
საშინელი ტრაგედია დატრიალდა ძველით ახალ წელს ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ღვირიშში, გიორგობიანების საცხოვრებელ სახლში. იმ საბედისწერო დღეს, 10 წლის მოზარდის, გეგი ხეცურიანის სიცოცხლე ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა. როგორც ირკვევა, სოფელში ჩასულმა ბავშვებმა სახლში ოჯახის უფროსის, გიზო გიორგობიანის ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს, ცეცხლსასროლი იარაღი ხელში ეჭირა გიზო გიორგობიანის შვილიშვილს და ამ დროს შემთხვევით გასროლილი ბრმა ტყვია სოფელში სტუმრად ჩასულ გიზო გიორგობიანის ცოლის დისშვილიშვილს, გეგი ხეცურიანს მოხვდა.
მართალია სასწრაფოს ბრიგადამ დაჭრილი ბავშვის გადარჩენა სცადა, მაგრამ მოზარდი კლინიკაში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ბავშვს არტერია ჰქონდა დაზიანებული და ის სისხლისგან დაიცალა.
“უმძიმესია მომხდარი და ყველა შეძრულია ამ ფაქტით. სიტყვები ზედმეტია ასეთ დროს. გეგი 10 წლის იყო, მეხუთე კლასელი. პირადად ვასწავლიდი სკოლაში და მართლა არაჩვეულებრივი ბავშვი იყო, ძალიან მოსიყვარულე, ნიჭიერი, პოზიტიური, დიდი მიზნები და ოცნებები ჰქონდა. აბსოლუტურად ყველაფერში ნიჭს ავლენდა. ჰუმანიტარული საგანი იქნებოდა ეს თუ ტექნიკური, სპორტი ძალიან უყვარდა და უნდოდა დიდი ფეხბურთელი გამოსულიყო.
ნათესავის სახლში იყვნენ ჩასულები და იქ დატრიალდა ტრაგედია. მეორე ბავშვს, ნათესავს გაუვარდა იარაღი და გეგის მოხვდა. საუბედუროდ, ბრმა ტყვიას შეეწირა. ეს არის უდიდესი ტრაგედია, საშინელება. როგორც ვიცით, დაჭრილი გამოაქანეს ქუთაისის კლინიკაში სასწრაფოს მანქანით, მაგრამ გზაში დაიღუპა. ასეთი უბედურება რატომ უნდა ხდებოდეს. თვითონ გეგის ოჯახი ქუთაისში ცხოვრობს, გუმათის დასახლებაში. ასეთი პატარა ბიჭი იყო და ყველას ისე შეაყვარა თავი, რომ ყველა განადგურებულია ამ ამბით”, - უთხრა "კვირის პალიტრას" გეგი ხეცურიანის პედაგოგმა ცირა ჩუბინიძემ.
არსებული ინფორმაციით, ტრაგედიის ადგილას მალევე მივიდნენ სამართალდამცავები და იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით დააკავეს გიზო გიორგობიანი. სწორედ მას ეკუთვნის ცეცხლსასროლი იარაღი, საიდანაც გასროლა მოხდა. როგორც ადგილობრივი ჰყვება, დაკავებული მამაკაცი სოფელში მარტო ცხოვრობდა, მისი შვილი და შვილიშვილები ქუთაისში ცხოვრობენ. ახალ წელს სოფელში იყვნენ ჩასულები.
“გიზო გიორგობიანის სახლში დატრიალდა ეს დიდი ტრაგედია. სოფელ ქვედა ღვირისში ცხოვრობს. გიზო დაკავებულია, მაგრამ დაკავება რად უნდა, კაცი ფაქტობრივად მკვდარია, რომ მოკლა ალბათ მისთვის უკეთესი იქნება, ისეა განადგურებული ეს ადამიანი. ისეთ დღეში იყო, იკლავდა თავს. გარდაცვლილი ბიჭუნა მისი ნათესავია. მისი ცოლის დის შვილიშვილია. პირდაპირი ბაბუა არ არის.
მე რომ მივედი ტრაგედიის ადგილას, პოლიცია უკვე მისული იყო. საშინელება ტრიალებდა, ბავშვი წაიყვანა სასწრაფომ, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ გზაში დაიღუპა. პოლიციას ტრაგედიის ადგილი შემოღობილი ჰქონდა და იქ აღარ გვიშვებდნენ, ისმოდა გიზოს განწირული ხმა. ისეთ დღეში იყო. როგორც ირკვევა, ბავშვებს უპოვიათ იარაღი, გარეთ გაუტანიათ და გაუვარდა ერთ ბავშვს და მოხვდა ტყვია მეორეს. ვისაც იარაღი ეჭირა ის გიზოს შვილიშვილია, როგორც ვიცი, 2-3 წლით უფროსია გარდაცვლილ ბავშვზე. ბავშვებმა მოიპარეს თოფი და გამოუტანიათ გარეთ. გიზო მარტო ცხოვრობს და რადგან სახლში არ ჰყავდა არავინ, ეტყობა არ ჰქონდა სათანადოდ იარაღი შენახული. მერე ეტყობა გადაავიწყდა, რომ შეენახა. თორემ ისეთი ყურადღებიანი კაცია, ნუ იტყვით.
ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას იყო როგორც ჩანს ეს იარაღი. რატომ გამორჩა შენახვა, არ ვიცი, არადა ისეთი კაცია, სრულწლოვანმა რომ სთხოვო მას იარაღი დამაჭერინეო, ხელს არ მოგაკიდებინებს. მე რომ მეთქვა, არ მომცემდა. სანადირო თოფზეა საუბარი. სოფელში ნადირობენ ხოლმე და მასაც ჰქონდა სანადირო თოფი. სოფელ ღვირიშის სკოლაში სიმღერის მასწავლებელია. ძალიან წესიერი, პატიოსანი კაცია. ეს რა მომივიდაო და თვითონ თავს იკლავს, საშინელ დღეშია.
გიზოს შვილიშვილიც, ვისაც გაუვარდა იარაღი, ის ბავშვიც საშინელ დღეშია. რაც მოხდა ეს არის უდიდესი ტრაგედია. გიზო რომ მომკვდარიყო იმ წუთებში ალბათ ის ერჩივნა. მთელი სამეზობლო, ვინც გაიგო, ყველა იქ გარბოდა. სასწრაფო რომ გამოიძახეს, მალევე მოვიდა პოლიცია. ვუსამძიმრებ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს ამ დიდ ტკივილს. სოციალურ ქსელში წავიკითხე კომენტარები, სადაც ადანაშაულებენ ადამიანები გიზოს ისე, რომ დეტალები არ იციან და ტყუილებს წერენ. ცეცხლზე ნავთს ასხამენ. არადა უდიდესი ტრაგედიაა მომხდარი...
სოციალურ ქსელში რომ წერენ იმ ხალხს მინდა მივმართო, იქნებ დაფიქრდნენ, იმ კაცისთვის რამხელა ტრაგედიაა რაც მოხდა. ისედაც მთელი ცხოვრება ამ დარდში იქნება და დამუნათება რა საჭიროა. გული მოგვიკლა ყველას ამ ამბავმა. ვუსამძიმრებ ბავშვის მშობლებს, შემზარავი ტრაგედიაა. საუბარიც გვიჭირს ამ თემაზე,”- ამბობს ადგილობრივი.
"კვირის პალიტრა"