
აშშ ნატო-ს რამდენიმე საკვანძო ცენტრში განთავსებული პერსონალის რაოდენობის შემცირებას გეგმავს. ინფორმაციას Reuters-ი სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, აშშ-ის გეგმა შეშფოთების საგანია ევროპელებისთვის, რის გამოც მათ ეჭვი ეპარებათ იმაში, რომ ვაშინგტონი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთგულია.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ევროპის რამდენიმე ქვეყანას უკვე აცნობა, რომ ვაშინგტონი ნატო-ს სტრუქტურაში არსებული დაახლოებით 200 თანამდებობის გაუქმებას გეგმავს, რომელიც ალიანსის სამხედრო და სადაზვერვო ოპერაციების დაგეგმვასა და განხორციელებაზეა პასუხისმგებელი.
როგორც Reuters-ი იუწყება, შემცირებები შეეხება ბრიტანეთში არსებულ ნატო-ს სადაზვერვო ინფორმაციის ანალიზის ცენტრს, პორტუგალიაში ბაზირებულ STRIKFORNATO-ს, რომელიც საზღვაო ოპერაციების განხორციელებას კურირებს, და რიგ სხვა ანალოგიურ სტრუქტურას.
წყაროებს არ დაუზუსტებიათ, თუ რატომ გადაწყვიტა ამერიკამ პერსონალის შემცირება, თუმცა, როგორც სააგენტო წერს, აღნიშნული ნაბიჯები სრულად ემთხვევა თეთრი სახლის გაცხადებულ კურსს დასავლეთ ნახევარსფეროში მეტი რესურსის კონცენტრაციის თვალსაზრისით.