
პენტაგონის მიერ ირანში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში თეირანი ისრაელს და ახლო აღმოსავლეთში ამერიკის შეერთებული შტატების ბაზებს დაარტყამს - ოფიციალური თეირანის ეს მუქარა, მეჯლისში, საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა გაახმოვანა. პარალელურად მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის არმია სამხედრო მზადყოფნის რეჟიმზეა გადასული.
"მტერი არ გაჩერებულა და დაიწყო ტერორისტული ომი ქვეყანაში, მათ ეს წინასწარ ჰქონდათ მომზადებული , გამარჯვება უნდოდათ მაგრამ ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. აშშ-ის ილუზიებში მყოფი პრეზიდენტისთვის რჩევა მაქვს - ფრთხილად იყავით, რადგან რჩევები, რომლებსაც იღებთ ირანზე თავდასხმის შესახებ იმავე ადამიანებისგან მოდის, რომლებიც გეუბნებოდნენ, რომ მეშჰადი დაეცა. ამიტომ, გათვლებში რომ არ შეცდეთ, იცოდეთ, ირანზე თავდასხმის შემთხვევაში, ოკუპირებული ტერიტორიები, ისევე როგორც რეგიონში აშშ-ის სამხედრო ბაზები, ჩვენი ლეგიტიმური სამიზნე იქნება.
ირანში შემოჭრის თქვენგან გაკეთებული ყველა მკაფიო აღიარების ფონზე, ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ სიტყვიერი რეაგირებით, საფრთხეზე საპასუხოდ ჩვენ ვიმოქმედებთ, სინანული გვიანი იქნება", - განაცხადა ირანის პარლამენტის სპიკერმა მუჰამედ ბაყერ ყალიბაფმა.