თამთა ჩაჩანიძე
12.01.2026

ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი, ის ბრალის აღიარებისთანავე სასამართო დარბაზშივე დააკავეს. მანამდე საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა - სასჯელის სახით 5-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, დაეკისრა 1-მილიონიანი ჯარიმა, ამასთან ჩამოერთვა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული დაახლოებით 6.5 მლნ დოლარის ოდენობის თანხა.

12 დეკემბერს საქალაქო სასამართლოში ღარიბაშვილის სასამართლო მედიისთვის სრულიად მოულოდნელად ჩაინიშნა. ღარიბაშვილის ადვოკატის მიხეილ შაყულაშვილის განმარტებით, ჯერ პროკურატურაში დილის 10:00 საათზე გაფორმდა ოქმები, 15:00 საათზე კი სასამართლოში დაიბარეს.

მანამდე გათვალისწინებული გეგმის მიხედვით, ღარიბაშვილის საქმის განხილვა 12 თებერვალს იყო ჩანიშნული, თუმცა, მოულოდნელად ერთი თვით გადმოსწიეს.

"ოცნებაში" "პირად ტრაგედიად" მიიჩნევენ ღარიბაშვილის დაკავებას, თუმცა აღიარებას მიესალმებიან. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ პოლიტიკურ გუნდს პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აეღო, რომელიც ღარიბაშვილს თავის დროზე "ტაშს უკრავდა".

პროკურატურის განცხადება

პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ღარიბაშვილი დანაშაულს აღიარებს.

"საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

"მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით. მას ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა.

 

  • "ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ეთანხმება საპროცესო შეთანხმების პირობებს. პროკურატურის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების თაობაზე, სასამართლომ უკვე დააკმაყოფილა".

ღარიბაშვილის ადვოკატი

 

მიხეილ შაყულაშვილის თქმით, სასამართლოზე იყო პროკურორიც, მოსამარღლეც, ადვოკატიც და ბრალდებულიც.

„პროცესზე მოსამართლემ ჰკითხა, როგორც ყველა ბრალდებულს, რომ აღიარებდა თუ არა მის მიმართ წარდგენილ ბრალს, რაზედაც ბატონმა ირაკლიმ უპასუხა, რომ კი ბატონო, აღიარებდა მის მიმართ წარდგენილ ბრალს.

"დილის 10:00 საათზე პროკურატურაში დავიწყეთ მუშაობა, გავაფორმეთ ოქმები, ამის შემდეგ, საჭიროა, რომ ის ოქმები, საქმე შეკერო, წამოიღო, კანცელარიას დაეწეროს, ვიღაცა მოსამართლეს დაეწეროს და შესაბამისად, 15:00 საათზე უკვე მოსავლელად და განსახილველად დაგვიბარეს. შესაბამის საათზე და დროზე მოვედით. დარბაზის ნომრისთვის ნამდვილად არ შემიხედავს, რომელ დარბაზში შევედი და გამოვედი. ადგილზე იყო პროკურორიც, მოსამართლეც, ადვოკატიც და ბრალდებულიც. კი ბატონო, დარბაზშივე დააკავეს და ამჟამად, სავარაუდოდ არის სასჯელაღსრულების დაწესებულების გზაზე"- განაცხადა შაყულაშვილმა.

შაყულაშვილი ადასტურებს, რომ ღარიბაშვილს წაართვეს ავტომობილები და სახლიდან ამოღებული ე.წ. ფლეშკები და 6.5 მილიონი დოლარი, ღვინის ქარხანა კი არ ჩამოერთმევა.

"ირაკლი ღარიბაშვილს არავისთვის არც მიუცია, არც აპირებს და არც მომავალში დააპირებს ვინმეზე ჩვენების მიცემას. ითანამშრომლა საკუთარ თავზე. ამ ეტაპზე არავის არაფერი არ უსაუბრია, ან ახალ ბრალზე, ან ძველ ბრალზე, ან იმაზე, ან ამაზე. წაუყენეს ბრალდება ე.წ. ფულის გათეთრებაში, ამ ადამიანმა აღიარა დანაშაული, წავიდა ციხეში, დაადეს ჯარიმა, წაართვეს მანქანები და ამ შემთხვევაში, ამ ეტაპზე გზაშია, რომ მივიდეს რუსთავამდე თუ სადაც მიჰყავთ, ციხემდე.

"ჩვენი მხრიდან გამოძიებას წარვუდგინეთ საბანკო მიზნობრივი ხელშეკრულებები სესხის, ერთი სესხი იყო ის, რომ შეეძინათ მიწა და აეშენებინათ ქარხანა. მეორე სესხი იყო ის, რომ შეეტანათ აპარატურა და ეს აპარატურა გაემართათ და ემუშავათ. დღემდე მიდის ამის დაფარვა ყოველთვიურად, მიზნობრივად. არ ჩამოერთმევა [ქარხანა] იმიტომ, რომ ბრალის ფორმულირებაც კი გაკეთდა იმის გამო, რომ რეალურად შეძენილი ჰქონდა ამ ადამიანს. ამასთან, ის ოქროები და საათები და ა.შ ნივთები, არცერთი ირაკლი ღარიბაშვილის არ ყოფილა.

 

  • "მისი სახლიდან იყო ამოღებული ე.წ. ფლეშკები და მსგავსი რაღაცები და 6.5. მლნ დოლარი, რომელიც ასევე ჩამოერთვა და მიემართა სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

"იმიტომ არ არის სამოხელეო დანაშაული, რომ მის სამსახურებრივ საქმიანობასთან ქარხნის ფუნქციონირება, აწყობა, რემონტი და ა.შ. არ არის დაკავშირებული. მე ვმუშაობ, პრემიერ ვარ, მაგრამ მაქვს ბიზნესი, ცალკე, რომელსაც არ ვარეგისტრირებ და ამიტომაც მივიღე სასჯელი. ისეთი მუხლი აქვს წარდგენილი, რომ ჩვენება საერთოდ არ არის საჭირო. არის საგადასახადო ამონაწერები, სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული დოკუმენტაცია. იქ წერია, რა გადაიხადა, რა აქვს და რა არ აქვს",- განაცხადა შაყულაშვილმა.

შეფასებები

პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის შეფასებით, მისთვის ღარიბაშვილის დაკავება პირადი ტრაგედიაა, თუმცა, აღიარება მისასალმებელია.

"ძალიან ძნელია. დიდი ხანია ეს პროცესი გრძელდება. ჩემი დამოკიდებულება პირადად ირაკლის, მისი ოჯახის მიმართ ყოველთვის იყო თბილი, მეგობრული. საქმიანი ურთიერთობა ძალიან ბევრი მქონია, ბევრი პოზიტიური განვითარება მახსოვს და რასაკვირველია, ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა. საერთოდ, გუნდისთვის ტრაგედიაა.

იგივე ბიძინა ივანიშვილისთვის ძალიან რთული წარმოსადგენი იყო, რომ ადამიანი, რომელიც შენს გუნდში იყო, ყოველთვის მყარად იდგა თავის პოზიციაზე, გადადგამდა ისეთ ნაბიჯს, რომელიც იმ პრინციპებს უპირისპირდება, რითაც დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში. არაერთხელ გააფრთხილა ყველა. მისასალმებელია აღიარება, მაგრამ თავად დანაშაული არის ძალიან მძიმე," - განაცხადა ვოლსკიმ.

სად არის იმ პოლიტიკური გუნდის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი ან ელემენტარული ბოდიში, ვინც ეს ადამიანები უმაღლეს თანამდებობაზე აირჩია და ტაშს უკრავდა?! - ეს ხალხი არანაირ კორუფციას არ ებრძვის, ეს არის ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლა, კორუფციის სახელით!" - აცხადებს „ლელო-ძლიერი საქართველოს" წევრი ლევან სამუშია.

"საქართველოს ჰყავდა მინისტრები და მინისტრის მოადგილეები, რომლებიც მსჯავრდებული არიან კორუფციულ საქმიანობაში.

საქართველოში საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა კი ყოველდღიურად გადარჩენისთვის იბრძვის. ასევე არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ამ აღვირახსნილი კორუფციისა და თანხების მითვისების გამო საქართველოდან გაიქცნენ ან გაქცევას აპირებენ.

"ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აღებული არა აქვს პოლიტიკურ გუნდს, რომელიც მათ ტაშს უკრავდა მაშინ, როდესაც ჩვენ - „ლელო - ძლიერი საქართველო" სავარაუდო კორუფციულ ფაქტებზე ვსაუბრობდით. ჩვენ მაშინ გვეუბნებოდნენ, რომ ვიყავით მატყუარები და სიცრუის გამავრცელებლები", - განაცხადა სამუშიამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×