რეზონანსი
18.01.2026

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ახალი ტარიფების გამოცხადებას ევროპა შანტაჟს უწოდებს და საპასუხო ზომების მიღებას აანონსებს. სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირის კანონმდებლები დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით ტარიფების დაწესების საპასუხოდ, ევროკავშირი–შეერთებული შტატების სავაჭრო შეთანხმების შეჩერებას გეგმავენ.

„ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს დანიასა და გრენლანდიელ ხალხს. დიალოგი კვლავ რჩება აუცილებელ ნაწილად და ჩვენ მზად ვართ, რომ გაგრძელდეს გასულ კვირას დანიის სამეფოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დაწყებული პროცესი. ტარიფები ძირს გამოუთხრის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს და გააჩენს სახიფათო, დაღმავალი სპირალის საფრთხეს. ევროპა დარჩება ერთიანი, კოორდინირებული და ერთგული საკუთარი სუვერენიტეტის დაცვის მიმართ“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი კი ვაშინგტონთან ამ საკითხზე პირდაპირი საუბრის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

„ტარიფების დაწესება მოკავშირეების წინააღმდეგ, რომლებიც ერთობლივად მიისწრაფვიან ნატოს კოლექტიური უსაფრთხოებისკენ, სრულიად არასწორია. რა თქმა უნდა, ამაზე პირდაპირ ვისაუბრებთ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან“, - აღნიშნა სტარმერმა.

ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი თავის ტვიტში აღნიშნავს, რომ ამერიკასა და ევროპას შორის დაპირისპირებით ჩინეთი და რუსეთი სარგებლობენ.

„ჩინეთსა და რუსეთს ალბათ კარგი დღე აქვთ. სწორედ ისინი სარგებლობენ მოკავშირეებს შორის განხეთქილებით. გრენლანდიის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ თუ არის, ეს საკითხი ნატოს ფარგლებში შეგვიძლია განვიხილოთ. ტარიფები ევროპისა და შეერთებული შტატების გაღარიბების რისკს აჩენს და ძირს უთხრის ჩვენს საერთო კეთილდღეობას. ასევე, ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ჩვენმა დავამ ყურადღება გადაგვატანინოს მთავარი ამოცანიდან, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებას გულისხმობ“, - წერს კალასი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×