"ასეთი განუკითხაობა და პროდუქტების არანორმალური გაძვირება რატომ იყო მოსათმენი ამდენი ხნის განმავლობაში?“
თამარ ვეფხვაძე
14.01.2026

საზოგადოება სულმოუთქმელად ელის, რა შედეგი მოჰყვება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას სურსათის მაღალ ფასებთან დაკავშირებით. მით უფრო ახლა, როდესაც სამთავრობო კომისია უკვე შეიქმნა, თუმცა ხალხს ისიც აინტერესებს, კონკრეტულად რომელი უწყების ბრალეულობა თუ უგლგრილობა გამოიკვეთება. ამ ინტერესს ისიც ამძაფრებს, რომ კომისიაში, რომელიც ირაკლი კობახიძის ინიციატივით შეიქმნა, სხვა უწყებებთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც მონაწილეობს. ეკონომიკისტების განცხადებით, პრობლემა წლებია "მძვინვარებს" და ერთმანეთთან შეთანხმებით, ხალხის ხარჯზე ყველა ხელს ითბობს .  

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 24 დეკემბერს დაუფარავად განაცხადა, რომ სურსათის ევროპულ და ქართულ ფასებს შორის დიდი სხვაობა განპირობებულია სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატით, რაც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე, საშუალოდ, 86%-ია. იმავე დღეს, 24 დეკემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-ი) დაადასტურა, რომ სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს. ამ განცხადებიდან ზუსტად ერთ კვირაში, ანუ 2026 წლის 5 იანვარს, სურსათის ფასებთან დაკავშირებით, სამთავრობო კომისია შეიქმნა. 

ამ ფონზე, ეკონომიკის ექს-მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში პურდაპირ განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია, რომ ზოგჯერ ერთ კომპანიას შემოაქვს ერთი სახის პროდუქტი, ხოლო სხვას - მეორე: 

„თუ ასეა, მაგას რა გამოძიება უნდა, ჩაიხედონ იმპორტის მაჩვენებლებში, ყველაფერი რეგისტრირდება ვინ რას შემოიტანს. არაფერი დიდი გამოძიება და თვეები ამას არ სჭირდება. რამდენიმე პროდუქტია: ბრინჯი, ფქვილი, შაქარი... ნახავ, თუ ერთ კომპანიას შემოაქვს ან ორს, მაშინ, უნდა დაისვას კითხვა, სხვას რატომ არ შემოაქვს, რატომ არ მიეცა ამის საშუალება, არ უნდოდა, თუ არ მიეცათ შესაძლებლობა? 

ქვეყანაში სამი დიდი ქსელი გვაქვს, რომელიც 60%-ზე მეტს აკონტროლებს, მანდაც ძალიან მარტივია ამის გარკვევა. სუს-ის ჩარევა შეიძლება საჭიროა იმიტომ, რომ თუ შემომტანების პრობლემაა, ან საცალო ქსელების შეუძლებელია, არ სცოდნოდა საჯარო მოხელეს... ამიტომ, ეს უკავშირდება ისევ და ისევ იმ ანტიკორუფციული გამოძიებების ტალღას, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. ვიღაცამ იცოდა და, დიდი ალბათობით, თვალი დახუჭა, რაღაცის სანაცვლოდ. მე არ ვიცი, თეორიულად ვამბობ“, - განაცხადა გადაცემაში "საქმე" გიორგი ქობულიამ.

პრობლემა, რომელზეც პრემიერმა კობახიძემ გაამახვილა ყურადღება გუშინ, გუშინწინ და თუნდაც ორი წლის წინ არ დაწყებულა. წლებია, საქართველოს მოსახლეობა არაადეკვატურად მაღალ ფასებში იხრჩობა, სხვათა შორის, როდესაც ქობულია მინისტრი იყო, მაშინაც ანალოგიური მდგომარეობა გახლდათ. ყურმოკრული ამბებით მსჯელობა კი, როგორც ყოფილი მინისტრისთვის, თანაც რომელიმე სხვა დარგის კი არა, ეკონომიკისა და განვითარების, როგორც მინიმუმ, უხერხულია.  

პროდუქტების სიძვირე რომ დიდი ხნის პრობლემაა, ამ მოსაზრებას იზიარებს ეკონომისტი და პოლიტოლოგი, ვაჟა ბერიძე. მისი შეფასებით, ფასწარმოქმნის პროცესი საკმაოდ რთული პროცესია, რომელშიც ბევრი კომპონენტი მონაწილეობს და პირდაპირ არის მიბმული ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკასთან. 

„სამწუხაროდ, ასეთი ვითარება მყისიერად არ წარმოქმნილა ჩვენთან, ეს დაიწყო წინა ხელისუფლების დროს და აქამდე გარძელდება. თვალყურის მიდევნება კი ადრევე საჭირო იყო. სხვათა შორის, პროდუქტების სიძვირეში კონკურენციის სააგენტოზე უფრო მეტად, სხვა კომპონენტები და სხვა უწყებების, მათ შორის, ეროვნული ბანკის როლიც უნდა წამოვწიოთ, რომელიც ინფლაციას აკონტროლებს. დიახ, ინფლაცია მიზნობრივთან ახლოს არის და ამაზე თვალს ვერ დავხუჭავთ, ეს ამ ინსტიტუტის წარმატებული საქმიანობის შედეგია, მაგრამ თუ ინფლაცია გვიჭირავს მიზნობრივთან მიახლოებულ სივრცეში, მაშინ, სურსათზე ფასების ასეთი „აშვება“ და ზედმეტი ზრდა ზემოგების მიღების მიზნით, რატომ იყო მოსათმენი ამდენი ხნის განმავლობაში?“, - კითხულობს ვაჟა ბერიძე.  

საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იმპორტიორებსა და დისტრიბუტორებს ისეთი ფარული შეთანხმებები აქვთ დადებული, ერთი სისტემა ჩამოყალიბდა იმპორტის, დისტრიბუციის, განაწილებისა და დახლამდე მიტანის კუთხით. ვაჟა ბერიძის თქმით, რომ ეს „სისტემა“ერთ კვირაში, ერთ თვესა და ერთ წელიწადში არ შექმნილა, რადგან ათეული წლებია, საქართველოში ასეთი პრობლემაა. 

„საქართველო პატარა ქვეყანაა - იმპორტიორებიც, დისტრიბუტორებიც, სავაჭრო სფეროც ერთმანეთთან გადაჯაჭვული და დაკავშირებულია. მადლობა ღმერთს, ფორმირებული მაფია არ არსებობს, მაგრამ კლანური ურთიერთობები არის და სულაც არ აქვს მნიშნელობა, ბიზნესმენი „ოცნების“ მხარდამჭერია, თუ „ნაციონალების“ - როდესაც ერთობლივ სარგებელს ეხება საქმე, ისინი მშვენივრად თანხმდებიან და ისევ ხალხის ხარჯზე ხდება იმ ზემოგების მიღება. აღებ-მიცემობა, კონვერტებით ან გადარიცხვებით ამონაგების მიტანა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან არ არსებობს, მაგრამ არც გამოირიცხება, როგორც ეს ბოლოდროინდელმა მოვლენებმა აჩვენა. 

სისტემა, რომელიც ათეული წლებია, ხელუხლებლად არსებობს, საბოლოო ჯამში, იწვევს იმას, რომ ჩვენ გვაქვს უფრო მაღალი ფასები, ვიდრე საფრანგეთშია, როგორც ამას პრემიერი სავსებით ობიექტურად ციტირებს. რა თქმა უნდა, ეს ყველას ხარვეზი და ნაკლია. ჩანს, რომ მთავრობაც არათანმიმდევრულია და მხოლოდ კობახიძეს არ ვგულისხმობ, იმ ოთხ პრემიერ-მინისტრსაც მოვიაზრებ, რომელთაგან ზოგი აღარსად აღარ არის, ზოგი - ციხეშია, ეს სააკაშვილის პერიოდის პრემიერებსაც ეხება და საბოლოოდ, ყველაფერი ერთად, განაპირობებს იმას, რომ პირდაპირ კორუფციას აქვს ადგილი“, - აღნიშნა ვაჟა ბერიძემ.  

„რეზონანსის“ კითხვაზე, არსებობს თუ არა გამოსავალი ამ მოჯადოებული წრიდან და რამდენად მიღწევადია პრემიერის ინიციატივა, ბერიძემ გვიპასუხა, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება სრულიად რეალისტურია.

„პოლიტიკური ნება მთავარია და ეს ნება დაფიქსირებულია. ხელისუფლებამ თქვა, რომ მაღალი ფასები მიუღებელია. სხვათა შორის, ეს არის ივანიშვილისა და კობახიძის ნება და ამას შედეგი აუცილებლად მოჰყვება. ვფიქრობ, ადმინისტრირების გამოყენებით, ამის მალე მიღწევა შეიძლება, მაგრამ მიზანშეწონილი არ იქნება, რადგან მოთხოვნა-მიწოდების კლასიკური ჯაჭვი დაირღვევა და შეიძლება, უარესი შედეგი მოგვცეს. თუმცა, თუ სისტემურად და თანდათან წავალთ მიზნისკენ, დაახლოებით, ერთ წელიწადში, ვითარება უნდა შეიცვალოს“, - განუცხადა „რეზონანსს“ ვაჟა ბერიძემ.

სრულიად საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს ეკონომიკის ექსპერტს, დემურ გიორხელიძეს, რომელიც ფრთხილ ოპტიმიზმსაც კი არ იზიარებს და ამბობს, რომ პრემიერის ინიციატივის გამო შექმნილი სამთავრობო კომისია ქმედით ნაბიჯებს ვერ გადადგამს. 

„კობახიძის ეს ინიციატივა, გარკვეულწილად, მომავალი რიგგარეშე არჩევნებისთვის მზადება და ისევ საკუთარი მხარდამჭერების მოტყუებაა. იმისთვის, რომ მაღალი ფასების პრობლემა მოგვარდეს, ამას სხვანაირი ეკონომიკური პოლიტიკა სჭირდება. ხელისუფლების გარეშე, ეს მახინჯი სისტემა არ შექმნილა. ეს არის ოლიგოპოლიური ბაზრებისა და მსხვილი მოთამაშეების სისტემა, რომლებიც ხელისუფლების ქოლგის ქვეშ არიან, ხელისუფლების უმაღლესი რანგის პირები თვითონ მონაწილეობენ ბიზნესის გარიგებებში. არადა, ამ პრობლემის მოგვარება ძალიან მარტივია - უბრალოდ, ხელისუფლება არ უნდა იყოს დაინტერესებული“, - განუცხადა „რეზონანსს“ დემურ გიორხელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×