თამთა ჩაჩანიძე
11.01.2026

საქართველოს ხელისუფლება ბრიტანული მაუწყებლის, „ბი-ბი-სის" წინააღმდეგ საჩივრის შეტანას „უახლოეს დღეებში" აპირებს, პროცედურის თანახმად, ჯერ ბრიტანეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის შიდა მარეგულირებელ ინსტანციას მიმართავს და შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო სასამართლოებს. მმართველ პარტიაში ამბობენ, დოკუმენტის შესატანად ვადა ჯერ კიდევ აქვთ და პროცესი ხელოვნურად არ ჭიანურდება.

როგორც „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, ამ ვადას „ოცნება" ბოლომდე გამოიყენებს, რადგან საქმე ძალიან სერიოზულ ქეისს ეხება სერიოზული კორპორაციის წინააღმდეგ და სარჩელი „წონიანი არგუმენტებით უნდა იყოს გამაგრებული".

„ბი-ბი-სის" სტატია და ერთსაათიანი საგამოძიებო ფილმი 1-ლ დეკემბერს გამოქვეყნდა, მასში გამოთქმულია ვარაუდი, რომ 2024 ნოემბერ-დეკემბერში ანტისამთავრობო მომიტინგეების წინააღმდეგ ხელისუფლებამ პირველი მსოფლიო ომისდროინდელი ქიმიური ნივთიერება ე.წ. კამიტი გამოიყენა.

იმავე დღეს სუს-მა ამ საკითხზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. შედეგები 6 დეკემბერს გამოაცხადა, რომ „2024 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში, კერძოდ, 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისთვის გამოყენებულ იქნა ნივთიერება ქლორობენზინიდილ მალონონიტრილი".

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სარჩელზე ბოლოს 8 იანვრს ისაუბრა.

  • „ჩვენ უახლოეს დღეებში ჩვენი საჩივრით მივმართავთ „ბი-ბი-სის" შიდა მარეგულირებელ ინსტანციას. იმედი გვაქვს, რომ „ბი-ბი-სი" ამ დონეზევე აღიარებს იმას, რომ ის სიუჟეტი იყო ფაბრიკაცია და მანიპულაცია. თუ არ აღიარებს, მაშინ სხვა ინსტანციებს მივმართავთ.

„მარტივია რასაც ვითხოვთ - იყო მანიპულაციური სიუჟეტი და, შესაბამისად, ამ მანიპულაციის აღიარებას ვითხოვთ. კონკრეტულად რა მოთხოვნები იქნება, ამ ყველაფერს ნახავთ. ამ ეტაპზე არ ვაპირებ, წინასწარ ვისაუბროთ, შინაარსი რა იქნება. როცა გასაჯაროვდება, მაშინ იქნება ცნობილი.

„არის შესაბამისი პროცედურები. პირველი - ეს გახლავთ „ბი-ბი-სის" შიდა მარეგულირებელი ისტრუმენტი, რომელიც გამოყენებული უნდა იყოს. თუ საკუთარი თავის დადანაშაულებაზე უარს იტყვიან, ვნახოთ, ამ შემთხვევაში მაინც როგორ სტანდარტს დაიცავენ. შემდეგ არის შემდეგი ინსტრუმენტები: მარეგულირებელი კომისია და სასამართლო, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც. ჩვენ მივყვებით ყველა ამ პროცედურას იმ რიგითობით, რომლითაც საჭიროა", - განაცხადა პაპუაშვილმა.

სარჩელის სავარაუდო შედეგი

ზაალ ანჯაფარიძე გვეუბნება, რომ სარჩელმა კანონით გათვალისწინებული ყველა ინსტანცია უნდა გაიაროს.

„სარჩელმა უნდა გაიაროს კანონით დადგენილი ყველა ინსტანცია, რომ ლეგიტიმურად იყოს მიჩნეული. ხელისუფლება ცდილობს დაიცვას ყველა წესი, რაც საერთაშორისო სარჩელებს შეხება, რომ მერე ეს კიდევ დამატებით სადავო თემა არ გახდეს. ისეთი სერიოზული კორპორაციის წინააღმდეგ, როგორც „ბი-ბი-სია" და რომლის უკანაც ბრიტანეთის მთავრობა დგას, სარჩელს საკმაოდ სერიოზული მომზადება სჭირდება, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს, რათა ყველა ფაქტი იყოს შეგროვებული, გაანალიზებული და ა.შ., რადგან საქმე ძალიან სერიოზულ ქეისს ეხება, ფაქტიურად სახელმწიფოსა და ხელისუფლების პრესტიჟზეა ლაპარაკი. მართალია ვარაუდის დონეზე, მაგრამ რეალურად საერთაშორისო წრეებში ეს აღიქმება, როგორც ხელისუფლების მიერ ჩადენილია საკმაოდ სერიზული დანაშაული. ხელისუფლება ამბობს, რომ მე ეს დანაშაული არ ჩამიდენია, გამოქვეყნდა მასალებიც, ვიღაცამ დაიჯერა, ვიღაცამ - არა. შესაბამისად, სარჩელი ძალიან წონიანი არგუმენტებით უნდა იყოს გამაგრებული.

„სარჩელი არ წამიკითხავს და ეს, როგორც ჩანს, კონფიდენციალური დოკუმენტია. სავარაუდოდ, როდესაც მისი განხილვა დაიწყება, მეტ დეტალს გავიგებთ.

„ვადას რა თქმა უნდა ბოლომდე გამოიყენებენ, რადგან არცერთი პუნქტი არ დარჩეს ხელისუფლებას ისეთი, რომელიც იქნება სადაო და რომელიც ხელისუფლების პოზიციას ბოლომდე არ გაამყარებს. ამას კი დრო და კვალიფიციური იურისტების მუშაობა სჭირდება და იმაზე საუბარი, რომ ეს პროცესი ჭიანურდება, არადამაჯერებლად მიმაჩნია", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

კითხვაზე, რა შეიძლება იყოს სავარაუდო სამართლებრივი შედეგი, თუმდაც მარეგულირებელ პირველ ინსტანციაში, ანალიტიკოსმა გვითხრა:

„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორაა სარჩელი შედგენილი, რა ფაქტოლოგიაა იქ მოყვანილი და ა.შ. ის მასალა, რაც პირველ ინსტანციას წარედგინება, იმის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ რა მომავალი ელის მას",- განაცხადა მან.

კითხვაზე, რამდენად შეიძლება, რომ თუნდფაც პირველ ინსტანციაში „ოცნებამ" წააგოს დავა, ანჯაფარიძემ გვიპასუხა:

„ყველაფერი დასაშვებია, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ ამ საკითხს ძალიან პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს. ეს თავიდანვე ვთქვი, როდესაც „ბი-ბი-სის" მასალა და ფილმი ვნახე. ფიგურანტები, ვინც მასში მონაწილოებდნენ, დაინტერესებული მხარეები იყვნენ და ფილმი ძირითადად მათ ჩვენებებზე აიგო. კი, ბატონო, დაიცვეს სტანდარტი და ხელისუფლებასაც გამოუგზავნეს კითხვები, მიიღეს პასუხები, მაგრამ ის პასუხები, რაც მათ კითხვებს ხელისუფლებამ გასცა, ფილმში პრაქტიკულად არ მოხვედრილა, ძალიან მინიმალისტურად გაშუქდა, უფრო მეორე მხარის პოზიციები დომინირებდა. ჩემი ვარაუდით, ეს გათვლილი იყო იმაზე, რომ გარკვეული აღქმები ჩამოყალიბებულიყო როგორც საერთაშორისო პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში, ისე ოპიზიციისთვის მიეცათ დამატებითი მასალა იმისთვის, რომ აქციები გაეგრძელებინა.

„ვერანაირ პროგნოზს ვერ გავაკეთებ, თუ როგორი იქნება გადაწყვეტილება. მაგრამ თუ გადაწყვეტილება გამოცხადდა, როგორიც არ უნდა იყოს, ის იქნება პოლიტიკური.

 

  • "თუ ხელისუფლების სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამას, რა თქმა უნდა, პოლიტიკური დატვირთვა ექნება და თუ დაკმაყოფილდა და „ოცნებამ" ეს პროცესი მოიგო, ამასაც პოლიტიკური დატვირთვა ექნება", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×