ნატალია ჯვარიძე
10.01.2026

ირანში ვითარება კვლავ დაძაბულია და ჯერჯერობით მთავრობა სიტუაციას ვერ ასტაბილურებს. ორი კვირის წინ დაწყებულ ანტისახელისუფლებო პროტესტს სულ მცირე 51 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დემონსტრატები ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის გადაყენებისა და გარდაცვლილი შაჰის შვილის, რეზა ფეჰლევის დაბრუნებას ითხოვენ. ფეჰლევი უკვე გამოვიდა საგანგებო მიმართვით ირანელებისადმი. იგი ხალხს საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდებს და ირანში ჩასვლას აანონსებს.

სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით, მთელი ირანის ტერიტორიაზე ინტერნეტი გათიშულია. პროტესტის მონაწილეებმა რამდენიმე მსხვილ ქალაქში ადმინისტრაციული შენობები დაწვეს. ხდება შეიარაღებული შეტაკებებიც.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ისმის პროტესტანტების მოწოდებები აიათოლა ალი ხამენეის გადაყენებისა და ირანის გარდაცვლილი შაჰის შვილის, რეზა ფეჰლევის დაბრუნების მოთხოვნით.

მსხვერპლის რაოდენობა იზრდება

აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ინფორმაციით, ირანში 28 დეკემბერს დემონსტრაციების დაწყებიდან სულ მცირე 48 მომიტინგე და უსაფრთხოების 14 თანამშრომელი დაიღუპა.

გარდა ამისა, ნორვეგიაში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია „ირანის ადამიანის უფლებების" ცნობით, სულ მცირე 51 მომიტინგეა დაღუპული, მათ შორის ცხრა ბავშვი.

ქვეყანაში ინტერნეტი ხუთშაბათის ღამიდან თითქმის სრულად გათიშულია.

BBC Persian-მა ამ დროისთვის დაადასტურა 22 ადამიანის დაღუპვა და მათი ვინაობა, ხოლო ირანის ხელისუფლებამ ამ დროისთვის დაადასტურა უსაფრთხოების ექვსი თანამშრომელის დაღუპვა.

პოლიტიკური განცხადებები

დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ „ღრმად შეშფოთებულნი არიან ირანის უსაფრთხოების ძალების მიერ ძალადობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით და მკაცრად გმობენ მომიტინგეების მკვლელობას".

„ირანის ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა, დაიცვას საკუთარი მოსახლეობა და უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანი შეკრება რეპრესიების შიშის გარეშე", - აცხადებენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ერთობლივ განცხადებაში.

ისინი მოუწოდებენ, ირანის ხელისუფლებას, გამოიჩინოს თავშეკავება, თავი შეიკავოს ძალადობისგან და დაიცვას ირანის მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ შეიძლება პირდაპირ ჩაერიოს მოვლენებში.

„როგორც ვხედავ, ხალხი გარკვეულ ქალაქებზე კონტროლს ამყარებს, რაც რამდენიმე კვირის წინ არავის წარმოედგინა. სიტუაციას დიდი ყურადღებით ვაკვირდებით. ეს განცხადება ადრეც მკაცრად გავაკეთე

  • თუ ისინი ადამიანების მკვლელობას დაიწყებენ, როგორც ამას ადრე აკეთებდნენ, მაშინ ჩვენ ჩავერევით", - განაცხადა დონალდ ტრაპმა.

ამის საპასუხოდ ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მწვავედ დაემუქრა და განაცხადა, რომ მას ხელისუფლებიდან „ჩამოაგდებენ".

  • „ტრამპმა უნდა იცოდეს, რომ მსოფლიო ტირანები, როგორებიც არიან ფარაონი, ნიმროდი, რეზა შაჰი და მოჰამედ რეზა, თავიანთი ამპარტავნების პიკზე ჩამოაგდეს. მასაც ჩამოაგდებენ", - განაცხადა ხამენეიმ სახელმწიფო ტელევიზიით გაკეთებულ მიმართვაში.

მისივე თქმით, ირანის ხელისუფლება ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზეც დათმობაზე არ წავა.

„ყველამ უნდა იცოდეს, რომ ისლამური რესპუბლიკა ხელისუფლებაში ასობით ათასი პატიოსანი ადამიანის სისხლით მოვიდა და ის დივერსანტების წინაშე უკან არ დაიხევს", - განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.

ირანის უზენაესმა ლიდერმა დემონსტრანტები აშშ-ის პრეზიდენტის ინტერესებში მოქმედებაში დაადანაშაულა.

„უნდათ, მას ასიამოვნონ. მან რომ ქვეყნის მართვა იცოდეს, საკუთარ ქვეყანას მართავდა", - განაცხადა ხამენეიმ და დასძინა, რომ შეერთებულ შტატებში სერიოზული პრობლემებია.

მან თავის მხარდამჭერებს ერთიანობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

„ძვირფასო ახალგაზრდებო, შეინარჩუნეთ მზადყოფნა და ერთიანობა. გაერთიანებული ერი ნებისმიერ მტერს დაამარცხებს", - განაცხადა ირანის უზენაესმა ლიდერმა.

ირანის ბოლო შაჰის უფროსმა ვაჟმა, სამშობლოდან დევნილმა რეზა ფეჰლევიმ, რომელიც თავს ტახტის მემკვიდრედ მიიჩნევს, თანამემამულეებს მიმართა და მოუწოდა მომიტინგეებს, კიდევ ორი ​​ღამის განმავლობაში გააგრძელონ ქუჩის დემონსტრაციები და დაიკავონ ქალაქის ცენტრები, ამავდროულად, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროს მუშაკებს მოუწოდა, დაიწყონ ეროვნული მასშტაბის გაფიცვები.

„თქვენი გამბედაობითა და სიმტკიცით, თქვენ დაიმსახურეთ მსოფლიოს აღფრთოვანება. პარასკევს საღამოს ირანის ქუჩებში თქვენი განახლებული და ბრწყინვალე დემონსტრაცია ისლამური რესპუბლიკის მზაკვრული და კრიმინალური ლიდერის მუქარაზე ხმამაღალი პასუხი იყო. დარწმუნებული ვარ, რომ მან ეს კადრები თავისი სამალავიდან დაინახა და შიშისგან კანკალებდა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქუჩებში ყოფნის უფრო მიზანმიმართული გამოსვლით და ამავდროულად, ფინანსური სასიცოცხლო მნიშვნელობის ხაზების შეწყვეტით, ჩვენ მთლიანად დავაჩოქებთ ისლამურ რესპუბლიკას და მის გაცვეთილ და მყიფე რეპრესიულ აპარატს.

„ამ მხრივ, მოვუწოდებ ეკონომიკის ძირითადი სექტორების, განსაკუთრებით ტრანსპორტის, ნავთობის, გაზისა და ენერგეტიკის მუშებსა და თანამშრომლებს, დაიწყონ საერთო-სახალხო გაფიცვა.

„ასევე, გთხოვთ ყველას დღეს და ხვალ, შაბათს და კვირას (10 და 11 იანვარს), ამჯერად, საღამოს 6 საათიდან, გამოხვიდეთ ქუჩებში დროშებით, გამოსახულებებითა და ეროვნული სიმბოლოებით და მოითხოვოთ საზოგადოებრივი სივრცეები. ჩვენი მიზანი აღარ არის მხოლოდ ქუჩებში გამოსვლა; მიზანია ქალაქების ცენტრების აღებისა და მათი შენარჩუნებისთვის მომზადება.

  • „მეც ვემზადები სამშობლოში დასაბრუნებლად, რათა ჩვენი ეროვნული რევოლუციის გამარჯვების დროს, თქვენს გვერდით ვიყო.

ირანი დიდი ერია. მე მჯერა, რომ ეს დღე ძალიან ახლოსაა", - ამბობს რეზა ფეჰლევი.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ საპროტესტო აქციების უკან ისრაელი და აშშ დგანან.

„ისინი საპროტესტო აქციებში პირდაპირ ერევიან. ცდილობენ, რომ მშვიდობიანი დემონსტრაციები ძალადობრივ საპროტესტო აქციებად გარდაქმნან", - განაცხადა არაღჩიმ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „რეალობას მოწყვეტილი" უწოდა.

„ეს განცხადება ყურადღების გადატანის მცდელობაა იმ მასშტაბური პრობლემებისგან, რომლის წინაშეც ირანის რეჟიმი დგას", - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

რა სცენარები შეიძლება განვითარდეს

კონფილქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ირანში მიმდინარე მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, მოახერხებს თუ არა ხელისუფლება ირანის შაჰის შვილის დისკრედიტაციას.

„ირანში გამოსვლები ახალი არ არის და 2017 წლიდან მოყოლებული სულ ხდება. 2017 წელს 1500 კაცი დაიღუპა. ახლა კი 60-70 ადამიანს არ სცდება, რაც ოფიციალურად ვრცელდება. თუმცა 2017 წლიდან მოყოლებული ასეთი დაძაბული ვითარება არ ყოფილა.

„აშკარაა, რომ ირანის საზოგადოება, რომელიც დღევანდელი მმართველობის წინააღმდეგ გამოდის, სერიოზული ცვლილებებისთვის ემზადება. აქამდე გამოსვლებს ლიდერი არ ჰყავდა. ახლა შაჰის შვილი გამოჩნდა, რომელსაც ანტიმონარქისტებიც ემხრობიან. აქამდე ის პროცესებში არ ერთვებოდა. ამიტომ ახლა ამ ლიდერის დისკრედიტაცია მიდის. თუ ეს მოახერხეს, ან ის მოკლეს, შესაძლოა ტემპერატურამ დაიწიოს და ირანის მმართველობამ პროცესები ჩაქრობისკენ წაიყვანოს.

„პროტესტი ძალიან ორგანიზებულია - იწვის ერთი და იგივე ტიპის დაწესებულებები, რაც ირანშია. გარდა იმისა, რომ მთავრობა ცდილობს შაჰის იდეის დისკედიტაცია მოახდინოს, ასევე უნდა (აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორად) ისრაელი წარმოაჩინოს, რაც ირანში არაპოპულალურია, განსხვავებით ამერიკისაგან. ხალხში ამერიკის მიმართ სიმპათიები არსებობს. ისრაელი კი მიუღებელია.

„აშკარად ჩანს, რომ ამ დღეებში რაღაც უნდა გადაწყდეს, თუმცა ჩვენ არ ვიცით იმ ხალხის განწყობა, ვინც აქციებს არ ემხრობა. ასეთი ბევრია, ანუ ზოგადად ხალხი. ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად წაყვება ხალხი შაჰის შვილის იდეას. მათ არ იციან ამ ყველაფერმა რა შედეგი შეიძლება მოიტანოს. ის შეიძლება ისრაელის აგენტი იყოს, რის პროპაგანდასაც ირანის მმართველი ძალა ახორციელებს. ტრამპი მას ჯერ არ შეხვედრია. ეს რაღაცაზე მეტყველებს. ხალხს კითხვები აქვს - თუ ამერიკა ჩვენს მხარეს არის, შაჰის შვილს რატომ არ ხვდება? ბევრი კითხვის ნიშანია", - აცხადებს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×