
სომხეთსა და რუსეთს შორის ვითარება იძაბება. რუსი პროპაგანდისტის ვლადიმირ სალავიოვის განცხადებას, რომ უკრაინის შემდეგ კიდევ ერთი ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაცია" სომხეთში უნდა ჩატარდეს, ნამდვილი დიპლომატიური სკანდალი მოყვა. რუსეთის ელჩს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საპროტესტო ნოტა გადასცეს.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს უფრო საინფორმაციო ომს ჰგავს და შესაძლოა კრემლი სომხეთში „ქართული სცენარის" განვითარებას გეგმავდეს. უფრო კონკრეტულად კი, ზაქარეიშვილი ამ ყველაფერს წელს ივნისში სომხეთში დაგეგმილ არჩევნებს უკავშირებს. მისი ვარაუდით, რუსულმა პროპაგანდამ შესაძლოა განავითაროს მოსაზრება, რომ თუ ამ არჩევნების შედეგად სომხეთის ხელისუფლებაში პრორუსული ძალები არ მოვლენ, ამას შესაძლოა რუსეთის ინტერვენცია მოყვეს.
ზაქარეიშვილს ეჭვი ეპარება, რომ რუსეთი რეალურად გეგმავდეს სამხედრო ოპერაციას სომხეთში, თუმცა, თუ მართლაც ასე მოხდა, მისი აზრით, ერთის მხრივ, ამ კონფლიქტში რეგიონის ქვეყნები და მათ შორის საქართველოც აღმოჩნდება ჩათრეული, მეორეს მხრივ კი პროცესებში ასევე აქტიურად ჩაერევა ნატო და პირველ რიგში თურქეთი.
აღსანიშნავია, რომ ამ დიპლომატიური სკანდალის პარალელურად სომხურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია სომხეთ-თურქეთის საზღვრიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანოს მოსალოდნელ დაჩქარებაზე.
ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ცნობით, ახურიკის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გადაცემის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და დროშის ბოძიც კი აღმართულია. ამჟამად თურქეთისკენ მიმავალი რკინიგზის ხაზის მდგომარეობის შეფასება მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ, სხვა წყაროების ცნობით, თურქულმა მხარემ მარგარას საკონტროლო-გამშვები პუნქტის მახლობლად მშენებლობა უკვე დაიწყო.
სომხური მედიის თანახმად, ერთი მხრივ, თურქული მხრიდან მშენებლობის დაწყება და, მეორე მხრივ, ახურიკის მოსალოდნელი გამოყენება საზღვრის უახლოეს მომავალში გახსნის სერიოზულ განზრახვაზე მიუთითებს.
სომხურ-რუსული დიპლომატიური სკანდალი
სომხეთში რუსეთის საელჩომ გამოცემა „ტასს" დაუდასტურა, რომ რუსეთის ელჩი სერგეი კოპირკინი სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მართლაც გამოიძახეს და რომ რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა ლავროვის უწყებას გადასცემს ერევნის საპროტესტო ნოტას რუსი ტელეწამყვანის ვლადიმერ სალავიოვის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.
„ნამდვილად ვადასტურებთ. ელჩი დაიბარეს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. მას საპროტესტო ნოტა გადაეცა. სომხური მხარის შეშფოთება სალოვიოვის განცხადებებთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაეცემა", - აცხადებს სომხეთში რუსეთის საელჩო.
როგორც სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა ანი ბადალიანმა განაცხადა, უწყებაში რუსეთის ელჩს უთხრეს, რომ სომხეთისთვის სალავიოვის განცხადებაში გაჟღერებული გზავნილები ქვეყნის სუვერენიტეტისა და რუსეთ-სომხეთის მეგობრული ურთიერთობების ძირითადი პრინციპების უხეში დარღვევაა.
„სომხეთში რუსეთის ელჩი დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში და გადაეცა საპროტესტო ნოტა, რომელშიც გამოთქმული იყო ღრმა აღშფოთება სახელმწიფო ტელევიზიით გაკეთებული განცხადებების გამო. ხაზგასმული იყო, რომ ეს წარმოადგენდა სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის მიუღებელ დარღვევას, მტრულ ქმედებას და სომხეთსა და რუსეთს შორის მეგობრული ურთიერთობების ფუნდამენტური პრინციპების უხეშ დარღვევას", - აღნიშნა ბადალიანმა.
მანამდე რუსმა პროპაგანდისტმა ვლადიმერ სალავიოვმა თავის საავტორო გადაცემა „სალავიოვ ლაივში" განაცხადა:
- „სომხეთის დაკარგვა რუსეთის ინტერესებში არ შედის და რუსეთმა სპეციალური სამხედრო ოპერაცია არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ რუსეთის გავლენის ზონაში არსებულ ტერიტორიებზეც უნდა ჩაატაროს, საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით".
რა მოჰყვება ურთიერთობის უკიდურეს გამწვავებას
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ივნისამდე რუსეთი სომხეთოს წინაარმდეგ არაფერს მოიმოქმედებს, მერე კი დიდია იმის ალბათობ, რომ არჩევნებში ჩარევა სცადოს.
„ივნისში სომხეთში არჩევნებია. მემგონი არჩევნებამდე არაფერი არ იქნება, თუმცა, არც არჩევნების შემდეგ ველოდები რაღაც სამხედრო ოპერაციას, რადგან არ აქვს შესაბამისი რესურსები რუსეთს - არ აქვს სომხეთთან საერთო საზღვარი და გიუმრიშიც ძალიან მცირერიცხოვანი ბაზა ჰყავს, რომელიც თურქეთზეა ორიენტირებული და არა სომხეთზე.
„გარდა ამისა, ვფიქრობ, ეს გამოიწვევს თურქეთის მკაფიო და ძალიან მკაცრ რეაქციას, ასევე რეაქციას ნატო-ს მხრიდან.
„თავის დროზე რუსეთს თურქეთის საზღვარზე ჰქონდა რამოდენიმე სამხედრო ლოკაცია - ბათუმში (ბაზა არ იყო, მაგრამ განლაგებულები იყვნენ), ახალციხის ბაზა, ასევე ქუთაისში არსებობდა რაღაც ძლიერი დაჯგუფება, ასევე სენაკის აეროპორტი, გურიაში მერიის აეროპორტი და ეს გიუმრის ბაზა - ეს ყველაფერი მთლიანად ორიენტირებული იყო თურქეთის წინააღმდეგ და ახლა მხოლოდ გიუმრი შერჩა. ამიტომ რუსეთმა ამ ტიპის ოპერაცია რომ წამოიწყოს, მთელ კავკასიას, მათ შორის საქართველოს ჩართავს და თურქეთსაც და ნატო-საც ხელ-ფეხი გახესნება, რათა ამ პროცესებში უკვე მკაფიო და მკაცრები იყვნენ.
„სალავიოვის ავადმყოფურ ფანტაზიებს ვერ გავყვები, მაგრამ რუსეთს თუ რამის გაფუჭება შეუძლია, ეს შეუძლია სომხეთის არჩევნებში. შარშან მოლდოვას წელი იყო, მოლდოვაში ეს არ გამოუვიდა, 2026 კი იქნება სომხეთის წელი. დსთ-ს ქვეყნები იქნება თუ პოსტსაბჭოთა ქვეყნები, ვუყურებთ სომხეთში როგორ ჩატარდება არჩევნები და რუსეთი რას მოიმოქმედებს.
„სომხეთში ეკლესია აშკარად პრორუსულია, სალავიოვმა ახლა ვითარება გაამძაფრა, ტემპერატურა ასწია და ომზე გადაიტანოს ყურადღება.
- „შეიძლება სომხურ საზოგადოებაშიც განავითარონ პოზიცია, რომ ოღონდ ომი ნუ იქნება და ჯანდაბას, ხმას მივცემ პრორუსულ ძალებს.
„არ მოველი, რომ რეალურად სამხედრო ოპერაცია იქნება, თუგინდ ლოკალური და ვიწრო. სამაგიეროდ ველი სერიოზულ შეტევას სარჩევნო დღის წესრიგზე და ყურადღების გადატანის გამო, შეიძლება ლაპარაკი იყოს „აბა, ომი გინდა?" და ეს ქართული ვარიანტი გაითამაშონ სომხეთში", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.