
ევროკავშირმა რუსული ნავთობის ზღვრული ფასი ბარელზე 47.6 დოლარიდან 44.1 დოლარამდე ისევ შეამცირა. ამის შესახებ ევროკომისიის განცხადებაში წერია, რომელიც მის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა. ახალი ლიმიტი 1 თებერვლიდან ამოქმედდება. ამ თარიღამდე დადებული კონტრაქტები გარდამავალ პერიოდს დაექვემდებარება, ხოლო ტრანზაქციები 16 აპრილამდე უნდა დასრულდეს. ევროკავშირმა და დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნებმა რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასი 2022 წლის დეკემბერში დააწესეს, რაც უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული შეჭრის გამო სანქციების ნაწილია. თავდაპირველად ზღვრულ ფასად ბარელზე 60 დოლარი დადგინდა. ეს ზომა კრემლის მიერ ომის დაფინანსების შესაძლებლობის შეზღუდვას ისახავს მიზნად. მესამე ქვეყნებს დასავლური კომპანიების მეშვეობით რუსული ნავთობის შეძენა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ისინი დადგენილი ფასის ზედა ზღვარს დაიცავენ.
2025 წლის ივლისში ზღვრული ფასი მცურავი გახდა და მიღებული მექანიზმის თანახმად, ის საბაზრო ფასზე 15%-ით დაბალი უნდა იყოს. შედეგად, სექტემბერში ლიმიტი ბარელზე 47.6 დოლარამდე შემცირდა. მიმდინარე კორექტირება ავტომატური პროცედურის ფარგლებში ხორციელდება.
რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მონაცემებით, დეკემბერში Urals-ის მარკის რუსული ნავთობის საშუალო ფასი ბარელზე 39.18 დოლარამდე დაეცა, რაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველად მოხდა. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ოქტომბერში „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო ამ კლასის ნავთობზე ფასდაკლებამ ომის დაწყებიდან რეკორდულ დონეს მიაღწია. კერძოდ, Brent-თან შედარებით ბალტიის ზღვის პორტებში Urals-ის ფასი ბარელზე 28 დოლარამდე, ხოლო შავ ზღვაში 26 დოლარამდე დაეცა. შედეგად, რუსული ნავთობის საშუალო ფასი 2020 წლის მაისის შემდგომ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, როცა ნავთობის გლობალურმა ბაზარმა პანდემიის ფონზე მკვეთრი ვარდნა განიცადა. რუსული ნავთობის ფასი, ფაქტობრივად, პუტინის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს დაფიქსირებულ დონეს დაუბრუნდა, როცა 2004 წელს ბარელზე 41.73 დოლარს შეადგენდა. ეს 2026 წლის ფედერალურ ბიუჯეტში დაგეგმილ 59-დოლარიან ფასზე, თითქმის, 20 დოლარით ნაკლებია.
Reuters-ის შეფასებით, რუსეთის ფედერალურმა ბიუჯეტმა გასული წლის იანვრიდან ნოემბრის პერიოდში ნავთობისა და გაზის შემოსავლებიდან ყოველი მეხუთე რუბლი დაკარგა, ხოლო დეკემბერში კლება წლიურად 49%-მდე დაჩქარდა.
ფედერაციის ფინანსთა სამინისტრომ წლევანდელ ბიუჯეტში ნავთობისა და გაზის შემოსავალი 8.9 ტრლნ რუბლით (114.3 მლრდ დოლარით) დაგეგმა. თუმცა მიმდინარე ფასებისა და ფასდაკლებების გათვალისწინებით, ეკონომისტები ფაქტობრივ შემოსავალს დაგეგმილზე 1.1-1.4 ტრლნ რუბლით (14-18 მლრდ დოდლარით) ნაკლებს მოელიან, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც მშპ-ის 1.6%-ით არის დაგეგმილი, შესაძლოა, მშპ-ის 2.5-2.7%-მდე გაიზარდოს. დაკარგული შემოსავლის დასაფარად მთავრობას, სავარაუდოდ, ეროვნული კეთილდღეობის ფონდის გამოყენება მოუწევს.
ამჟამად ფონდის ლიკვიდური აქტივები, დაახლოებით, 4.1 ტრლნ რუბლს (52.6 მლრდ დოლარს) შეადგენს, რაც, ექსპერტების აზრით, ნავთობის ბაზარზე არახელსაყრელი პირობების დასაფარად შესაძლოა, მხოლოდ 1.5-2 წლის განმავლობაში იყოს საკმარისი. ცნობისთვის, ევროკავშირი რუსული ნავთობის იმპორტის სრულად აკრძალვას 2027 წლის ბოლოსთვის გეგმავს. ამჟამად ბლოკში რუსული ნავთობის მთავარ მყიდველებად უნგრეთი და სლოვაკეთი რჩებიან.