რეზონანსი
14.01.2026

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის განცხადებით, მიხეილ ყაველაშვილის კომპეტენციაში არ შედის შეწყალების სიის ფორმირება და არც მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება.

როგორც წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ასეთი გადაწყვეტილებები ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის რამდენიმე წარმომადგენლის მიერ მიიღება.

მისივე თქმით, ის ყოველთვის შეთანხმებისა და კონსენსუსის მომხრეა, თუმცა ჩნდება კითხვა – შეეხებათ თუ არა შესაძლო შეწყალება „ყველა პოლიტიკურ პატიმარს“.

„ყაველაშვილის კომპეტენცია არ იქნება შეწყალების სიის დაკომპლექტება და ზოგადად, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება. ალბათ, გადაწყვეტილებას მიიღებს ივანიშვილი და რამდენიმე ადამიანი.

რაც მოხდა, ძალიან რთული გამოსასწორებელია. პოლიტიკური ლიდერები ციხეში იმისთვის გაუშვეს, რომ არ მივიდნენ საგამოძიებო კომისიაზე, არ ცნობდნენ ლეგიტიმურად და ეს მათი პოლიტიკური უფლება იყო. პოლიტიკური პოზიციის გამო იჭერენ ადამიანს.

მე ყოველთვის ვარ მომხრე იმისა, რომ შეთანხმება არსებობდეს და კონსენსუსი მოინახოს. ერთი ფაქტორიც არის, მიიღებს ყველა პოლიტიკური პატიმარი შეწყალებას?! მახსოვს, ზურა ჯაფარიძეს ჰქონდა საშუალება ციხიდან უფრო ადრე გამოსულიყო, მაგრამ არ გამოვიდა. თუ რამეს გააკეთებენ ამ მიმართულებით, თუნდაც იმ უფლებამოსილების ფარგლებში, რაც გააჩნიათ, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ იქნებიან, ეს რა თქმა უნდა კარგი იქნება“,- განაცხადა წერეთელმა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ მოლაპარაკება ერთადერთი რეალისტური და სწორი სცენარია.

მისი თქმით, საუბარი არ არის მხოლოდ ოპოზიციის მონაწილეობაზე — აუცილებელია, მოლაპარაკების მაგიდასთან დაპირისპირებული ყველა მხარე დასხდეს.

გიგი წერეთლის შეფასებით, ქვეყნის პოლიტიკური პროცესების ძალადობრივი სცენარით განვითარება დაუშვებელია და დასძინა, რომ მოვლენები „ირანის სცენარით“ არ უნდა განვითარდეს.

„ერთ დღეს ყველა მაინც უნდა დასხდეს მოლაპარაკების მაგიდაზე, ეს საუკეთესო გამოსავალი და სცენარია. მე არ ვამბობ, რომ მხოლოდ ოპოზიცია უნდა დასხდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, არამედ დაპირისპირებული მხარეები, ერთ დღეს რამეზე ხომ უნდა შეთანხმდნენ?! შეთანხმდნენ იმაზე თუ როგორ შეიცვლება ხელისუფლება, რომ მოხდება ტრანზიცია. აბა მაინც და მაინც ირანის სცენარით უნდა განვითარდეს მოვლენები? მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე საგარეო ფაქტორები მოქმედებს. ის, რაც დღეს მსოფლიოში ხდება, მოქმედებს“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.

კითხვაზე, არის თუ არა ოპოზიცია მზად მოლაპარაკების მაგიდასთან „ქართულ ოცნებასთან“ ერთად დასხდეს, წერეთელი პასუხობს, რომ მოლაპარაკებამდე ოპოზიციამ უნდა შეძლოს ერთიანი ფრონტი შექმნა და საზოგადოებისთვის მკაფიო ალტერნატივის შეთავაზება, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რას ნიშნავს შესაძლო ცვლილება.

„ჯერ ოპოზიციამ უნდა შექმნას ერთიანი ფრონტი. თუკი ვერ მოხერხდება ალტერნატივის შექმნა, რომელიც საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ თუ ხდება ცვლილება. ეს ოპოზიციამ უნდა გააკეთოს და ამაზე მუშაობა მიმდინარეობას.

თუკი უმრავლესობა შევთანხმდებით თამაშის და ურთიერთობის წესებზე ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“,- განაცხადა წერეთელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×