თამთა ჩაჩანიძე
09.01.2026

თამარ ჩერგოლეიშვილი „ნაცმოძრაობას" ისევ უპირისპირდება, სამ ცნობილ გვარს ასახელებს მიხეილ სააკაშვილის დამცველებად და ტყუილს უწოდებს ვალერი გელბახიანის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ თითქოს დონალდ ტრამპი სააკაშვილის გათავისუფლებას პირადად ითხოვს.

ჩერგოლეიშვილი ამტკიცებს, რომ „სააკაშვილის პოლიტიკურ გვამს რუსული სპეცსამსახურები აკონტროლებენ და საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ იყენებენ". მისი თქმით, 4 ოქტომბრის ავანტიურა სწორედ ამას ემსახურებოდა.

იმასაც კი ამბობს, რომ სააკაშვილი და მამუკა ხაზარაძე 4 ოქტომბრის პროცესებზე ერთმანეთში „თავდაუსხმელობაზე გარიგდნენ", ოპოზიციური ტელემედიების მეშვეობით „დისკრედიტაცია გაუკეთეს დემოკრატიულ პროცესს" და „რვიანს", და „დაბლოკეს კრიტიკა და ორთვიანი მოდელირებული ქრონიკა გიზგიზებდა ოპო არხებზე". შედეგად ციხეში 70-მდე ადამიანი ზის და „ოპოზიცია იმაზე დებილად და სუსტად ჩანს დასავლეთში, ვიდრე 4 ოქტომბრამდე ჩანდა".

ყოფილი გენერალური პროკურორისა და 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ მურთაზ ზოდელავას მტკიცებით, აქცია იყო მშვიდობიანი და ორგანიზება არ ჰქონდა.

„თავისი შინაარსით მშვიდობიანი და კანონიერი, სპონტანური, სახალხო აქცია იყო, რომლის ორგანიზებაც არ ყოფილა. იყო გულწრფელი პროტესტი, სადაც ბევრი ადამიანი მოვიდა, რადგან კრეატიული მესიჯები იყო გავრცელებული. ეს თარიღი, მითოლოგიური თარიღი გახდა. როგორც ჩანს, ხალხში იყო იმედი, რომ ვიღაც შესაძლოა გადმოსულიყო ხალხის მხარეს. ბოლო დღეებში კი ისეთი მითიც შეიქმნა, რომ ივანიშვილი ბურჭულაძის მეგობარი გახდა",- განაცხადა ზოდელავამ ბოლო სასამართლო პროცესზე.

  • „ირინა სარიშვილი, ვალერი გელბახიანი, თემურ ალასანია - ეს სამი გვარი, და საღი აზრისგან სრულიად გამოფიტული ნაცმოძრაობა, ჩემთვის საკმარისია ვიფიქრო, რომ სააკაშვილის პოლიტიკურ გვამს რუსული სპეცსამსახურები აკონტროლებენ და საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ იყენებენ.

„ამას ემსახურებოდა 4 ოქტომბრის ავანტიურა. ამას ემსახურება ვალერი გელბახიანის განცხადება, თითქოს ტრამპი კონკრეტულად საააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს (თუ/როცა მოითხოვს, ყველა პოლიტპატიმარს მოითხოვს - იტყუება გელბახიანი)."- წერს „ფედერალისტების" ლიდერი.

სააკაშვილის უფლებადამცველმა ვალერი გელბახიანმა ტელეკომპანია „კავკასიის" ეთერში განაცხადა, რომ ახლახანს ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოს ხელისუფლებას წერილი გაუგზავნა სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით.

„სულ ახლახან, ტრამპის ადმინისტრაციიდან წერილი გაეგზავნა საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლეთ სააკაშვილიო. არავინ არ ახმაურებს ამას... ბიძინა გამოცვლის პოლიტიკას, არენაზე გამოიყვანს თავის ვაჟს. ამ ბავშვმა უკვე პირობაც დადო, რომ შერიგება-მორიგება უნდა მოხდეს ახალგაზრდა თაობას შორის და ეს გზავნილი გაკეთებულია და, მე მგონი, რაღაცა დიდი ცვლილებებიც დაიწყება..." - ამბობს ვალერი გელბახიანი დავით აქუბარდიასთან.

თავის მხრივ აქუბარდიამ დასძინა, რომ ტრამპი ერთადერთ ქართველს იცნობს.

„ერთადერთ ქართველს იცნობს სააკაშვილს ტრამპი. ტრამპი დღეს ზეახელმწიფოს ლიდერია და ბევრს ააყირავებს... (სააკაშვილს ტრამპი) ორი დღე დაჰყავდა ბათუმში, პლიაჟზე ადგილი იყიდა ტრამპმა, ეს ჩამოართვა ბიძინამ ტრამპს, ცათამბჯენი უნდა აეშენებინა და ტრამპი ისე იყო გაბრაზებული რომ..." - თქვა აქუბარდიამ გელბახიანთან ჩართვისას.

„უკვე გაცვდა რადიკალების გოდება ჩავარდნილ რევოლუციაზე, აშშ-დან და ევროპიდან დახმარების ვერმიღებასა და დამნაშავე სააკაშვილის „ტყვეობაზე" ...ჩავარდა ქვეყნის გამყიდველთა გეგმა - არეულობის ქარცეცხლში გაეხვიათ საქართველო.ახალი წელი დადგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო - რადიკალები დამარცხდნენ!" - წერს ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×