საცობების პრობლემა, თბილისისა და ბათუმის გარდა, სხვა ქალაქებშიც გაჩნდა
ქეთო გოგოხია
12.01.2026

საცობების პრობლემა თბილისსა და ბათუმს გასცდა. ყველა დიდ ქალაქში გზებზე გადატვირთულობის გამო მოძრაობა მკვეთრად შეზღუდულია, სადღესასწაულო პერიოდებში კი, ფაქტობრივად, პარალიზებულია. ეს ეხება ავტომაგისტრალებსაც, სადაც  შაბათ-კვირას მოქალაქეებისთვის  მგზავრობა 2-3 საათით და მეტითაც, ხანგრძლივდება. საცობები უკვე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქუთაისში, რუსთავში, გორში, ზუგდიდშიც კი. ეს ზოგადად ცხოვრების წესზე ცუდ გავლენას ახდენს და საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას, ვინაიდან  ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად სწორედ გაუვალი ქუჩები მიიჩნევა. 

როგორც სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტები და ურბანისტები აცხადებენ, ქალაქების გამატრუნარიანობა ეცემა და ამას კომპლექსური მიდგომა სჭირდება. ამაზე თუ დროული ყურადღება არ გამახვილდა, რამდენიმე გაუვალი ქალაქი გვექნება ქვეყანაში. 

პრობლემას, ძირითადად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის ზრდა ქმნის და არა მშენებლობა, რომელიც თავის მხრივ ზომების წინასწარ მიღებას მოითხოვს და სწორი დაგეგმარებით საკითხის მოგვარება შესაძლებელია.

აღნიშნულთან დაკავშირებით ,,ბიზნეს-რეზონანსთან“  ინჟინერ-მშენებელი, ურბანისტი გიორგი შვანგირაძემ ისაუბრა. მისი შეფასებით, საცობის იმთავრესი  პრობლემა ინფრასტრქუტურის გაუმართაობაა. შესაბამისად, იგი პრობლემის მოგვარების მთავარ გზად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მიიჩნევს, განსაკუთრებით კი ხიდებისა და ესტაკატების მშენებლობას, რაც გზებზე დატვირთვას საგრძნობლად შეამსუბუქებს. 

,,საცობები დიდი ქალაქებისთვის სერიოზული პრობლემაა და მარტივად ვერ მოგვარდება. მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული სამუშაოების სწრაფი ჩატარება, რასაც კომპლექსური მიდგომა სჭირდება. ვფიქრობ, გამოსავალი არის  ხიდები და ესტაკატები. ისეთ უბნებში კი, სადაც მშენებლობა სიმაღლეში არ არის წასული, შეიძლება გზები გაფართოვდეს. ცენტრალური ქუჩებს, რომელიც უკვე მოწყობილი და რეაბილიტირებულია, პრაქტიკულად, არაფერი ეშველება, მაგრამ ესტაკატები შედარებით განტვირთავს. 

საცობები მარტო თბილისის პრობლემა აღარ არის, ანალოგიური სიტუაციაა ქუთაისში,  რუსთავში, გორსა და ზუგდიდშიც კი, სადაც  ავტომობილების სიჭარბე შესამჩნევია. ადგილობრივმა მერიამ, რომლებიც სამუშაო ნებართვებს გასცემენ, უნდა დაიწყონ მზადება, რომ  მშენებლობის დაწყებამდე ჩატარდეს საგზაო სამუშაოები - სადაც შესაძლებელია, გზა გაფართოვდეს, მიწის ზედა და ქვედა გადასასვლელები მოეწყოს და სხვა. თბილისში ახლა ამის გაკეთება შეუძლებელია, ერთი დღითაც რომ გადაკეტო პარალიზებული ხდება ქალაქი, მაგრამ პატარა ქალაქებში მსგავსი სამუშაოების ჩატარება დროული იქნება“, - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" გიორგი შვანგირაძემ.

მან ჩქაროსნულ მაგისტრალზე შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა გამოსავალზე, რამაც შეიძლება საცობების საკითხი გარკვეულ ლოკაციებზე მოაგვაროს, თუკი სწორი მიდგომა იქნება. 

,,ჩქაროსნულ მაგისტრალზე დიდთოვლობის გამო სულ ახლახან დიდი პრობლემა შეიქმნა. კერძოდ, რიკოთის უღეტეხილზე და ამას ვერანაირი ინფრასტრუქტურა ვერ უზრუნველყოფს. როგორც კი იწყება  თოვა, ორი მანქანა მაინც უნდა მუშაობდეს, რომ ყოველ საათში ერთხელ იწმინდებოდეს გზა. კლიმატი შეიცვალა და ერთბაშად დიდი რაოდენობით მოდის ნალექი, ადრე ასე არ იყო. 

თბილისის გასასვლელში არის ასევე დიდი პრობლემა საცობების გამო, გზისპირა რესტორნები ამ მხრივ დიდი დაბრკოლებაა. მაგისტრალთან, სადაც კვების ობიექტებია ხშირად ქაოსური სიტუაციაა, ერთი მანქანაც რომ უხვევს, უკან მომავალი ტრანსპორტისთვის უკვე დაბრკოლებაა. თავიდან უნდა დაწესდეს შეზღუდვები და მშენებლობა სწორად დაიგეგმოს. განსაკუთრებით ეს ხდება მაცხეთასთან მაგისტრალზე, სადაც რესტორნები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. აქაც არასწორი დაგეგმარება ქმნის პრობლემას, პირობითად 15 მეტრის შიგნით რომ იყვნენ განთავსებული, მათ წინ დიდი საპარკინგე ადგილი იქნება და ასევე მაგისტრალზე მესამე ზოლი მოეწყობოდა მანქანებისთვის, რაც  სრულად აღმოფხვრის პრობლემას. 

გარდა ამისა, პრობლემური კვანძებში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი სწრაფად ვერ გადაადგილდება, საჭიროა დერეფნების დამატება, რაზეც მერია წლების წინ საუბრობდა. ამან შესაძლებელია, მომავალში ქალაქის გადატვირთულობა შეამციროს. თუ ამ მიმართულებით არ გავაქტიურდებით, მომავალში კოლაფსი გარდაუვალი იქნება", - აღნიშნა გიორგი შვანგირაძემ  ,,რეზონანსთან" საუბრისას.

ის რომ, ქალაქი საცობებისაგან გათავისუფლდეს, ამისათვის სპეციალური ღონისძიებების გატარება აუცილებელია. მოძრაობა ,,ჩემი ქალაქი მკლავს" დამფუძნებლის გიორგი ჯაფარიძის შეფასებით, გარდა იმისა, რომ საცობები გზებზე გადაადგილების პრობლემას ქმნის, გამონაბოლქვის ერთ-ერთი წყაროა, აბინძურებს ჰაერს და დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

,,დღეს, ფაქტობრივად, არც ერთ დიდ ქალაქში არ არსებობს ქუჩა და უბანი, სატრანსპორტო კვანძი, სადაც მარტივად მოძრაობა შესაძლებელია, განსაკუთრებით პიკის საათებში. წლებია, ქაოსურად მიდის სატრანპორტო პოლიტიკა და პრობლემა წლობით ვერ გვარდება. ჩვენ სერიოზული პრობლემის წინაშე ვართ, რაც პირდაპირ კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობასთან, რადგან რიგი ობიექტები, მათ შორის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები, თავიანთ დანიშნულებას სათანდოდ ვერ ასრულებენ სწორედ საცობების გამო. 

ცალკე პრობლემაა ეკოლოგია, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობას დიდ ზიანს აყენებს. საცობი არ არის მხოლოდ დისკომფორტი, ჰაერი ბინძურდება, განსაკუთრებით მაღალია დაბინძურების დონე გზაჯვარედინებზე. ავტოტრასპორტი ყველა დიდი თუ ქალაქის მთავარი დამბინძურებელია.

აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება მოხდეს. ადგილები, სადაც უკვე მასობრივი განაშენიანებაა, მშენებლობის ნებართვა აღარ გაიცეს. ასევე, განვითარდეს მეტროს ხაზი, რადგან ის მგზავრთა ნაკადის გადაყვანის ყველაზე სწრაფი საშულებაა. ასევე ტრამვაი, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია. მიმაჩნია, რომ  მტკვარი უნდა ავითვისოთ, ამაზე საუბარი უნდა დაიწყოს. 

რეალურად საცობების კუთხით თბილისსა და ყველა დიდ ქალაქში პრობლემაა და ზომები დროულად არის მისაღები. უკვე ქვეყნის 5-6 ქალაქი საცობების პრობლების წინაშე დგას", - განუცხადა,,ბიზნეს-რეზონანსს" გიორგი ჯაფარიძემ.

ცალკე პრობლემას ქმნის ისიც, რომ მოსახლეობა საცობებში დიდ დროს და რესურსს ხარჯავს. სტატისტიკოსების გათვლით, საშუალოდ 100 კმ-ზე ავტომობილი მოიხმარს 8 ლიტრ საწვავს, თუმცა მანქანის მოდელის მიხედვით ეს რაოდენობა შესაძლოა, ბევრად მეტიც იყოს.

მთლიანობაში, წლიური ზარალი, რასაც მოსახლეობა განიცდის საცობების გამო, 1 მილიარდ ლარს აღწევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×