
ფერეიდნელთა ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებლის, სოფო ონიკაშვილის განცხადებით, ბოლო ორ დღეში ირანიდან მოხერხდა ფიქსირებულ ხაზებზე დაკავშირება, თუმცა მხოლოდ რამდენიმე წამით.
სოფო ონიკაშვილის თქმით, ამ სატელეფონო კავშირებით 5 ფერეიდნელი ქართველის დაღუპვა დაადასტურეს, თუმცა მისივე განცხადებით, ქართველები მთელ ირანში არიან და ამიტომ ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი გაცილებით მაღალია.
"უკვე ერთი კვირაა როგორც ინტერნეტი, ასევე მობილური და ფიქსირებული ხაზებიც დაიბლოკა და არანაირი კავშირი არ გვაქვს. მხოლოდ და მხოლოდ ბოლო ორი დღის განმავლობაში ირანიდან მოხერხდა ფიქსირებულ ხაზებზე ჩვენთან დაკავშირება, ოღონდ ხარვეზებით იყო ძალიან, წამები ვისაუბრეთ და გაითიშა, გუშინწინ და გუშინ.
რაოდენობა არა, რაოდენობას არ ვადასტურებ იმიტომ, რომ საერთოდ არ გვაქვს ამაზე ზუსტი ინფორმაცია. ამ სატელეფონო კავშირებით, რაც განხორციელდა 2 დღის განმავლობაში, 5 დადასტურებით ვიცით, ხოლო დანარჩენი ჩვენ არ ვიცით. კი ვიძახი ფერეიდანში მშვიდობაა, მაგრამ ქართველები მხოლოდ ფერეიდანში არ ცხოვრობენ, ირანის სხვადასხვა ქალაქებში არიან მიმოფანტული, ამიტომ შესაბამისად ვვარაუდობთ, რომ ამ ხუთზე ბევრად მეტი უნდა იყოს," - ამბობს სოფო ონიკაშვილი.