
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „მკაცრ ზომებს" მიიღებს, თუ ირანის რეჟიმი დაკავებულებს სიკვდილით დასჯის. ირანი კი შესაძლო თავდასხმისთვის ემზადება და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მოკავშირეებს აფრთხილებს - თუ ვაშინგტონი ირანს თავს დაესხმება, მათ ტერიტორიაზე ამერიკის ბაზებს დაარტყამს.
The Associated Press-ის ინფორმაციით, ირანის ხელისუფლებამ მიანიშნა, რომ ტრამპის გაფრთხილების მიუხედავად, დაკავებული მომიტინგეების დაჩქარებული სასამართლო პროცესები გაიმართება.
„თუ გვინდა სამუშაოს შესრულება, ახლავე უნდა გავაკეთოთ. თუ გვინდა რამის გაკეთება, სწრაფად უნდა გავაკეთოთ. თუ დაგვიანდება, ორი თვის, სამი თვის შემდეგ, იგივე ეფექტი არ ექნება. თუ გვინდა რამის გაკეთება, სწრაფად უნდა გავაკეთოთ",- განაცხადა მოჰსენი-ეჯეიმ.
ირანის სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელმა, ღოლამჰოსეინ მოჰსენი-ეჯეიმ ეს კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც აქტივისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დაკავებულები შესაძლოა, მალე ჩამოახრჩონ.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „მკაცრ ზომებს" მიიღებს, თუ ირანის რეჟიმი დაკავებულ ირანელებს სიკვდილით დასჯის.
გუშინ, X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ 14 იანვარს ირანის ხელისუფლება დაკავებული ირანელი მომიტინგის, ერფან სოლტანის სიკვდილით დასჯას გეგმავს.
„ისლამური რესპუბლიკის რეჟიმმა 10 600-ზე მეტი ირანელი დააკავა მხოლოდ ძირითადი უფლებების მოთხოვნის გამო. მათ შორისაა 26 წლის ერფან სოლტანი, რომელსაც 14 იანვრისთვის სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს", - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ირანის რევოლუციური გვარდიის საჰაერო-კოსმოსური ძალების მეთაურის მაჯიდ მუსავის განცხადებით, ქვეყნის რაკეტების მარაგი გაიზარდა და მისი ქვედანაყოფი თავდაცვითი მზადყოფნის უმაღლეს დონეზეა.
„ჩვენი რაკეტების მარაგი გაიზარდა. გვარდიის საჰაერო კოსმოსური ძალები თავდაცვითი მზადყოფნის პიკზე არიან და მზად არიან ნებისმიერი აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად", - აღნიშნა მაჯიდ მუსავიმ.
ამასთან, ირანელმა ოფიციალურმა პირმა, ანონიმურობის დაცვის პირობით, „როიტერს" განუცხადა, რომ თეირანმა აშშ-ის მოკავშირეებს სთხოვა ვაშინგტონის ირანზე თავდასხმას ხელი შეუშალონ.
„თეირანმა რეგიონის ქვეყნებს, საუდის არაბეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან დაწყებული თურქეთით დამთავრებული, განუცხადა, რომ აშშ-ის ბაზებს ამ ქვეყნებში თავს დაესხმებიან, თუ აშშ მიზანში ამოიღებს ირანს", - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.
მისი თქმით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩსა და აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შორის პირდაპირი კონტაქტები შეჩერებულია, რაც მზარდი დაძაბულობის ასახვაა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მაო ნინმა განაცხადა, რომ ირანის შიდა საქმეებში გარე ჩარევას ჩინეთი ეწინააღმდეგება.
„ჩინეთი საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის გამოყენებასა და მუქარას არ ეთანხმება", - აღნიშნა მაო ნინმა.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანელებს პროტესტის გაგრძელებისკენ მოუწოდა.
„ირანელო დემონსტრანტებო, გააგრძელეთ პროტესტი - აიღეთ თქვენი ინსტიტუტები! დახმარება გზაშია", - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
აღსანინავიქა ისიც, რომ ილონ მასკის SpaceX-ი ირანში მომხმარებლებს Starlink-ის თანამგზავრული სერვისის საშუალებით უფასო ინტერნეტს სთავაზობს, - ინფორმაციას CNN-ი ტექნოლოგიურ ექსპერტზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც Starlink-ის ირანელ მომხმარებლებთან კონტაქტში იმყოფება.
ტექნოლოგიური არაკომერციული ორგანიზაცია Holistic Resilience-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, აჰმად აჰმადიანმა განაცხადა, რომ ირანში Starlink-ის ანგარიშებს, რომლებიც ადრე არააქტიური იყო, ახლა კავშირი აქვთ და მათი სააბონენტო გადასახადი სამშაბათიდან გაუქმებულია.
„ეს არის შეაერთე და დააკავშირე. უბრალოდ მოათავსეთ [სატელიტური ტერმინალი] ისეთ ადგილას, საიდანაც ცის მკაფიო ხედი იშლება და მზად ხართ", - განუცხადა მან CNN-ს.
ცნობისთვის, კვირის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ილონ მასკმა სატელეფონო საუბრის დროს ირანში Starlink-ზე წვდომის საკითხი განიხილეს.
ირანის მთავრობამ მოსახლეობას ინტერნეტზე წვდომა ექვსი დღის წინ შეუზღუდა.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია ირანზე ამერიკის შესაძლო ზემოქმედებებს განიხილავს და ამბობს, რომ ერთი უკვე ამოქმედებულია.
„პენტაგონმა ირანზე ზემოქმედების რამდენიმე ვარიანტი შეიმუშავა. პირველი რა თქმა უნდა, ეს არის საჰაერო თავდასხმები, ანუ ლიბიის პრეცედენტი, რაც 2010 წელს მოხდა, კადაფის დამხობა. მეორე, სპეცსამსახურების ჩართვა, ანუ დივერსიების მოწყობა ირანში. მესამე, საამხედრო-საექსპედიციო კამპანიის შექმნა, თვითონ სამხედრო ძალების გამოყენება. და მეოთხე, კიბერელემენტების გამოყენება, რასაც ამერიკა უკვე აკეთებს. ისინი ცდილობენ „სტარლინკების" დანადგარების გავრცელებას დემონსტრატებში, რათა კოორდინაცია მოახდინონ და მუხტი აწიონ. რას გამოიყენებს ამერიკა, რთულია თქმა. მეტი რესურსი აშშ-ს ფაქტობრივად არ აქვს",- განაცხადა ვახტამგ მაისაიამ „რეზონანსთან".