
დონალდ ტრამპმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ტრიბუნიდან ის კონკრეტული მიზეზები დაასახელა, რამაც მისი შეფასებით ევროპა კატასტროფულ შედეგებამდე მიიყვანა. თვითგანადგურებასა და იდენტობის დაკარგვაში ამერიკის პრეზიდენტმა ევროპელი ლიდერები ღიად დაადანაშაულა. ტრამპი მიიჩნევს, რომ ნატოს ამერიკის გარეშე თავდაცვა არ შეუძლია, შტატებს კი საკუთარი უსაფრთხოებისთვის სტრატეგიულ წერტილში მდებარე კუნძული გრენლანდია სჭირდება.
ტრამპის გამოსვლის შემდეგ გაირკვა, რომ გრენლანდიის მიერთების მიზნით შეერთებული შტატები სამხედრო ძალას არ გამოიყენებს და დანიის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გამო ევროპის ქვეყნების არც სავაჭრო ტარიფებს დაუწესებს. ამ განცხადებების მიუხედავად, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ამერიკის პრეზიდენტს კუნძულის ფლობის განზრახვა ისევ აქვს.
პარტნიორებს მოლაპარაკებებისკენ და ვაშინგტონის პირობების მიღებისკენ მოუწოდებს ნატოს გენერალური მდივანი. სწორედ მარკ რუტესთან შეხვედრისას შეიმუშავეს, ნატოელმა მოკავშირეებმა ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც გრენლანდიაზე ამერიკის სამომავლო კონტროლის პირობებს განსაზღვრავს.
დონალდ ტრამპის კრიტიკას და ვაშინგტონის პირობებს გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცმა ის კონკრეტული მიზეზები დაასახელა, რომლებიც ევროპის უკუსვლის მიზეზი გახდა. მერცმა გრენლანდიის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტერიტორიის ძალით მითვისების ნებისმიერი მუქარა და ტარიფების დაწესების გადაწყვეტილება მიუღებელია.
საერთაშორისო მედია, წერს, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებული შეთანხმების პროექტის მიხედვით დანია გრენლანდიაზე სუვერენიტეტის შენარჩუნებას შეძლებს. ""აქსიოსის"" ინფორმაციით, შტატები კუნძულზე ახალი სამხედრო ბაზების აშენების უფლებას მიიღებს და უსაფრთხოების ზონების შექმნას შეძლებს.