რეზონანსი
19.01.2026

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ირაკლი ყანდაშვილის ინიციატივით ასოციაციაში საფუძველი ჩაეყარა საქველმოქმედო ტრადიციას, რომლის განხორციელებას ასოციაცია სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული ინიციატივა მოიცავს როგორც იურიდიულ მიმართულებას (პრო ბონო პროექტები), ასევე სხვადასხვა სოციალურ, გარემოსდაცვით და სხვა აქტივობებს.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ირაკლი ყანდაშვილი ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრებთან ერთად გლდანში, თბილისის ბავშვთა სახლს ეწვია, რომელიც სხვადასხვა საჭიროებისა და ასაკის მქონე ბავშვებზე ზრუნავს. ასოციაციის წარმომადგენლებმა ბავშვებს ახალი წელი და ნათლისღება მიულოცეს და მათი საჭიროებების შესაბამისი საჩუქრები გადასცეს.

„ბავშვთა სახლს ვეწვიეთ, რათა ბავშვებისთვის არა მხოლოდ ახალი წლის და ნათლისღების სიხარული გაგვეზიარებინა, არამედ რეალური ზრუნვა და თანადგომა გამოგვეხატა. მიმაჩნია, რომ სოციალური პასუხისმგებლობა პირველ რიგში იწყება მათზე ზრუნვით, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ ამიტომ, ასოციაცია მომავალშიც გააგრძელებს და კიდევ უფრო გააფართოებს საქველმოქმედო და სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით აქტივობებს, როგორც სამართლებრივ სფეროში, პრო ბონო პროექტების გზით, ისე სხვა საზოგადოებრივ მიმართულებებშიც", - განაცხადა ირაკლი ყანდაშვილმა.

ასოციაციის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებში, სურვილის შემთხვევაში, სხვადასხვა ფორმით ჩართულობა მომავალში ასოციაციის ნებისმიერ წევრს შეეძლება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×