
ირანში კვლავ დაძაბული სიტუაციაა. ანტისახელოსუფლებო აქციები 12 დღეა უკვე მიმდინარეობს, რასაც სულ მცირე 34 ადამიანი შეიწირა. განსხვავებით წინა წლების გამოსვლებისგან, პროტესტმა მთლიანი ქვეყანა მოიცვა. თავად ირანის მთავრობა ამერიკას და ისრაელს ადებს ხელს. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი თეირანს ემუქრება და აფრთხილებს, რომ თუ ისინი დემონსტრანტების მკვლელობას დაიწყებენ, აშშ მათ „ძალიან ძლიერად დაარტყამს".
ირანის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ აშშ-ისა და ისრაელის „ტერორისტულმა აგენტებმა" ქუჩებს ცეცხლი წაუკიდეს და ძალადობა გამოიწვიეს.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის დილის საინფორმაციო გამოშვების მოკლე რეპორტაჟში ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ განაცხადეს, რომ არეულობის დროს აქტივისტებმა დაწვეს ხალხის პირადი მანქანები, მოტოციკლები, საზოგადოებრივი ქონება, როგორებიცაა სახანძრო მანქანები, ავტობუსები, მეტრო და არის მსხვერპლი.
მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე ინტერნეტი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაითიშა.
მედიის ცნობით, შეტაკებები თეირანსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ირანში გამოსვლები 28 დეკემბერს დაიწყო. თავდაპირველად თეირანის ქუჩებში მაღაზიების გამყიდველები გავიდნენ, რათა გამოეხატათ უკმაყოფილება ირანული ვალუტის გაუფასურების გამო. შემდეგ მათ სტუდენტებიც შეუერთდნენ. საპროტესტო აქციებისას დაღუპულია, სულ მცირე, 34 ადამიანი.
ამასთან, ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ქვეყნიდან წასასვლელ ადგილს ეძებს.
ტრამპის მტკიცებით, ვაშინგტონი ინტენსიურად აკვირდება ირანში მიმდინარე მოვლენებს.
კითხვაზე, იცის თუ არა, რომ ირანის სულიერ ლიდერს აქვს გეგმა „ბ" და რუსეთში წასასვლელად ემზადება, ტრამპმა უპასუხა: „ან სხვა ადგილას. ის ეძებს ადგილს".
ასევე, ტრამპი ამბობს, რომ მან ირანის მთავრობა გააფრთხილა, თუ ისინი დემონსტრანტების მკვლელობას დაიწყებენ, აშშ მათ „ძალიან ძლიერად დაარტყამს".
„მათ ვაცნობე, რომ თუ ისინი ადამიანების მკვლელობას დაიწყებენ, რასაც ისინი ძირითადად არეულობების დროს აკეთებენ, თუ ამას გააკეთებენ, ჩვენ მათ ძალიან ძლიერად დავარტყამთ. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას. მათ იციან და ძალიან მკაცრად უთხრეს, კიდევ უფრო მკაცრად, ვიდრე ახლა გეუბნებით, რომ თუ ამას გააკეთებენ, ჯოჯოხეთური ფასის გადახდა მოუწევთ", - განაცხადა ტრამპმა კონსერვატორ რადიოწამყვან ჰიუ ჰიუიტთან ინტერვიუში კითხვაზე, თუ რა არის მისი გზავნილი ირანელი ხალხისთვის.
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანელები თავიუსფლებას მტკიცედ უნდა გრძნობდნენ.
აიათოლა ალი ხამენეი კი დონალდ ტრამპს მოუწოდებს, აშშ-ში არსებულ პრობლემებზე ფოკუსირდეს.
ხამენეის მიმართვა ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა.
ირანის სულიერმა ლიდერმა განაცხადა, რომ „ირანში აქციების მონაწილეები საკუთარ ქალაქებში დემონსტრაციების სხვა ქვეყნის ლიდერის გასახარად მართავენ."
ირანის სულიერმა ლიდერმა აშშ-ის პრეზიდენტს ამპარტავანი უწოდა და აღნიშნა, რომ ტრამპს „ხელები ირანელთა სისხლში აქვს გასვრილი". ხამენეის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს „დაამხობენ".
ცნობისთვის, ეს არის პირველი განცხადება, რომელიც ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ირანში 12 დღის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ გააკეთა.
კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე ირანში მიმდინარე პროცესებს აფასებს და ამბობს, რომ წინა პროტესტებისგან ეს მნიშვნელოვნად გასხვავებულია.
„თვითონ პროტესტის მასშტაბს რომ დააკვირდეთ, 2019-სა და 2022 წლების აქციებისგან განსხვავდება. მაშინ რამდენიმე დიდ ქალაქში იყო პროტესტი და ახლა მთელი ირანი მოიცვა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში პროტესტი უფრო აგრესიულია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ აქციებმა ხასიათი შეიცვალა. პროტესტანტებისგან ისეთი აგრესია მოდის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებიც ვერ უწევენ წინააღმდეგობას, განსაკუთრებით ამ პროვინციულ რეგიონებში. სხვათაშორის, ძალიან მანიშნებელია ერთი ფაქტორი, შეიძლება ცოტა გაუგებარ რაღაცას ვამბობ, მაგრამ მაინც - ოფიციალურად დაღუპულთა რიცხვი დაბალია. ირანის ისტორიას თუ გადავხედავთ, ეს პირველ რიგში იმის მანიშნებელია, რომ სამთავრობო ძალოვანების რაღაც ნაწილი ამ ხალხს სულ მცირე თანაუგრძნობს. მე ამ შეთხვევაში პოლიციას და არმიას ვგულისხმობ, რადგან ისლამთა რევოლუციის გუშაგთა კორპუსი რომ პროტესტანტების წინაღმდეგ იქნება, ფაქტია. როგორც ჩანს, მაინც რაღაც შემაკავებელი გარემოება არსებობს, რადგან წინა გამოსვლების დროს პირველივე დღეებში უამრავი დაღუპული იყო.
მიუხედავად იმისა, რომ პროტესტი ეკონომიკური მოთხოვნებით დაიწყო, არასოდეს შაჰის ფაქტორი ასე აქტიური არ იყო. ახლა უკვე ჩანს შაჰისდროინდელი დროშები, ლოზუნგები და შეძახილები - პირდაპირ იძახიან, რომ რევოლუციას შაჰი და ხალხი აწყობს.
პროტესტის უკან რომ გარეშე ძალები დგანან, ამას ლაპარაკი არ სჭირდება, მაგრამ არა იმ მასშტაბით, რასაც ირანის სამთავრობო მედია ცდილობს გაასაღოს. საქმე ისაა, რომ ხალხის მდგომარეობა რთულია: უმძიმესი სოციალური ვითარებაა. რაც არ უნდა იძახოს ირანის მთავრობამ ისარელისა და ამერიკის ჩართულობით ხდებაო, ეს გადამწყვეტი არაა. აქამდეც ყოფილა აქციები, რომელიც ამ ქვეყნების მიერ იყო დაფინანსებული, მაგრამ ასეთი შედეგები არ მოჰყოლია. რა თქმა უნდა, მესამე ქვეყნების ნამუშევარი ჩანს, მაგრამ ეს მთავარი არაა- ხალხი გაგიჟებულია.
აითოლას გაქცევა არ დასტურდება. ინფორმაცია, რომ ის რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება, ოფიაციალურად არ ვრცელდება.
- თუ ძალოვანების ასეთი პოლიტიკა გაგრძელდა, რაც ნაწილობრივ გვერდზე გაწევას და პროტესტანტების მხარეს გადასვლას გულისხმობს, განსაკუთრებით პოლიციისა და არმიის მხრიდან და განსაკუთრებით პროვინციებში, ეს ნიშნავს, რომ რეჟიმის დღეები დათვლილია.
თუმცა თუ ისლამთა გუშაგთა კორპუსის წარმომადგენლებმა თავდაცვა გადაწყვიტეს, ქვას ქვაზე არ დატოვებენ, რისი რესურსიც აქვთ. ეს ამერიკის ჩართულობას გამოიწვევს",- განაცხადა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან".