
პირდაპირ ეთერში ვუყურებდით სახელმწიფოს გადატრიალების, პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღების მცდელობას, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმესთან დაკავშირებით.
„ამაზე მაღალი სტანდარტის მტკიცებულება უკვე არ არსებობს - არის ვიდეოჩანაწერები აბსოლუტურად ყველა დაპატიმრებულზე. ამის მიუხედავად, ისინი რაღაცას დემაგოგობენ და ზღაპრებს ჰყვებიან, რომ ეს მშვიდობიანი შესეირნება იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში. რაც უფრო მალე დაბრუნდებიან ისინი რეალობაში, მათთვისვე იქნება უკეთესი", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა - საქმე ეხება 12 ბრალდებულს.
ერთ-ერთმა ბრალდებულმა მარიამ მეყანწიშვილმა მედიასთან განაცხადა: „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაა აუცილებელი, აუცილებელია რეჟიმის დამხობა. მშვიდობიანი რევოლუცია, რა თქმა უნდა, არის კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა. რევოლუციას ქვეყანაში მშვიდობიანობა მოაქვს".