რეზონანსი
20.01.2026

ის ფაქტი, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟი შეიქმნა, არის მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის პოლიტიკური თამაშები, - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა ოპოზიციის მხრიდან შეწყალების აქტის დისკრედიტაციის მცდელობაზე კომენტირებისას. როგორც ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გაუგებარია, ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლის დანაშაული, არ აღიარებენ სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმურობას, რატომ ელიან შეწყალებას პრეზიდენტის მხრიდან.

„იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩაიდინეს ძალიან მძიმე დანაშაული საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე და არ მოუნანიებიათ, პირიქით, ძალიან ამაყად აცხადებენ, რომ არ ნანობენ ჩადენილს, სწორად მოიქცნენ და ფუთავენ თავიანთ დანაშაულს გამოგონილი, ვითომ პოლიტიკური მიზნებით, რომელიც ძალიან ხშირ შემთხვევაში არის სისხლის სამართლის და ზოგ შემთხვევაში ადმინისტრაციული, რატომ ჰქონდათ შეწყალების მოლოდინი, არ მესმის და ეს ჩემთვის გაუგებარია.

ის ფაქტი, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟი შეიქმნა, არის მხოლოდ და მხოლოდ მათი პოლიტიკური თამაშები, რომელსაც არავითარი შედეგი არ მოსდევს იმიტომ, რომ არ არის რეალურ ობიექტურ და სამართლებრივ ვარაუდებზე და არგუმენტებზე დაფუძნებული. კიდევ ერთი რამ არის ჩემთვის გაუგებარი - თუ ისინი მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო არალეგიტიმურია და მას არალეგიტიმური ინსტიტუციები მართავენ, არ აღიარებენ პრეზიდენტს, მაშინ რატომ მოითხოვენ მისგან შეწყალებას და იმ ძალაუფლების გამოყენებას, რომელიც ჩვენს პრეზიდენტს ამ კონკრეტულ შემთხვევაში გააჩნია. ისევ და ისევ გაუგებარი და აბსურდულია მათი მიდგომები“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×