
რეფორმამ გაამართლა - ზოგიერთი მედიკამენტის ფასი შემცირდა 12-ჯერ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.
მისი თქმით, უმეტეს შემთხვევაში მედიკამენტებთან დაკავშირებით იყო ზედმეტად დიდი ფასნამატი.
„რეფორმამ, რომელიც წამოიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რაც თავიდან თქვა და ივარაუდა, რომ რეალურად ადგილი ჰქონდა ბევრი მიმართულებით არასწორ პრაქტიკებს, მათ შორის ეს იყო იგივე ფასნამატებთან დაკავშირებული, ბუნებრივია, რეფორმამ გაამართლა. აღმოჩნდა, რომ ცალკეული მედიკამენტები, რომელიც კონკრეტულ ადამიანებს სჭირდებოდათ, რაც ღირდა ზოგიერთი მედიკამენტი მაგალითად 1200 ლარი, ის გახდა დაახლოებით 100 ლარი. ანუ ზოგიერთი მედიკამენტის ფასი შემცირდა 12-ჯერ. ეს ნიშნავს იმას, რომ აქ ერთმნიშვნელოვნად უსამართლო და არასწორ რეგულაციებთან გვქონდა საქმე, რომელიც დღეს გასწორებულია და სწორ კალაპოტშია ჩაყენებული.
მეორე გამოწვევა, რომელიც უკავშირდება ავადმოხმარების პრაქტიკებს, ეს უკვე ფასებთან აღარ არის კავშირში. ეს არის კავშირში მანკიერ პრაქტიკებთან. ამასაც ბუნებრივია, რომ თვალს ვადევნებთ. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით მოვუწოდო ყველას, ვისაც ამ მედიკამენტთან შეხება აქვს, რა საკვირველია სახელმწიფო ვერ შეეგუება ასეთი მედიკამენტების არასწორ, არადანიშნულებისამებრ გამოყენებას. აქედან გამომდინარე, ყველას მინდა მოვიწოდო, ყველას მინდა ვთხოვო, ყველა მინდა გავაფრთხილო, ვისაც ეს სჭირდება, რომ თავი შეიკავონ ნებისმიერი არასწორი, არამართლზომიერი ქმედებისგან. მერწმუნეთ, რომ (სამწუხაროდ მიწევს ამაზე საუბარი), არც ერთი ასეთი შემთხვევა - ავად მოხმარებისა, არასწორი გამოყენებისა არ დარჩება შესაბამისი პასუხის გარეშე. განსაკუთრებით ეს მინდა ვთხოვო ექიმებს, რომლებსაც აქვთ რეცეპტის გამოწერის უფლებამოსილება. აქ არავითარ შემთხვევაში გადაცდომა არ უნდა იყოს დაშვებული. თუ გარკვეული გადაცდომები გამოვლინდება, მოგვიწევს რეაგირება. ჩვენი ამოცანაა მედიკამენტი ჰქონდეს იმას, ვისაც ეს სჭირდება და არ არსებობდეს პრაქტიკა და მაქსიმალურად იყოს შეზღუდული შესაძლებლობა, რომ ვინმემ არასწორად, არადანიშნულებისამებრ, ავად მოიხმაროს მედიკამენტი და მეორე მხრივ, ვისაც სჭირდება, მისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი“, - განაცხადა მიხეილ სარკველაძემ.