
თბილისსა და მის შემოგარენში აღარ თოვს, თუმცა გადაუღებელი თოვის შედეგებთან გამკლავებას სპეციალური სამსახურები ამ დრომდე ცდილობენ. დღეს ღამით, სინოპტიკოსები -8 გრადუს ყინვას ვარაუდობენ.
დედაქალაქსა და მიმდებარე დასახლებებში ქუჩების, შესახვევების, ფეხით სავალი ნაწილების, ავტობუსების გაჩერებების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოები გრძელდება.
იმისათვის, რომ არ შეფერხდეს მოქალაქეების გადაადგილება და საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობა, პროცესი უწყვეტ რეჟიმში უკვე მეხუთე დღეა მიმდინარეობს.
"თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის მოადგილის, მამუკა კიზირიას განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფეხით სავალი ბილიკების, გაჩერებებისა და მიწისქვეშა გადასასვლელების კიბეების გაწმენდა.
"ქალაქში მოსული უხვი ნალექის გამო, "თბილსერვის ჯგუფის" სპეცტექნიკა, ასევე ცოცხალი ძალა 24 საათიანი რეჟიმით განაგრძობენ მუშაობას.
გაწმენდილია, ქალაქის მასშტაბით ყველა ცენტრალური მაგისტრალი, ასევე ქალაქში შემოსასვლელი ხიდები და პანდუსები. ამჟამად, იწმინდება ფეხით სავალი ნაწილები, მიწისქვეშა გადასასვლელების კიბეები, სავალი ბილიკები, გაჩერებები.
არც "თბილსერვის" თანამშრომლები, არც სპეცტექნიკა არ გაჩერდება მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება", - განაცხადა მამუკა კიზირიამ.