
ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსი, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მზია გარშაულიშვილმა მიიღო. თუმცა, მანამდე, მოსამართლემ ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც ელისაშვილმა მას „სახის შენარჩუნებისკენ“ მოუწოდა.
„ისეთ ციხეში ვზივარ, სადაც ქურდულ ტრადიციებს მისდევენ, საღამოობით საქმის გარჩევებია. პირველად მოვისმინე ქურდულ არგუმენტს რომ იშველიებს პროკურორი. პატიმრობის არგუმენტად იშველიებენ, რომ შეიძლება მივიმალო, ან ქვეყნიდან გავიქცე. პირველივე სხდომაზე ვთქვი, რომ პირველი მანდატური ძალიან ვაჟკაცი იყო და თქვენი სისტემისგან მოვითხოვ, პრემია მისცეთ. ასე კეთილსინდისიერად რომ მუშაობდნენ საჯარო მოხელეები ასეთი ქვეყანა არ გვექნებოდა. არანაირი პრეტენზია იმ სამ მანდატურთან არ მაქვს, კი მირტყამდნენ, მაგრამ მანამდე მეც ვურტყამდი. სამი მოწმეა მხოლოდ, პატივს ვცემ მათ, რა ზეწოლა უნდა მოვახდინო. თქვენთვის ეს საყურადღებო არაა? მაცადეთ საუბარი (მოსამართლეს), სულ ნუ ცდილობთ გამაწყვეტინოთ. მზად ვარ, პასპორტიც მოგცეთ, გირაოსაც გადავიხდი, გაქცევას არასად ვაპირებ. ქურდული ტრადიციების მიმდევარი ხალხისგან არ მომისმენია, ისეთ ქურდულ არგუმენტს აჟღერებს პროკურორი...
მამუკა მდინარაძე მყავს გულითადი გულშემატკივარი, მისი დავალებით წამიყვანეს იმ ციხეში. პატიმრის ბარათია, რომლითაც შეგიძლია ნივთები იყიდო, არის ნივთები, რომლის საკანში ქონაც არ შეიძლება, მიუხედავად იმისა, რომ არ მეკუთვნის ყოფნა, უფრო მეტი შეზღუდვა დამიწესეს, რომ მძიმე მდგომარეობაში ვყოფილიყავი, ეგონათ ტირილს დავიწყებდი და დედა მომენატრაო... ტელევიზორი ერთი თვის შემდეგ მომცეს, მაგრამ საზიზღარი არხებია იქ. ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც მარშებზე, აქციებზე დადის... (საახალწლოდ) ციხეში ზავი დადეს და ჩხუბი არ ყოფილა, იქნებ ოპოზიცია დაზავდეს და აღდგომამდე, არ იჩხუბონ, ამაზე დაზავდნენ. ბოლოს, ერთი რჩევა უნდა მოგცეთ[მოსამართლეს], სახე შეინარჩუნეთ ხოლმე, გასაგებია, რომ დავალება გაქვთ, მაგრამ ძალიან უხერხული საყურებელი ხართ“, - მიმართა მოსამართლეს ელისაშვილმა, რის შემდეგაც ის სხდომათა დარბაზიდან გააძევა.