
ბუნება, ტრადიციები, გასტრონომია, სტუმართმოყვარე ხალხი - ეს არასრული ჩამონათვალია, რის გამოც საქართველო ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ მიმართულებად რჩება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2025 წელს ტურისტულმა ვიზიტებმა ისტორიულ მაქსიმუმს - 5 მლნ 500 ათასს მიაღწია, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 8%-ით მეტია.
ზრდა დაფიქსირდა საერთაშორისო მოგზაურების მიმართულებითაც და 7 მილიონ 800 ათასს გადააჭარბა.
მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა გაერთიანებული სამეფოდან, საბერძნეთიდან იტალიიდან და ესპანეთიდან. ამ ქვეყნებიდან ვიზიტორთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 14%-ით გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულს 500 ათასს მიაღწია. წელს, ტურისტების ინტერესი დაცულ ტერიტორიებზეც გაიზარდა - პრომეთეს მღვიმეს, მარტვილის კანიონს და მტირალას ეროვნულ პარკს მილიონ 250 ათასზე მეტი მოგზაური ესტუმრა.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი ზრდაა ყველა იმ მიზნობრივ ბაზარზე, სადაც ეკონომიკის სამინისტრო და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წლების განმავლობაში თანმიმდევრულად მუშაობს.
ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის გარდა, ზრდა ფიქსირდება სხვა მიზნობრივი ტურისტული ბაზრებიდან. მათ შორისაა სპარსეთის ყურის ქვეყნები, საუდის არაბეთი, ჩინეთი და ისრაელი.