
"ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით ევროკომისიას ევროპარლამენტში კიდევ ერთი უნდობლობის ვოტუმი ემუქრება. გერმანული პრესის სააგენტოს ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარემ, რობერტა მეცოლამ, ამის შესახებ საპარლამენტო ჯგუფების ლიდერებს აცნობა.
გამოცემის ცნობით, დებატები და კენჭისყრა მომავალ კვირას სტრასბურგში, საპარლამენტო სესიაზე გაიმართება. ეს ფონ დერ ლაიენისა და მისი გუნდის მიმართ უნდობლობის მეოთხე ვოტუმია დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში.
როგორც ცნობილია, განაცხადი წარადგინა მემარჯვენე ფრაქციამ "პატრიოტები ევროპისთვის", რომელიც ფონ დერ ლაიენსა და მის გუნდს, სხვა საკითხებთან ერთად, ძირითადად სამხრეთ ამერიკის მერკოსურის ქვეყნებთან - ბრაზილიასთან, არგენტინასთან, ურუგვაისთან და პარაგვაისთან - სავაჭრო შეთანხმების გამო აკრიტიკებს. მის წევრებს შორის არიან პარლამენტის წევრები მარინ ლე პენის "ეროვნული გაერთიანების" (RN) პარტიიდან და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტიიდან.
გამოცემა აღნიშნავს, რომ დღემდე, ფონ დერ ლაიენის წინააღმდეგ სამი უნდობლობის ვოტუმი ჩავარდა.
პირველი 2025 წლის ზაფხულში რუმინელმა, ულტრამემარჯვენე ევროპარლამენტარმა, გეორგე პიპერეამ, დააინიციირა, რომელიც ევროპელ კონსერვატორებსა და რეფორმატორებს წარმოადგენს. მაშინ ინიციატივას მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა. 360-მა უარი თქვა, ხოლო 18-მა თავი შეიკავა. 2025 წლის ოქტომბერში სტრასბურგში კიდევ ორი უნდობლობის კენჭისყრა გაიმართა. მემარჯვენე ჯგუფის, "პატრიოტები ევროპისთვის" ინიციატივას მხარი დაუჭირა 179-მა ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო 378. მარცხენა ფრთის მიერ წამოწყებულ ვოტუმს 133-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 383-მა წინააღმდეგ მისცა ხმა.
უნდობლობის კენჭისყრის წარმატებით ჩატარებისთვის აუცილებელი იყო ხმების ორი მესამედი, იმ პირების გამოკლებით, ვინც თავი შეიკავა, თუმცა, მინიმუმ 360 ხმა. ორივე შემთხვევაში ინიციატივები ჩავარდა.