
დონალდ ტრამპი მინესოტაში საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) აგენტების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების დროს სამხედრო ძალების გამოყენებით იმუქრება.
მისი თქმით, სიტუაცია კიდევ უფრო თუ გამწვავდება, „ამბოხების აქტს“ აამოქმედებს.
„მინესოტას კორუმპირებული პოლიტიკოსები კანონს თუ არ დაემორჩილებიან და არ შეაჩერებენ პროფესიონალ აგიტატორებსა და აჯანყებულებს ICE-ს პატრიოტებზე თავდასხმისგან, რომლებიც მხოლოდ თავიანთი საქმის კეთებას ცდილობენ, მე ავამოქმედებ „ამბოხების აქტს“, რაც ჩემამდე ბევრმა პრეზიდენტმა გააკეთა და სწრაფად დავასრულებ იმ ტრაგედიას, რომელიც ამ ოდესღაც დიდებულ შტატში ხდება“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, მინეაპოლისში უსაფრთხოების ოფიცერმა ვენესუელელ მიგრანტს ცეცხლი გაუხსნა და ფეხის არეში დაჭრა. გავრცელებული ცნობით, ოფიცერმა ავტომობილით მოძრავ პირს შემოწმების მიზნით მანქანის გაჩერება მოსთხოვა, თუმცა მძღოლი მოთხოვნას არ დაემორჩილა და ადგილიდან მიმალვას შეეცადა, რა დროსაც გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა. შემდეგ კი ტერიტორიის დატოვებას ქვეითად შეეცადა, ოფიცერი მის დაკავებას ცდილობდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
„ამბოხების აქტი“ არის კანონი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს შტატების ტერიტორიაზე სამხედრო ძალების განლაგების უფლებამოსილებას აძლევს.