
ვინაიდან აშშ-ის პრეზიდენტად ტრამპი ამერიკელ ოლიგარქთა გავლენიანი ჯგუფის მხარდაჭერით გამწესდა, მოსალოდნელი იყო, მისი განცხადებები მხოლოდ დეკლარაციებად არ დარჩებოდა. გარდა იმისა, რომ თავიდანვე გამოთქვა რამდენიმე სახელმწიფოს ტერიტორიის მიერთების სურვილი, ჰააგის ტრიბუნალის მიერ ბრალდებულებად ცნობილ პირებს მოევლინა ქომაგად და პალესტინელების გადასახლების გზით გადაწყიტა დედამიწაზე მორიგი „ცხელი კერის“ გაქრობა...
რამდენიმე დღის წინ კი საერთაშორისო სამართლის პრინციპებიც და გაეროს წესდებაც ხელყო, როდესაც ვენესუელას პრეზიდენტი საკუთარი რეზიდენციიდან გაიტაცა და სუვერენული ქვეყნის „მართვა“ თავად დააპირა... თან, ისე დაგეგმა „სამხედრო სპეცოპერაცია“ კარაკასში, თითქოს ვაშინგტონში ჰყავდა „ნარკობარიგა“ დასაკავებელი... არ გამიკვირდება, რომ აშშ-მ მალე სხვა ტერიტორიებზე დაამყაროს კონტროლი, მით უმეტეს, რომ გრენლანდიის გარდა, პანამაც და კუბაც უკვე ჰქონდა ადრე ოკუპირებული...
ამდენად, რასაც ინაუგურაციიდან განვლილი ერთი წლის განმავლობაში ვუყურებ, ცნობილი ამერიკული ფილმის, „ ეს არის შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიოს“, გაგრძელება მგონია, რომლის გმირები სხვისი ფულის ხელში ჩასაგდებად ყველაფერს კადრულობენ... ფაქტია, თუ მანამდე აშშ „სოროსის მეთოდს“ ანიჭებდა უპირატესობას და არასასურველ რეჟიმებს „ფერადი რევოლუციებით“ ცვლიდა, ამჯერად ისევ ძალის („აღმართს რომ ხნავს“) გამოყენება მიიჩნია პრიორიტეტულად...
ვინაიდან, ვენესუელაში განხორციელებულ ტერაქტზე საერთაშორისო ორგანიზაციები და „ევროპელი მეგობრები“, ტრადიციულად, მხოლოდ შეშფოთდებიან ან აღშოთდებიან, ცხადია, ჩემი ქვეყნის მომავალი მადარდებს, მით უმეტეს, ვხედავ უკრაინა რა დღეშია და იმაშიც ვარ დარწმუნებული, რომ პუტინის მხარდაჭერის გარეშე, არც ტრამპის „სპეცოპერაცია“ იქნებოდა „წარმატებული“, ისევე, როგორც რუსეთი ვერ მიიტაცებდა საქართველოს ტერიტორიებს აშშ-ის მესვეურებთან შეუთანხმებლად... გერმანიის გაერთიანება, საბჭოთა სისტემის დემონტაჟი და იუგოსლავიის დაშლაც ამერიკელი ოლიგარქების მიერ რუსეთის მმართველების მოსყიდვის შედეგი მგონია..
როგორც ჩანს, დედამიწაზე ტერიტორიების და ბუნებრივი რესურსების მორიგი გადანაწილება უკრაინაში „სპეცოპერაციით“ დაიწყო. გარდა იმისა, რომ ამ უმდიდრესი ევროპული ქვეყნის მიწისა და წიაღისეულის საბადოების დიდი ნაწილი „სტრატეგიული პარტნიორების“ ხელშიც აღმოჩნდა, იარაღის ბიზნესითაც გვარიანად იხეირეს... ფაქტია, ამერიკელების მხარდაჭერით გაპრეზიდენტებული ზელენსკი მხოლოდ მას შემდეგ გახდა „კორუმპირებული“, რაც უკრაინული მიწის ნახევარზე მეტი ამერიკულ კომპანიებზე გასხვისდა, ხოლო მოქალაქეების უმრავლესობა სამშობლოდან აიყარა...
გლობალური „მართვადი ქაოსი“ ვის ინტერესებშია, ცალკე მსჯელობის თემაა, მაგრამ, ვინაიდან ტრამპი პუტინთან არის „კომუნიკაციაში“, გამოდის რომ იმას უნდა ველოდოთ საქართველოსთან მიმართებით რას გადაწყვეტენ. მით უმეტეს, რომ შევარდნაძის ჩამოყვანა, მისი სააკაშვილით ჩანაცვლება და ქართული მიწების რუსეთისთვის დათმობაც ამერიკელებთან შეთახმებული უნდა იყოს...
მართალია, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისა და ოპოზიციის მესვეურებიც, როგორც ჩანს, ელოდებიან თუ როდის მოიცლის ტრამპი სამხრეთ კავკასიისთვის, მაგრამ, არ მგონია, სანქციების შედეგად ეკონომიკურად აშკარად მომძლავრებულმა და მილიტარიზებულმა რუსეთმა კავკასიონის ქედი ვინმეს დაუთმოს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ, ამერიკელებს ჯერ კიდევ 1918 წელს ჰქონიათ გეგმა, ამიერკავკასიაში მხოლოდ ორი სახელმწიფო (თურქეთი და სომხეთი) დარჩენილიყო, ხოლო უკრაინის ტერიტორიაზე ებრაელები დასახლებულიყვნენ, არც ის არის გამორიცხული, რომ ტრამპი და პუტინი საქართველოს ტერიტორიის მეზობელ სახელმწიფოებზე გადანაწილებაზეც შეთანხდნენ. მით უმეტეს, რომ თუ მკვიდრი მოსახლეობის მშვიდობიან პერიოდში შემცირება ამ ტემპით გაგრძელდა, ქვეყანაში აღარავინ დარჩება ვინც „მამულის, ენის, სარწმუნოების“ ხელყოფას თუნდაც გააპროტესტებს...
არადა, აშშ-დან ქართულ პოლიტიკაში სააკაშვილის ჩართვისთანავე „ბორჩალოს საზოგადოებრივი პარლამენტიც“ შეიქმნა და „ჯავახკის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაც“ გამოქვეყნდა. ამასთან, ისიც ფაქტია, რომ „აჯანყება- რევოლუციებით“ ხელისუფლების გადაბარება და ტერიტორიების დაკარგავა, ფაქტობრივად, ორივეჯერ „ივანოვების“ ჩარევით მოხდა... შესაბამისად, სამშობლოში შემორჩენილი ქართველების მორიგი დაპირისპირება („პოლარიზაცია“) ისევ „ვიღაც მესამის“ ინტერესებშია და ქართული სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად, ფაქტობრივად, ისევ მხოლოდ უფლის იმედი უნდა გვქონდეს...
მართლაც, იმ ვითარებაში, როდესაც აშშ-სა და რუსეთის მესვეურებმა (ფაქტობრივად, იმპერატორებმა...) გამოძებნეს საერთო ენა, ნატოს დაშლასა და „ანგლო-საქსური კავშირის“ ფორმირების თაობაზეც ვრცელდება ინფორმაცია, ხოლო ევროკავშირში გაწევრიანების იმედით, ქართველები უარს ვამბობთ მეზობელ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე, მიუხედავად იმისა, რომ „3+3“ ფორმატში არც აფსუა-აფხაზებს უძახიან და არც ოსებს, მაინტერესებს, საქართველოს ტერიტორიაზე, თუნდაც რომელიმე მეზობელმა რომ დაგეგმოს „სპეცოპერაცია“, ნატოს ჯარი დაგვიცავს თუ ევროკავშირის ქვეყნები მოგვამარაგებენ იარაღით?!
ძალიან მინდა, საქართველო ევროპული ტიპის სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს, მაგრამ რომელ „ევროპაში დაბრუნებაზე“ გვაქვს პრეტენზია, როდესაც მესამედი საუკუნის განმავლობაში დამოუკიდებელი სასამართლო ვერ შევქმენით (არადა, სამართლებრივი რეფორმა ამერიკელების ზედამხედველობით განვახორციელეთ...), ხოლო მძღოლებს ისევ კომუნისტების მიერ, 1984 წელს მიღებული, ნამდვილად „რუსული კოდექსით“ ვაჯარიმებთ...
აქედან გამომდინარე, ქართული სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, პირველ რიგში, საზოგადოებაში მყარად ფესვგადგმული სამართლებრივი ნიჰილიზმის აღმოფხვრა, „პოლარიზებული“ მოქალაქეების ეროვნული იდეის გარშემო გაერთიანება და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების თაობაზე გონივრული გადაწყვეტილების მიღებაა აუცილებელი.
ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი