რეზონანსი
11.01.2026

შეტაკებები, ცეცხლსასროლი იარაღი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ და ასობით დაღუპული - ირანი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ქვეყანაში ვითარება ყოველდღიურად იძაბება. პროტესტმა უკვე ყველა ქალაქი და რეგიონი მოიცვა. როგორც მედია წერს, საავადმყოფოები და პროზექტურები გადავსებულია. გადამწვარია ასეულობით შენობა და ძირითადად სამთავრობო ობიექტები.

ვაშინტონის კიდევ ერთ გაფრთხილებას თეირანი ისევ მუქარით პასუხობს - თუ ამერიკა ირანს დაარტყამს, თავად ირანის სამიზნე გახდება ამერიკული ბაზები ახლო აღმოსავლეთში. პარალელურად მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სამუშაო მაგიდაზე დევს მოქმედების რამდენიმე სტრატეგიულიო სცენარი, მათ შორის, განიხილება ირანის სამხედრო ინფრასტრუტურის განადგურება.

კადრებში, რომელიც თეირანის სამხრეთით, კაჰრიზაკის რაიონში მდებარე სასამართლო ექსპერტიზის კლინიკაშია გადაღებული, ჩანს, რომ აქციაზე დახვრეტილი დემონსტრანტების ამოცნობას ადგილზე მისული ოჯახის წევრები და ნათესავები ცდილობენ.

მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მოკლულთა რაოდენობის გამო, თეირანის პროზექტურებში ადგილები აღარ დარჩა, ხელისუფლება კი დაღუპულების ახლობლებს ცხედრების სანაცვლოდ თანხას სთხოვს. სახელდება ციფრიც, დაახლოებით 7 000 დოლარი.

კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით ირანში მიმდინარე ვითარებას აფასებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი. გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, რომ ""რეჟიმმა საპროტესტო აქციების ძალისმიერი ჩახშობის დროს ასობით მომიტინგე მოკლა და ასობით დაჭრა.""

ირანში ანტისამთავრობო პროტესტი და მასობრივი არეულობის მეთხუითმეტე დღეა - ქვეყნის 31-ივე პროვინციაში, 180-ზე მეტ ქალაქში მილიონობით დემონსტრანტი ქუჩაში პროტესტს აგრძელებს. დემონსტრანტები წვავენ და ანადგურებენ სამთავრობო შენობებს, მედიის მონაცემებით, რამდენიმე ქალაქში - თეირანში, რეშ-თში, მაშ-ჰადში, ისპაჰანში, თავრიზში და შირაზში გადამწვარია ასობით ობიექტი.

უმსხვილეს ქალაქებში გასული ღამეც უკიდურესად დაძაბული იყო. გამოსვლები შეტაკებებში გადაიზარდა. მედიის მონაცემებით, დემონსტრაციების დაშლისას, კალაშნიკოვთან ერთად, ძალოვანები იყენებენ სანადირო თოფებსაც. მედიკოსების შეფასებით, სპეცრაზმი ადამიანებს სახეში საფანტს მიზანმიმართულად ესვრის. მხედველობა უკვე დაკარგა ასეულობით მომიტინგემ.

მიმდინარე არეულობის მოწყობაში ამერიკის შეერთებულ შტატებს და ისრაელს ადანაშალუებს ირანის პრეზიდენტი. მასუდ ფეზე-შქი-ანი აცხადებს, რომ ირანის მტრები ქვეყანაში ქაოსის და არეულობის დათესვას ცდილობენ.

თუ პენტაგონი ირანში სამხედრო ოპერაციას დაიწყებს, თეირანი ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ ბაზებს დაარტყამს. ოფიციალური თეირანის ეს მუქარა მეჯლისში, საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა გაახმოვანა.

ირანელ დემონსტრანტებს მხარდაჭერა აღუთქვა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. ""თრუს სოუშალის"" გვერდზე დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ ირანი თავისუფლებისთვის იბრძვის, შტატები კი დასახმარებლად მზადაა.

""ნიუ იორკ თაიმსის"" ცნობით, ტრამპს ირანზე სამხედრო იერიშების რამდენიმე ვარიანტი უკვე წარუდგინეს. როგორც გამოცემა წერს, დარტყმების სცენარი მოიცავს თეირანში სამხედრო ობიექტების დაბომბვას.

ირანის ყოფილი შაჰის შვილი, რეზა ფეჰლევი ირანის მოქალაქეებს აქციების გაგრძელებისკენ მოუწოდებს და კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ შტატები დახმარებისთვის მზადაა.

ირანში დემონსტრაციები 14 დღის წინ, ვალუტის გაუფასურების და ინფლაციის ფონზე დაიწყო. მოქალაქეები ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლას, მთავრობის და სულიერი ლიდერის ალი ხამენეის გადაყენებას ითხოვენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×