რეზონანსი
13.01.2026

POLITICO-ს ინფორმაციით, გერმანია და ნიდერლანდები, საფრანგეთს უპირისპირდებიან უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობით გამოყოფილი სესხით ამერიკული იარაღის შეძენასთან დაკავშირებით.

როგორც გამოცემა წერს, ქვეყნების უმრავლესობა ეწინააღმდეგება პარიზის მცდელობას, უკრაინის ხარჯები მხოლოდ ევროკავშირის თავდაცვით კომპანიებზე შეიზღუდოს და მიიჩნევენ, რომ კიევს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყენებით აშშ-ისგან იარაღი შეიძინოს.

"ევროკავშირის ქვეყნებმა კიევისთვის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარება დეკემბერში, ევროპული საბჭოს სამიტზე დაამტკიცეს, თუმცა ოთხშაბათს ევროპული კომისიის მიერ წარდგენილი წინადადების შემდეგ, კიდევ მოუწევთ ამ დაფინანსების პირობებზე შეთანხმება. ეს ქმნის დაძაბული მოლაპარაკებების საფუძველს პარიზთან, რომელიც ტრანსატლანტიკურ ალიანსში მზარდი განხეთქილების ფონზე ვაშინგტონში თანხების ნაკადის გადინების თავიდან ასაცილებლად, ზომებს იღებს", - აღნიშნულია სტატიაში.

ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ცდილობს, უპირატესობა მიანიჭოს ევროკავშირის სამხედრო კომპანიებს, რათა გაძლიერდეს ბლოკის თავდაცვითი ინდუსტრია, თუნდაც ეს ნიშნავდეს, რომ კიევი დაუყოვნებლივ ვერ შეძლებს იმ იარაღის შეძენას, რომელიც რუსული ძალების შეკავებისთვის სჭირდება. ქვეყნების უმრავლესობა, ბერლინისა და ჰააგის მთავრობების ხელმძღვანელობით, პასუხობს, რომ კიევს მეტი თავისუფლება უნდა ჰქონდეს ევროკავშირის ფინანსური პაკეტის ხარჯვისას საკუთარი თავდაცვის დასაფინანსებლად - ამის შესახებ POLITICO-ს მიერ ნანახ პოზიციურ დოკუმენტებშია ნათქვამი.

ეს დაძაბულობა მწვერვალს აღწევს მრავალწლიანი დებატების შემდეგ იმ საკითხზე, უნდა ჩაერთოს თუ არა ვაშინგტონი ევროკავშირის თავდაცვითი შესყიდვების პროგრამებში. დაყოფა კიდევ უფრო გაღრმავდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გრენლანდიის სამხედრო გზით ხელში ჩაგდების მუქარა გააჟღერა.

კრიტიკოსები აცხადებენ, რომ საფრანგეთის მცდელობა მკაცრი "იყიდე ევროპული" (Buy European) დებულების შემოღების შესახებ, კიევს ხელებს შეუკრავს და შეზღუდავს მის შესაძლებლობას, თავი დაიცვას რუსეთისგან.

"უკრაინას ასევე გადაუდებლად სჭირდება მესამე ქვეყნების მიერ წარმოებული აღჭურვილობა, განსაკუთრებით აშშ-ში წარმოებული საჰაერო თავდაცვის სისტემები და ჩამომგდებები, F-16-ის საბრძოლო მასალა და სათადარიგო ნაწილები, ასევე შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობები", - წერს ნიდერლანდების მთავრობა ევროკავშირის სხვა ქვეყნებისთვის გაგზავნილ წერილში, რომელიც POLITICO-მაც იხილა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×