
საქართველოს ევროვიზია 2026-ზე საბავშვო ევროვიზია 2008-ის გამარჯვებული, ჯგუფი „ბზიკები“ წარადგენს.
მუსიკალურ ჯგუფ „ბზიკების“ წევრები არიან გიორგი შიოლაშვილი, მარიამ თათულაშვილი და მარიამ კიკუაშვილი. მათ პოპულარობა ბავშვობაში მოიპოვეს, როდესაც 2008 წელს საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიის კონკურსში გაიმარჯვეს.
ჯგუფი 2008 წელს თბილისში ჩამოყალიბდა. მისი წევრები თავდაპირველად საბავშვო ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსზე ინდივიდუალურად წარდგნენ, თუმცა, ჟიურის გადაწყვეტილებით, ერთ ჯგუფად გაერთიანდნენ. იმ პერიოდში „ბზიკები“ კონკურსის ყველაზე პატარა მონაწილეები, 10 წლისანი იყვნენ.
„ბზიკებმა“ შიდაშესარჩევი ტური თბილისში დიდი უპირატესობით მოიგეს და 2008 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე, კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში მე-6 ნომრად წარდგნენ. მათმა სიმღერამ ორიგინალურობითა და ენერგიით დიდი გამოხმაურება მოიპოვა და ჯგუფი კონკურსის გამარჯვებული გახდა. მათ, საბავშვო ევროვიზიის ისტორიაში, საქართველოს პირველი გამარჯვება მოუტანეს. საბავშვო ევროვიზიაზე გამარჯვების შემდეგ, ჯგუფმა გამოუშვა ალბომი „ზაბუზეი“, რომლის სიმღერებიც საქართველოში ბევრმა ბავშვმა იცის.
დაახლოებით 18-წლიანი მუსიკალური პაუზის შემდეგ, „ბზიკები“ სცენაზე ბრუნდებიან უკვე ახალი მუსიკალური ხედვითა და შემოქმედებითი სტილით.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებით, ჯგუფი საქართველოს ევროვიზია 2026-ზე, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში წარადგენს.