
2026 წლის 1-ლი მარტიდან, საქართველოში უცხოელთა დასაქმების წესები იცვლება. ამას საქართველოს პარლამენტის მიერ „უკანონო შრომით მიგრაციასთან ბრძოლის და ადგილობრივი შრომის ბაზრის დაცვისა და განვითარების მიზნით“, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს.
იმისთვის, რომ უცხოელმა თანამშრომელმა კანონიერად იმუშაოს, 1-ლი მარტიდან საჭიროა: შრომითი ხელშეკრულების გაფორმება; „შრომითი საქმიანობის უფლება“ და მოქმედი ბინადრობის ნებართვა ან D1 კატეგორიის ვიზა.
ერთ-ერთი მთავარი სიახლე გახლავთ სწორედ „შრომითი საქმიანობის უფლება“, რომლის გარეშეც უცხო ქვეყნის წარმომადგენელთან შრომითი ან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება აკრძალული იქნება.
„შრომითი საქმიანობის უფლების“ გამცემ უწყებად განისაზღვრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომელსაც დამსაქმებელმა უნდა მიმართოს. თავის მხრივ, საქართველოში უცხოელის დასაქმებაზე თანხმობის ან უარის სათქმელად ჯანდაცვის სამინისტროს მაქსიმუმ 30 კალენდარული დღე აქვს. აღსანიშნავია, რომ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე მუშაობა როგორც უცხოელი თანამშრომლის, ისე დამსაქმებლის დაჯარიმებას გამოიწვევს.
ქვეყანაში უცხოელთა დასაქმების შეზღუდვის ავტორები და ინიციატორები არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები: შოთა ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, მარიამ ლაშხი, გიორგი ბარვენაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ლევან მაჭავარიანი, ზაზა ლომინაძე, ვახტანგ თურნავა და ირაკლი კირცხალია.
„მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმებისთვის სავალდებულოა მხოლოდ მისი შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია (რომელსაც ახორციელებს ამ უცხოელის დამსაქმებელი). კანონმდებლობა არ ადგენს მექანიზმებს, რომლითაც შრომის ბაზრის ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს საშუალებას მისცემდა უარი ეთქვა უცხოელისთვის საქართველოში დასაქმებაზე. აღნიშნული კი, თავის მხრივ, ხშირ შემთხვევაში განაპირობებს საქართველოში არაკვალიფიციური ან ჭარბი ოდენობის მუშახელის შემოსვლას, რაც საბოლოო ჯამში, ნეგატიურად აისახება როგორც ადგილობრივ სამუშაო ძალაზე, ასევე შრომის ბაზრის ინტერესებზეც“, - წერია განმარტებით ბარათში.