოკვდა.და ეს ტკივილი სიცოცხლის ბოლომდე გამყვება, მაგრამ ამაზე დიდი ტკივილი მომაყენა ამ ბრალდებებმა, რომ მოღალატეებიდა გამყიდველები გვეძახეს. ეს თავგანწირვა არის ჩემი ვალდებულება ქვეყნისა და იმ ბიჭების წინაშე, რაც მაიძულებს ყველაფრის მიუხედავად ვიბრძოლო ბოლომდე. მზად ვარ, შევეწირო ჩვენი ქვეყნის მომავალს, რადგან თავგანწირვის გარეშე არასოდეს არცერთი ბრძოლა მოგებულა!

ამ ყველაფერთან ერთად 3 საუკეთესო მეგობარი და 5 ახლობელი დამეღუპა. ჩემი პატიმრობის გამო კი უკანასკნელ გზაზე ვერცერთი გავაცილე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის უმძიმესი იყო ამის გადატანა, ამ ტკივილს ათსჯერ აღემატებოდა ის შეურაცხყოფა, რაც ამ დაუმსახურებელი ბრალდებებიტ მომაყენეთ. ჩემთვის ჯოჯოხეთი იყო თქვენი აგრესიული კამპანია მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში.თქვენ მე გული ამომგლიჯეთ…

“ლელო” ჩემი ოჯახია და ეს ყველას გახსოვდეთ! მამუკა, ბადრი, მათი მოღვაწეობა, რამხელა მსხვერპლი გაიღეს ამ ქვეყნისთვის, ფაქტობრივად, დატმეს ყველაფერი და მაინც ჩაებნენ ამ უთანასწორო ბრძოლაში. რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათი მოღვაწეობა და რამდენი რამე გააკეთეს ჩვენი ქვეყნისთვის. ეპოქა შექმნეს ქართული საბანკო სისტემით და ბირჟზე გაიტანეს. რამდენი ქართული საქმე აქვთ გაკეთებული რამაც გავლენა იქონია ჩვენს დამეგობრებაზე. ძმად და მეგობრად მიმიღო. ერთადერთი კაცია, ვინც ქვეყნისადმი სიყვარული და თავდადება დააფასა, რაც სახელმწიფოსთვის გამიკეთებია. მიუხედავად ამდენწლიანი ბრძოლისა, ის ჩემზე მაგარი ქართველია, ჩემზე მეტი აქვს გაკეთებული.

ოპო დაქუცმაცებულის. ერთადერთი წამალი არის გაერთიანება საზოგადოების და მთელი პოლიტიკური სპექტრის რეჟიმის წინააღმდეგ. ამისთვის ამ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი, რათა ერთმანეთისთვის თვალის გასწორება შევძლოთ. უნდა ვისწავლოთ სხვების აზრის პატივისცემა. არა ზურგში ჩავარტყათ ერთმანეთს, არამედ ვიზრუნოტ ერთმანეთზე, როგორც საკუთარ ოჯახზე. მხოლოდ სუფთა და განწმენდილი გულით შეიძლება გაერთიანება და ერთიანობის შემთხვევაში გამარჯვება არის გარდაუვალი.

პირველ რიგში, მოწინააღმდეგე სათანადოდ უნდა შევაფასოთ, ჩვენ მარტო ივანიშვილი არ გვებრძვის, ჩვენ გვებრძვის რუსეთის იმპერია, ამიტომ, ბრძოლა იქნება ისევ და ისევ უთანასწორო, მაგრამ ჩვენი ერტიანობის შემთხვევაში, გამარჯვება გარდაუვალია. საქართველოს დამყრობელი და დაუძინებელი მტერი, შაჰ-აბასი ამბობდა, ქართული ერის განადგურება ისე კარგად არავის შეუზლია, როგორც ქართველს, მაგრამ იმასაც ამბობდა, რო თუ ქართველები  გაერთიანდებიან, მსოფლიოსაც კი დაიპყრობენო.სწორედ ქართველის ხელიტ უნდათ, რომ ჩვენს ქვეყანას ბოლო მოუღონ.

მეგობრებო, ჩვენ წინ გველის ძალიან დიდი ბრძოლა. მე, ვეფხია კასრაძე, მზად ვარ, ამ ბრძოლას შევეწირო უყოყმანოდ, თუკი ეს არის აუცილებლობა! ბრძოლა იქნება ბოლომდე! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! დიდება საქართველოს! ყველას, საქართველოს გულანთებულ შვილებს გილოცავთ 2026 წელს! ეს ჩვენი გამარჯვების წელი იქნება!

ვეფხია კასრაძე, გლდანის მერვე საპყრობილე, საკანი N86"- წერს კასრაძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×