
ფორდის ავტომობილების ქარხნის თანამშრომელმა, რომელიც მიჩიგანში, ქარხანაში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვიზიტის დროს, თეთრი სახლის ლიდერის „პედოფილის დამცველად“ მოხსენიებისთვის სამსახურიდან გაათავისუფლეს, განაცხადა, რომ „არ ნანობს“. ინფორმაციას Fox Business-ი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ 40 წლის ტიჯეი საბულას შეძახილს ტრამპის მხრიდან შუა თითის ჩვენება მოჰყვა. TMZ-ის მიერ მოპოვებული ინციდენტის ამსახველი ვიდეოს თანახმად, პრეზიდენტმა ორჯერ წარმოთქვა უხეში შეურაცხმყოფელი სიტყვა და რეპლიკის ავტორს შუა თითი უჩვენა.
საბულამ განაცხადა, რომ მოგვიანებით იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს ინციდენტის შიდა გამოძიების დასრულებამდე, მაგრამ მას „არანაირი სინანული“ არ აქვს.
„რაც შეეხება მის შეურაცხყოფას, ნამდვილად არ ვნანობ“, - განუცხადა საბულამ The Washington Post-ს. მისი თქმით, ტრამპისგან დაახლოებით 60 ფუტის დაშორებით იდგა და პრეზიდენტს მისი ხმა „ძალიან, ძალიან, ძალიან ნათლად“ ესმოდა.
როგორც საბულა აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ღელავს თავისი სამსახურის ბედის გამო, მიაჩნია, რომ „პოლიტიკური ანგარიშსწორების სამიზნე“ გახდა, ვინაიდან „ტრამპი მეგობრების წინაშე შეარცხვინა“.
„არ მგონია, ბედი ხშირად გაძლევდეს ასეთ შანსს, და როცა გაძლევს, უნდა შეძლო მისი გამოყენება. ვფიქრობ, რომ დღეს ეს შევძელი,“ - განაცხადა მან.
როგორც TMZ წერს, „ფორდის ქარხნის თანამშრომლის აღნიშნული შეძახილი აშკარად უკავშირდება ტრამპის კავშირს გარდაცვლილ, ნასამართლევ პედოფილ ჯეფრი ეპშტეინთან, ასევე იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ე.წ. „ეპშტეინის ფაილების“ ნელი ტემპით გამოქვეყნებას“.
ამავე გამოცემის თანახმად, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ე.წ. „ეპშტეინის ფაილების" გამოქვეყნების უკიდურესად ნელი ტემპი ონლაინსივრცეში ზოგიერთისთვის საფუძველია ივარაუდოს, რომ პრეზიდენტი ზეწოლას ახდენს იუსტიციის დეპარტამენტზე, რათა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მაკომპრომეტირებელი ინფორმაცია დაიმალოს.
„პრეზიდენტმა ტრამპმა უარყო ნებისმიერი სახის დანაშაული და კვლავ იმეორებს თავის პოზიციას, რომლის მიხედვითაც, ჯეფრი ეპშტეინთან ურთიერთობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ეპშტეინმა მისი რამდენიმე მასაჟისტი გადაიბირა“, - აღნიშნავს TMZ.