
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, ზვიად შალამბერიძემ გერმანიის ელჩისა და აქტივისტების შეხვედრა შეაფასა. დეპუტატმა ხაზი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობას გაუსვა.
„ძალიან სამწუხაროა, რომ დიპლომატების მხრიდან კიდევ არ წყდება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, რისი ნათელი მაგალითიც იყო საზოგადოების გარკვეულ ნაწილთან გერმანიის ელჩის შეხვედრა. რაც გაჟღერდა შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელია ჩვენი ქვეყნისთვის. სამწუხაროდ, არ გვაქვს იმედი, რომ მსგავსი ფაქტები მომავალში არ განმეორდება, ვინაიდან არაერთხელ ყოფილა ჩვენი მხრიდან გაფრთხილება და მოწოდება მათთვის, მაგრამ სამწუხაროა ის, რომ ისინი მაინც იმ დღის წესრიგით აგრძელებენ მუშაობას, რა დღის წესრიგიც ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარედან აქვთ მოწოდებული“, - აცხადებს შალამბერიძე.
გერმანიის ელჩი აქტივისტებთან საიდუმლო შეხვედრის შინაარსის შესახებ, „ქრონიკის“ კითხვას ისევ არ პასუხობს. „ქრონიკის“ ინფორმაციით, ელჩმა აქტივისტებს უთხრა, რომ საქართველოში მოვლენები ირანის მსგავსად უნდა განვითარდეს, რადგან დღევანდელი საპროტესტო ღონისძიებები მომავალში შედეგს არ მოიტანს.