რეზონანსი
09.01.2026

მას შემდეგ, რაც ამერიკის პეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საერთაშორისო ორგანიზაციბის დატოვებაზე ხელი მოაწერა, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მინიშნებები კეთდება, რომ შეიძლება ამ ნაბიჯს რაიმე ფორმით მიბაძონ. ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა, რომ „ტრამპმა რა მიზეზებიც დაასახელა ორგანიზაციების დატოვებისთვის, რელევანტურია საქართველოსთვისაც".

ტრამპმა ხელი მოაწერა საპრეზიდენტო მემორანდუმს, რომელიც 66 საერთაშორისო ორგანიზაციიდან შეერთებული შტატების გასვლას ითვალისწინებს. ამ ორგანიზაციებს შორის მოხვდა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიაც.

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ საქართველომ ვენეციის კომისია დატოვოს.

„საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ აქვს არჩეული ევროპასთან და ევროპულ სტრუქტურებთან კონფრონტაციის გზა. ეს განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყებისა და ჩვენთან საპარლამენტო არჩევნების შემდგომ გამოჩნდა, როცა ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ არ აწყობთ ამერიკასთან ურთიერთობის გაფუჭება, თუმცა ვერც ალაგებენ.

  • „არ გამოვრიცხავ, რომ ორგანიზაციებიდან საქართველოც გავიდეს ერთის მხრივ იმ მოტივით, რომ რუსეთს აამონ და მეორეს მხრივ, ამერიკელებსაც რაღაც სიგნალი გაუგზავნონ

აი, ჩვენც თქვენნაირები ვართო. თუმცა ასეთი სიგნალები იქ არ მუშაობს. თუ ამ ნაბიჯით ეცდებიან, როგორმე ტრამპს შეეხმიამონ, არ გამოვა. ამერიკის ადმინისტრაციისთვის არანაირი აზრი აქვს საქართველო იქნება თუ არა ვენეციის კომისიაში", - უთხრა დავით ზურაბიშვილმა „რეზონანსთან".

ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის შეფასებით, ვენეციის კომისიას საქართველოს მიმართ ქედმაღლური პოზიცია აქვს.

„ვენეციის კომისიას საქართველოს მიმართ ქედმაღლური პოზიცია ჰქონდა. აღნიშნული ორგანიზაცია საბჭოთა კავშირის დაშლის მერე ჩამოყალიბდა და მას შესაბამისი სამართლებრივი რეკომენდაცია უნდა გაეწია პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებისთვის. რეკომენდაცია ერთია და მისი მიღება ქვეყნის გადასაწყვეტია. ესენი კი, გინდა თუ არა მიიღეო.

  • „ვენეციის კომისია უკვე მკვდრადშობილი ორგანიზაციაა, რომელსაც ვენოკი უნდა დაადო. დარწმუნებული ვარ, საქართველო სულ მალე ამას გააკეთებს

ვინაიდან ამ ორგანიზაციისგან ჩვენს სახელმწიფის დამცირების მეტი არაფერი გაუკეთებია. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში."

მახაშვილის თქმით, „ამერიკის ეს გადაწყვეტილებები სწორედ ამის ერთ-ერთი კარგი გამოვლინება და მაჩვენებელია".

მისივე თქმით, ნამდვილად არსებობს კითხვები ამ ორგანიზაციებთან დაკავშირებით.

„ადამიანებს, შეიძლება, ერთი ორგანზიაცია მოსწონდეთ ან არ მოსწონდეთ, მაგრამ ფაქტია, მიზეზები, რაც ტრამპმა დაასახელა ამ ორგანიზაციების დატოვებისთვის, პირდაპირ არის რელევანტური საქართველოსთვისაც. ვხედავთ, რომ ბევრი მათგანი, რომლებიც საქართველოში მოქმედებენ, მათ შორის ვენეციის კომისია, სცდება საკუთარ დამფუძნებელ მისიას, რისთვისაც ეს ორგანიზაციები თავის დროზე შეიქმნა. სამწუხაროდ, ესენი გადაიქცნენ ორგანიზაციებად, რასაც თავად ტრამპიც ამბობს, რომლებიც მხარს უჭერენ რადიკალურ დღის წესრიგს, სხვადასხვა ფორმით ახალისებენ და, მაგალითად, საქართველოში ვენეციის კომისიის ე.წ. მოსაზრებები იყო ხოლმე გამოყენებული ერთგვარ მაშველ რგოლად ამ რადიკალებისთვის. ამიტომ საქართველოსთვისაც რელევანტურია ეს განცხადებები.

ჩვენ არ გვაქვს გეგმა, რომ ეს ორგანიზაციები დავტოვოთ, თუმცა ეს მოცემულობაა, ეს კითხვები არსებობს ამ ორგანიზაციებთან დაკავშირებით. ვისურვებდით ჩვენივე ინტერესიდან გამომდინარე, ეს ორგანიზაციები დაუბრუნდნენ თავიანთ ფუძემდებლურ, მთავარ მისიას, რაც იყო სამართლებრივ საფუძველზე მოსაზრებების მომზადება და დახმარება კონკრეტული წევრი ქვეყნებისთვის, რათა გააუმჯობესონ საკუთარი კანონდმებლობა და არა ის, რომ სხვადასხვა ფორმით წაახალისონ რადიკალური დღის წესრიგი საქართველოში თუ სხვა ქვეყანაში", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×