
"ქართული ოცნება" ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად თავს არიდებს აშშ-ს ხელისუფლების მისამართით მკვეთრ განცხადებებს, თუმცა, ამავე დროს ევროკავშირს და ევრობიუროკრატიას განსაკუთრებით აკრიტიკებს. ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, "საქართველოს სიფრთხილე მართებს", ნაწილი კი ამბობს, რომ "ოცნება" ბოლო მოვლენების ფონზე, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან დუმილს ამჯობინებს, რომ არ დაწვას საბოლოოდ ხიდები და "კიდევ იზოლაციაში არ აღმოჩნდეს".
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა დღეს არაპროფესიონალიზმის სიმბოლოა.
"თავიდანვე ცხადი იყო, რა შედეგამდე მივიდოდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, როდესაც მის უმაღლეს საგარეო წარმომადგენლად დაინიშნა პრემიერი, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრი, საერთაშორისო სამართლის დარღვევით, სხვა ქვეყანაში რადიკალების ანტისამთავრობო მიტინგზე სიტყვით გამოდის.
"ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა დღეს არაპროფესიონალიზმის სიმბოლოა და სულ უფრო შორდება ევროპელი ხალხების ინტერესებს", - წერს პაპუაშვილი.
"საქართველოს დიდი სიფრთხილე მართებს"
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე "რეზონანსს" ეუბნება, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველოს ხელისუფლებას და ზოგადად სახელმწიფოს დიდი სიფრთხილე მართებს, მათ შორის განცხადებებთან მიმართებაში.
"დღეს მსოფლიოში ისეთი პოლიტიკური ვითარება და ისეთი პროცესებია, რომ საქართველოს დიდი სიფრთხილე მართებს, რომელსაც ერთის მხრივ გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, მაგრამ მეორეს მხრივ საქართველო ისეთი ზე სახელმწიფო არაა, რომ სხვას თავისი დღის წესრიგი უკარნახოს, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო.
- "მომხრე ვარ ძალიან, რომ ზედმეტი განცხადება, განცხადება განცხადების გულისთვის არ უნდა კეთდებოდეს და ასეცაა, ამას ჩვენ მეტ-ნაკლებად ვხედავთ.
"დღეს საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკასთან დაკავშირებით რა განცხადება უნდა გააკეთოს, მე ამის საჭიროებას ვერ ვხედავ და მეც გავჩუმდებოდი იმიტომ, რომ ასეთი შეხება არ არის და არც ზიანი ისეთი არ მოდის.
ბოლო დროს ამერიკის საელჩოსგან ყოფილა რაიმე პროვოკაციული განცხადება, რომელიც ჩვენი სუვერენიტეტის წინააღმდეგაა მიმართული? არ ყოფილა! კარგად გვახსოვს ბაიდენის დროს რა ხდებოდა და დეგნანი და მისი შემცვლელიც რას აკეთებდა, ახლა ეს არაა.
"რაც შეეხება ევროპას, აი იქ კი არ ჩერდებიან. ევროპაში ბევრი არა, მაგრამ არიან ადამიანები, როგორც ევროპარლამენტში, ისე ბრიუსელის ბიუროკრატიაში, რომ საქართველოს ცუდი გაგებით თავს არ ანებებენ. ცილისწამების ნიაღვარი, ბრალდებები არ წყდება, რომელიც სრულიად უსამართლოა, თუნდაც ის, სრული აბსურდი როგორ აიტაცეს, რომ თურმე აქ პირველი მსოფლიო ომში გამოყენებული გაზებით მოსახლეობა. ეს მაშინ, როცა არცერთი ფაქტი არ არსებობს მოწამვლის მხრივ.
"აქ პასუხი და მკვეთრი ხაზის გატარებაა საჭირო, როგორც ქვეყნის შიგნით, რომ ამას ჩვენი მოსახლეობა ხედავდეს, ისე ევროპაშიც უნდა იცოდნენ, რომ ის, რასაც კომისარი ბორელი ამბობდა, რომ პროფესორი რომ მოწაფეს დავალებას მისცემს, ის პროფესორის არ უნდა აკრიტიკებდეს - უნდა წავიდეს და შეასრულოს. კიდევაც მიიღო საკადრისი პასუხი, მხოლოდ იმას გავაკეთებთ, რაც სახელმწიფოსთვის სასარგებლოა. ისინი კი ნამდვილად საზიანო რაღაცეებს ითხოვდნენ",- განაცხადა მან.
მამრაძის თქმით, საქართველოდან დუმილი რამდენ ხანსაც საჭიროა იმდენ ხანს უნდა გაგრძელდეს.
"რამდენიც საჭიროა იმდენ ხანს, რაც ეროვნულ ინტერესებს დასჭირდება და ეს ჩვენზე დამოკიდებული არაა. 2028 წლის ნოემბერში იქნება არჩევნები, რის შემდეგ უკვე ტრამპი პრეზიდენტი და აშშ-ს პოლიტიკის ბოლო რამდენიმე ათეული წელი ძალიანაა დამოკიდებული იმაზე, რომელი პარტია მოვა სათავეში, რაც ადრე არ ყოფილა. საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ორპარტიული კონსენსუსი პრაქტიკულად აღარ არსებობს, ამიტომ ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ და ვნახოთ რა და როგორ იქნება",- განაცხადა მამრაძემ.
"ტრამპის ადმინისტრაცია "ოცნებისთვის" სახიფათო გახდა"
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ბოლო მოვლენების ფონზე, აშშ და ტრამპის ადმინისტრაცია მმართველი პარტიისთვის სახიფათო გახდა და ამიტომაც დუმილს ამჯობინებს.
- "ამერიკა და ტრამპის ადმინისტრაცია "ქართული ოცნებისთვის" გარკვეულწილად სახიფათო გახდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ვენესუელაში ოპერაცია განხორციელდა, რა პროცესებიც ახლა ირანში მიდის. "ოცნებას" იმის ეშინია, რომ ასეთ ვითარებაში, ჯერ ისედაც იზოლირებულია და მან შეიძლება კიდევ უფრო მეტი იზოლაცია მიიღოს.
"შესაძლოა "ქართული ოცნება" არც იმას გამორიცხავდეს, რომ ვენესუელას რაღაც მოდელი და მოდიფიკაცია საქართველოშიც განმეორდეს, თუ ეს საჭირო გახდება. ვენესუელას პრობლემის შემდეგ, აშშ-მა საკმაოდ ხისტი ნაბიჯები გადადგა - დააპატიმრა რუსული დროშის ქვეშ მცურავი ორი ტანკერი, დღეს ირანზეა ლაპარაკი, ამიტომ "ოცნება" ამ პროცესებს აკვირდება და ურჩევნია, რომ ჯერჯერობით ამერიკის კრიტიკისგან თავი შეიკავიოს.
"ევროპა კი აგერაა, მით უმეტეს, ევროპის მიმართ რუსეთის ხელმძღვანელობის მხრიდან, მედვედევისგან ნეგატიური კი არა, შეიძლება ითქვას უზრდელური განცხადებებიც კი კეთდება. ამიტომაც "ოცნებას" ურჩევნია, რომ საიდანაც ჯერჯერობით არანაირი პირდაპირი ხიფათი არ მოდის, ისევ ევროპაზე გააკეთოს აქცენტი. ერთის მხრივ განაცხადია, რომ "ოცნება" ანტიდასავლურ პოლიტიკას ინარჩუნებს, თუმცა, ცდილობს, რომ იგივე ამერიკასთან საბოლოოდ არ დაწვას ხიდები და საერთოდ იზოლაციაში არ აღმოჩნდეს",- განაცხადა ძაბირაძემ.