
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი საფრანგეთში ერთ-ერთი პოდკასტის სტუმარი იყო, სადაც ძალიან ბევრ თემაზე ისაუბრა. მათ შორის, თავისი საფეხბურთო კარიერიდან, მაგრამ ცხადია, საქართველოში მუშაობასაც შეეხო.
როგორც მან აღნიშნა, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებთან ერთად გასვლა, მისთვის დაუვიწყარი ემოციაა, რომელიც ყოველთვის ემახსოვრება.
„სპორტი ემოციებია, ფეხბურთი განსაკუთრებით. ევროპის ჩემპიონატზე გასვლა დიდი მიღწევა იყო, საქართველოში მშვიდად ხუთ მეტრსაც ვერ გავდივარ, ხალხი მაჩერებს და ამის შესახებ მელაპარაკება. მაშინ რწმუნდები, რომ ეს ხალხი გაახარე და ისინი ამაყობენ. ჩემს ტიტულებს გავცვლიდი იმ ოთხთვიან პერიოდზე, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე გავედი და შემდეგ იქ ვითამაშეთ. მართლა გავცვლიდი, რადგან მსგავსი ემოცია მანამდე არ განმიცდია. პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ გუნდში საოცარი ატმოსფერო იყო. მაშინ არავინ იცოდა, არც ჩემმა სამწვრთნელო შტაბმა, რომ მამაჩემი ძალიან ცუდად იყო. ხშირად ტელეფონში ვიყურებოდი, რადგან დედაჩემის ან ჩემი დის ზარს ველოდი. საბოლოოდ, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გარდაიცვალა, ამიტომაც, ვიქცეოდი თავშეკავებულად.
საქართველოში რომ აღმოვჩნდი, თავიდან მეც არ მჯეროდა... „ბორდოსა“ და „ბაიერნში“ ანჩელოტისთან მუშაობის შემდეგ მინდოდა, დრო შვილისთვის დამეთმო, რომელიც გარკვეული პრობლემებით დაიბადა. ცოტა ხანი ფრანგულ რადიოსა და ტელევიზიაში ვიმუშავე, მაგრამ შემდეგ ჩემს თავს ვკითხე, რა მინდოდა. მივხვდი, რომ რაღაც ახალი მინდოდა გამეკეთებინა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა საქართველოს ნაკრების ვარიანტი. პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს ვესაუბრე, რომლებიც ჩემ დროს გერმანიაში თამაშობდნენ. თავიდან რთული იყო, რადგან საქართველოში კოვიდპანდემიის დროს ჩავედით, სასტუმროდან მე და ჩემი ასისტენტი, ადელ შედლი ვერ გავდიოდით. სასტუმროს ნომერში ვიყავით და ვუყურებდით მატჩებს, ვაკვირდებოდით ფეხბურთელებს, ბოლოს, ვილიზე და ძეზე თუ ვინმეს გვარი სრულდებოდა, ყველა სიაში შეგვყავდა (იღიმის).
კვარაცხელიას თვალებში თავიდანვე ნაპერწკლები დავინახე, რიბერის ჰგავდა, მოედანზე უშიშარი იყო, თავისუფლად თამაშობდა. სხვებსაც არ ეშინიათ, მაგრამ ასეთი ძლიერები არ არიან. კვარაცხელია ამბიციურია და მე ასეთი ხალხი მომწონს.
ჩემი პირველი ნაბიჯები ფეხბურთში 30 წელზე მეტი ხნის წინ იყო. მაშინ ფეხბურთი ისეთი არ იყო, როგორიც დღესაა, სადაც 10 წლის ასაკიდან არიან მოთამაშეები, რომლებმაც იციან, რომ პროფესიონალები სურთ გახდნენ. არიან ოჯახები, რომლებიც ამისთვის მსხვერპლს იღებენ. ჩემთვის ეს სულაც არ იყო ასე. შესაძლოა, სხვა სპორტის სახეობებში უფრო ნიჭიერი ვიყავი. ერთ დღეს მამაჩემმა წამიყვანა სენტ ეტიენში ღია კარის დღეზე. სინამდვილეში არ მინდოდა წასვლა, არ მაინტერესებდა. მაიძულა და ვიტირე.
მამაჩემს ყოველთვის უყვარდა ფეხბურთი. ის სენტ ეტიენის გულშემატკივარი იყო. მეც მიყვარდა ფეხბურთი, მაგრამ მიყვარდა ფეხბურთი ისეთი, უბრალოდ, როგორიც იყო: სპორტი, სადაც მეგობრებთან ერთად ხარ. სულ ესაა. რთული პერიოდები ყოფილა, მაგრამ ეს ყველას ცხოვრებაშია, ბუღალტერი და ყასაბის. ეს ყველაფერი ცხოვრებისეულ გამოცდილებას უკავშირდება. მე სოფლიდან ვარ.
მამაჩემი ქვაბებს ყიდდა, დედა კი მდივნად მუშაობდა. როდესაც სოფელში იბადები, ცხოვრებაში პერსპექტივები დიდი არ არის, მაგრამ ამან ხელი არ შემიშალა, მშვენიერი ბავშვობა მქონოდა. მთელი ცხოვრება ბედნიერი ვიყავი და დიახ, გარკვეულ მომენტში „მსხვერპლის გაღება“ მომიწია. მაგრამ რაზე ვსაუბრობთ? სახლიდან წასვლაზე ან ოჯახის რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერნახვაზე... ბევრად უარესი რაღაცები არსებობს.
„ბაიერნში“ ვინც საქმდება, მათი პირველი მისიაა კლუბის იდენტობის, კლუბის კულტურის, კლუბის დნმ-ის შენარჩუნება. საფრანგეთში ეს არ გვაქვს, რადგან ბევრი კლუბი არ გვყავს რეალური იდენტობით. სენტ-ეტიენი ერთ-ერთი მაგალითია. მარსელს ძალიან ძლიერი იდენტობა აქვს. თუმცა, ასეთი ძლიერი იდენტობით საფრანგეთში ბევრი სხვა კლუბი არ არსებობს. შესაძლოა, დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა ერთგვარი ცრურწმენა, რომ ფეხბურთელი მხოლოდ თამაშს კარგად ახერხებდა, მაგრამ მენეჯერობა არ შეუძლია, იმიტომ, რომ ვთქვათ, მათემატიკა არ იცის, რადგან არ სწავლობდა.
გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთში ასე არ არის, დიდ კლუბებს მათი ვეტერანები მართავენ. ეს ნიშნავს, რომ ეს მუშაობს. საფრანგეთში ამ მხრივ უფრო მეტი პრობლემა გვაქვს. მაგალითად, ავიღოთ პარი სენ-ჟერმენის“ მაისური. რა წერია ნომრის ზემოთ? ფეხბურთელის გვარი. ბაიერნში ფეხბურთელის გვარი ნომრის ქვემოთ წერია, ხოლო ნომრის ზემოთ - ბაიერნი. მათთვის ეს წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია, თუნდაც ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალი. კლუბი ყოველთვის ზევითაა, ხოლო ფეხბურთელი - ქვემოთ.
ბეკენბაუერი იყო პრეზიდენტი, რომელიც ყველა თანამშრომელს სახელით მიმართავდა. ყველას ესალმებოდა. ეს აღარ არსებობს! გყავთ კლუბის პრეზიდენტები, რომლებიც ყოველ დილით ყველა თანამშრომელს ნახულობენ? ხელს ართმევენ, სახელით მიმართავენ? ეს აღარ არსებობს, ყველაფერი დამთავრდა.
კაფუმ რევოლუცია მოახდინა ფლანგის მცველის პოზიციაზე. მან დაიწყო ტენდენცია. დღეს ჩვენ ყველანი კაფუს შვილები ვართ. პირადად მე, დიდი არჩევანი არ მქონდა. არც ყველაზე სწრაფი ვიყავი, არც ყველაზე ძლიერი, არც ყველაზე ტექნიკურად ნიჭიერი, არც ყველაზე მაღლა ახტომა შემეძლო და არც ის ვიყავი, ვინც ბურთს ყველაზე ძლიერად ურტყამდა. მაგრამ თუ პროგრესი მინდოდა, სხვა უნარები უნდა განმევითარებინა. ყოველთვის ვეუბნებოდი ჩემს თავს, რომ ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი სიტუაციის სწრაფად ანალიზია. თუ უფრო სწრაფად გავაანალიზებ, ჩემს სიჩქარის ნაკლებობას კომპენსირებას მოვახდენ. მუდმივად ამ პრინციპით ვმუშაობდი, რომ ჩემი სისუსტეები დამემალა.
დღეს ბევრი გუნდი ფლანგის მცველს ცენტრში გადაადგილებას სთხოვს, მე ამას ვერ გავაკეთებდი, რადგან ასეთი უნარები არ მქონდა. ჰაკიმი შესანიშნავია, კაფუს ნამდვილი მემკვიდრეა. მე კი, გოლების გატანაზე არ ვიყავი ორიენტირებული. სწორ დროს ზუსტი პასის გაკეთებაზე ვიყავი კონცენტრირებული. ვფიქრობდი, რომ ჩაწოდება უბრალოდ გოლის გატანის კიდევ ერთი გზა იყო.
საფრანგეთის ნაკრებში ჩემს თანაგუნდელებზე გაბრაზებული ვარ, რადგან ჩემს გარეშე მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები გახდნენ, მაგრამ წარსულს ვერ შევცვლი (იცინის). ყველაფრის მიუხედავად, მოვხვდი ნაკრებში და როცა შედიხარ გასახდელში, სადაც ზიდანი, ჯორკაეფი, დესაი, ტურამია, არაფერს ამბობ, უყურებ, სწავლობ, მუშაობ, იღიმი, როცა გეუბნებიან, რომ უნდა გაიღიმო, დარბიხარ, როცა ეს საჭიროა. მაგრამ ჩემთვის ადაპტაცია გამარტივდა, რადგან მონაკოდან ნაკრებში ბევრი ფეხბურთელი იყო, ანრი, ტრეზეგე, ბარტეზი, ლამუში, რამაც ჩემი ინტეგრაცია გააადვილა.
როდესაც ზიდანთან ერთად თამაშობ, ხვდები, რომ იგივე სპორტს არ თამაშობთ, შეუძლებელია. ერთი და იგივე ბურთი გაქვთ, მაგრამ იგივე სპორტს არ თამაშობთ, სულ ესაა, სხვა არაფერია სათქმელი. როდესაც ერთმანეთში ვსაუბრობთ, მისი საუკეთესო თამაში ესპანეთთან იყო. თუმცა, მესმის, რადგან ბრაზილიის წინააღმდეგ იყო გარკვეული ტექნიკური ილეთები, რომელიც დაუვიწყარია. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ ერთნაირ საქმეს არ ვაკეთებდით. არსებობს ორი რამ, რაც უნდა გაითვალისწინოთ მოედანზე მისი ქმედებების დროს.
პირველი ისაა, რომ ტექნიკური ილეთის შესრულების უნარი ბევრ ადამიანს აქვს, მაგრამ რაც თითქმის არავისთვისაა ხელმისაწვდომი, თუ საერთოდ ვინმესთვისაა ხელმისაწვდომი, არის მისი ზუსტ მომენტში გაკეთების უნარი. ყველა პროფესიონალ მოთამაშეს შეუძლია მიაღწიოს იმას, რასაც ზიდანი აკეთებდა, მაგრამ იმ მომენტში იმის ცოდნა, რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა, მხოლოდ მას ან ძალიან ცოტას შეეძლო - მესი, მარადონა, კრუიფი. იცოდი, რომ ყოველთვის, ზუსტ პასს გაგიკეთებდა, სადაც საჭირო იყო, ეს იყო მისი დიდი ძალა, რომ მის მიერ გაკეთებული ყოველი პასი თანაგუნდელებს საუკეთესო შესაძლო პოზიციაში აყენებდა.
ოლივერ კანთან აღარ მაქვს კონტაქტი, მაგრამ თუ შემთხვევით შევხვდებით, ერთმანეთს პატივისცემით ჩამოვართმევთ ხელს. მეც მოედანზე ვიყავი, როცა ბოლო წუთზე ორივე მუშტით გოლი გაიტანა. იცოდა, რომ წითელ ბარათს მიიღებდა, გაიტანა, არ აღნიშნა. შებრუნდა და წავიდა, თითქოს უკვე იცოდა, რომ წითელ ბარათს მიიღებდა. გასახდელში დავბრუნდით და ოტმარ ჰიცფელდიც კი იცინოდა... ოლივერ კანი, არა. არავინ იცის, რა უტრიალებდა თავში. ერთხელ ჰერტას ვეთამაშებოდით, ვიგებდით, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვერ ვთამაშობდით და ის შესვენებაზე გასახდელში გაბრაზებული შემოვიდა. მან დიდი ნაგვის ურნა ესროლა მოთამაშეს, რომელიც სასტარტო შემადგენლობაშიც კი არ იყო... მას არაფერი გაუკეთებია, ეს იყო „საწყალი“ სანტა კრუზი, მაგრამ რა უნდა უთხრა ოლივერ კანს? არაფრის თქმა არ შეიძლება“, - განაცხადა სანიოლმა.
შეგახსენებთ, ვილი სანიოლმა საფეხბურთო კარიერის განმავლობაში „სენტ ეტიენში“, „მონაკოსა“ და „ბაიერნში“ ითამაშა, ხოლო საფრანგეთის ნაკრებში 2000-2008 წლებში 58 უგოლო მატჩი ჩაატარა. ის 2006 წელს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. სამწვრთნელო კარიერაში საფრანგეთის 21 წლამდე ნაკრებსა და „ბორდოს“ ედგას სათავეში, 2021 წლიდან კი საქართველოს ნაკრების მწვრთნელია.