ნატალია ჯვარიძე
13.01.2026

ირანში მიმდინარე პროცესებმა შესაძლოა მთლიანად რეგიონისა და მათ შორის საქართველოსთვისაც ახალი გამოწვევები გააჩინოს. საქართველოს შემტხვევაში ეს შეიძლება უკავშირდებოდეს ეროვნულ უსაფრთხოებსა და ეკონომიკურ სტაბილურობას. თუმცა, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ პროცესების გავლენა საქართველოზე მაინცდამაინც დიდი არ იქნება.

ამ კონტექსტში საინტერესოა აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ 25%-იანი სავაჭრო ტარიფები დაუწესოს იმ ქვეყნებს, რომლებსაც ირანთან ეკონომიკური ურთიერთობები აკავშირებთ.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტარიფი „დაუყოვნებლივ ამოქმედდა", თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმება ირანთან ბიზნეს ურთიერთობაში.

„ძალაში შედის დაუყოვნებლივ, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ბიზნეს ურთიერთობას აწარმოებს, ამერიკის შეერთებულ შტატებთან განხორციელებული ყველა საქმიანი ურთიერთობისთვის 25%-იან ტარიფს გადაიხდის", - აღნიშნა ტრამპმა.

„როიტერსი" წერს, რომ თეთრი სახლის ვებსაიტზე არ გამოქვეყნებულა ოფიციალური დოკუმენტაცია აღნიშნული პოლიტიკის შესახებ და არც ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა იურიდიულ უფლებამოსილებას გამოიყენებს ტრამპი ტარიფების დასაწესებლად, ან იქნება თუ არა ტარიფები მიმართული ირანის ყველა სავაჭრო პარტნიორის წინააღმდეგ.

გარდა ამისა, ვითარების გამწვავებასთან ერთად მოსალოდნელია, რომ ირანის მცხოვრებთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა ქვეყნის დატოვება სცადოს და მათი გარკვეული რაოდენობა საქართველოსკენ დაიძრას.

აშშ-ის ვირტუალური საელჩო ირანში მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ირანის ტერიტორია სახმელეთო გზით, სომხეთისა და თურქეთის გავლით, ხოლო ვინც ვერ ახერხებს ქვეყნიდან გამგზავრებას, თავი შეაფარონ უსაფრთხო ადგილებს და მოიმარაგონ საკვები, წყალი, მედიკამენტები და სხვა აუცილებელი ნივთები.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ირანში საპროტესტო აქციები ესკალაციას განიცდის და შესაძლოა, ძალადობრივ ფორმაში გადაიზარდოს, რამაც დაპატიმრებები და დაზიანებები გამოიწვიოს.

აღსანიშნავია ისისც, რომ საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლების ნაწილმა კვირას და ორშაბათს ირანი დატოვა. ამ ინფორმაციას დასავლური მედიასაშუალებები თავის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა კი პირდაპირ თქვა, რომ ეს ირანის რეჟიმისთვის ბოლო დღეები და კვირებია.

„თუ რეჟიმს ძალაუფლების შენარჩუნება მხოლოდ ძალის გამოყენებით შეუძლია, მაშინ ის ფაქტობრივად დასრულებულია. მჯერა, რომ ახლა რეჟიმის ბოლო დღეებსა და კვირებს ვხედავთ", - განაცხადა მერცმა.

„ცი-ბი-ეს ნიუსის" ინფორმაციით, ტრამპს ირანში გამოსაყენებელი ფარული და სამხედრო ინსტრუმენტების ფართო სპექტრის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

წყაროების ცნობით, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით დარტყმები კვლავაც აშშ-ის პოტენციური ინტერვენციის ერთ-ერთ ვარიანტად რჩება, თუმცა პენტაგონის წარმომადგენლებმა ასევე წარმოადგინეს კიბეროპერაციები და ფსიქოლოგიური კამპანიის რეაგირების ვარიანტები.

ამასთან, თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ ტრამპს ირანში სამხედრო ძალის გამოყენების არ ეშინია, მაგრამ დიპლომატია პირველი ვარიანტია.

„ვფიქრობ, ერთ-ერთი რამ, რაც პრეზიდენტ ტრამპს ძალიან კარგად გამოსდის, არის ის, რომ ყველა შესაძლებლობას ძალაში ტოვებს და ავიაიერიშები შესაძლოა ერთ-ერთი იყოს იმ მრავალი ვარიანტიდან, რომელიც განიხილება. პრეზიდენტისთვის დიპლომატია ყოველთვის პირველი ვარიანტია. პრეზიდენტმა აჩვენა, რომ მას სამხედრო ძალის გამოყენების არ ეშინია და ეს ირანზე კარგად არავინ იცის", - განაცხადა ლევიტმა.

მისი თქმით, აშშ-მა ირანისგან გზავნილები მიიღო და დონალდ ტრამპი „მათი შესწავლით დაინტერესებულია".

პროცესების გავლენა საქართველოზე

ანალიტიკოსი ნუკრი შოშიაშვილი ამბობს, რომ ირანის ამბებმა შესალოა საქართველოზეც მოახდინოს გავლენა, მაგრამ არა სერიოზული.

„სავარაუდოდ, ამ ეტაპზე ტრამპის მიერ დაწესებული 25%-იანი ტარიფები საქართველოზე გავლენას არ მოახდენს. ზოგადად, ეს პროცესები დაკავშირებულია იმასთან, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი საერთო წვრთნების ჩატარებას აპირებდნენ. ამიტომ ეს არის ამის პასუხი, რომ თუ ეს მოხდება, პრობლემები შეგექმნებათ. ჩემი აზრით, განცხადებებია მათთან მიმართებაში, ვიდრე ის, რომ ტარიფები საქართველოსნაირ ქვეყნებს დაუწესოს. საქართველოსაც დააკვირდებიან, მაგრამ რადგან ჩვენ ირანთან ინტენსიური ვაჭრობა არ გვაქვს, ამიტომ სავარაუდოდ, მკაცრი ზომები არ იქნება.

 

  • „დიდი ალბათობაა, რომ ირანიდან ლტოლვილები საქართველოსკენ დაიძრნენ. უბრალოდ ის მომენტია, რომ ისინი უფრო დასავლური ქვეყნებისკენ წავიდნენ, ვიდრე ჩვენსკენ.

მეორე, ჩვენთან ირანელების რაღაც რაოდენობა ახლაც არის, რაც იმ ქვეყნისთვის, რომელსაც მაინც და მაინც მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა არ აქვს, გამოწვევაა. თუმცა ვფიქრობ, იგივე მოხდება, რაც სირიაში. იგივე შიშები იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ევროპის ქვეყნებში წავიდნენ. დევნილები არც აღმოსავლეთ ევროპაში რჩებოდნენ და უფრო ჩრდილოეთით მიდიოდნენ. ასე რომ, რაღაც სერიოზული პრობლები ჩვენ ალბათ, არ გვექნება", - განაცხადა ნუკრი შოშიაშვილმა „რეზონანსთან".

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელის, ვახტანგ მაისაიას შეფასებით, ირანის მოვლენები საქართველოზე გარკვეულწილად იმოქმედებს.

„იქ საუბარია დიდ ვაჭრობაზე, რაც ჩვენ ირანთან მაინც და მაინც არ გაგვაჩნია. თუმცა გამორიცხული არ არის ირიბად ჩვენც მოვხვდეთ, მითუმეტეს, რომ ტრამპის ადმინიატრაციას „ოცნებასთან" კითხვები დაუგროვდა. ამიტომ შეიძლება ესეც გამოიყენონ დამატებით კომპონენტად.„ჯერჯერობით საქართველო არ დგას იმ საფრთხის წინაშე, რომ ირანიდან უახლოეს პერიოდში დიდი რაოდენობის ლტოლვილები აქ ჩამოვიდნენ. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები ირანში.„გუშინ რუსეთმა უშაკოვის მეშვეობით ირანთან ურთიერთობების განვითარება დაიწყო და ირანმა რუსეთს 4 მილიარდი დოლარის იარაღი მიაწოდა. ბუნებრივია, რუსეთი დაინტერესებულია, რომ კიდევ მიიღოს.

  • შესაძლოაიო, რუსეთმა ირანის მხადამჭერი პოლიტიკის გატარება დაიწყოს და გამორიცხული არაა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი გამოიყენოს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×