
საია-სა და სხვათა სარჩელის დიდი ნაწილი უკვე დაუშვებლად იქნა ცნობილი და არავითარი არსებითი განხილვა აღარ შედგება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. წულუკიანი გამოეხმაურა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვა დაიწყო.
„სამწუხაროდ, დღეს, საია-სგან და არაერთი პირისგან მოვისმინეთ არაერთი ტყუილი ან ნახევარსიმართლე. იმ წერილში და საჯარო დოკუმენტებში, რომელიც საქართველოს სახელმწიფომ სტრასბურგის სასამართლოსგან მიიღო, ცალსახად წერია, რომ საია-სა და სხვათა სარჩელის დიდი ნაწილი, პალატის ვიცე-პრეზიდენტის მიერ დაუშვებლად იქნა ცნობილი. საუბარი არ არის დროებით ღონისძიებაზე. ამ შემთხვევაში საუბარია, რომ სასამართლოს შესაბამისი კოლეგიის ხელმძღვანელმა განიხილა სარჩელი და საიასა და სხვების სასარჩელო მოთხოვნების, პრეტენზიების ნაწილი არ იქნება არსებითად განხილული. ისინი სარჩელის ნაწილში დღეს უკვე დამარცხდნენ. ანუ საია მალავს, რომ უკვე დამარცხდა იმ სარჩელის ნაწილობრივ არსებით ნაწილში, დასაშვებობის ნაწილში, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ეხება. ეს წერია წერილში, რომელიც სახელმწიფომ მიიღო. ვნახე საია-ს განცხადება, რომ გავიმარჯვეთ, რადგან სტრასბურგის სასამართლომ ჩვენი საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო. ეს არის სრულად სიცრუე ან ნახევრად სიმართლე. როგორც პატივცემული ღვინჯილია იტყოდა, სწორია, რომ სტრასბურგის სასამართლომ საია-სა და სხვათა საჩივრის მხოლოდ ერთი ნაწილის განხილვა დაიწყო. მცდარია, რომ მათ რაიმე გამარჯვება მოიპოვეს. ასევე მცდარია, რომ დარჩენილი ნაწილის არსებითი განხილვა დაიწყო. იურისტებს კარგად ესმით, მაგრამ სხვებისთვის განვმარტავ, რომ სარჩელის არსებითი განხილვა ვერ იქნება დაწყებული, თუ დასაშვებობის საკითხი არ არის გადაწყვეტილი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ამასთან, თეა წულუკიანმა განმარტა, რა სახის კითხვებით მიმართა სტრასბურგის სასამართლომ მხარეებს.
„საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა, რომ მხარეებს უსვამს შეკითხვებს სასამართლო. როგორც წესი, განხილვის ამ ეტაპზე, მხოლოდ მთავრობას უსვამენ შეკითხვას სტრასბურგიდან. ამ შემთხვევაში, კითხვები ისმის ორივე მხარისადმი. ჩვენთვის, როგორც სახელმწიფოსთვის, საინტერესოა კითხვების ის ნაწილი, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო სწორედ საია-ს უსვამს. ალბათ საია-მ დღეიდან უნდა იფიქროს წარმომადგენლის ან ადვოკატის გამოცვლაზე, რათა უკეთესად იყოს მისი ინტერესები დაცული. კერძოდ, საია-ს სტრასბურგის სასამართლო ეკითხება, ხარ თუ არა უფლებამოსილი პირი, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, რომ ჩემ წინაშე ჩივი საპარლამენტო არჩევნების შესახებო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ საია-ს საჩივარი ამ ნაწილშიც დაუშვებელია, ვინაიდან საქმე გვაქვს შემთხვევასთან, როდესაც ორგანიზაცია ან ადამიანი ჩივის არა საკუთარი, არამედ სხვისი უფლებების დარღვევაზე. ამას კრძალავს სტრასბურგის ევროპული კონვენცია, რასაც ეფუძნება სტრასბურგის სასამართლო. ვნახოთ, რას იტყვის თვითონ სასამართლო, მაგრამ საკუთრივ კითხვაა ამ მხრივ მნიშვნელოვანი.
არის კიდევ ერთი საგულისხმო შეკითხვა სახელმწიფოს მოწინააღმდეგე მხარისადმი, კონკრეტული ინდივიდებისადმი. ზოგი ცხოვრობს ნიუ ჯერსიში, ზოგი - მაიამიში, ოთხი თუ ხუთი მომჩივანია ინდივიდის სახით წარმოდგენილი, ფიზიკური პირი. მათ ეკითხება სტრასბურგის სასამართლო, გაქვთ თუ არა რაიმე ტიპის მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენი ხმის ფარულობა დაირღვა. ასევე მიჩნდება კითხვა, თუ ჩივი იმაზე, საარჩევნო უბანი არ მქონდა და ხმა ვერ მივეციო, მაშინ არმიცემული ხმის ფარულობა როგორ დაირღვა? სტრასბურგის სასამართლოში ზოგადად ხომ არ ვიხილავთ რაღაც განზოგადოებული უფლებების დარღვევას, ვიხილავთ კონკრეტული პიროვნების უფლებების დარღვევას. ვთქვათ, ჩავთვალოთ, რომ ასეთ შემთხვევაში კითხვა თუ საჩივარი, პრეტენზია სამართლიანია, თვითონ სტრასბურგის შეკითხვა მათ მიმართ არის ძალზედ საგულისხმო. ვვარაუდობ, რომ ამ წუთამდე ვერავითარი მტკიცებულება ვერ წარადგინეს და სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ ეკითხება, მომეცით მტკიცებულება, რომ თქვენი ხმის ფარულობა დაირღვაო.
რაც შეეხება მთავრობის ნაწილში შეკითხვებს, მხოლოდ ორი კითხვაა, დანარჩენი კითხვები მოხსნილია და დაუშვებლად არის ცნობილი ვიცე-პრეზიდენტის მიერ. ორად ორი კითხვაა, როგორ იყო მოწყობილი ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა და იძლეოდა თუ არა ის საშუალებას, ფარულობა ყოფილიყო დარღვეული. დარწმუნებული ვარ, ამაზე იუსტიციის სამინისტროს და იმ ძალიან კომპეტენტურ ხალხს, ვინც საერთაშორისო დავებზე მუშაობს, ექნება ბევრი და რკინის არგუმენტები, დაწყებული აუდიტორული დასკვნებიდან, გაგრძელებული პრაქტიკული მაგალითებით, რომ არავითარი ფარულობის დარღვევა არ მომხდარა. ამაზე იდავებენ მხარეები და სტრასბურგი თავის კომპეტენტურ სიტყვას იტყვის; მეორე კითხვა არის უცხოეთში მყოფ ოთხ კონკრეტულ მომჩივანზე, ერთი ცხოვრობს სტრასბურგში, მეორე - ესპანეთში, მესამე მაიამიში, მეოთხე ნიუ ჯერსიში. ამ ოთხ ადამიანს ჰქონდა თუ არა ახლო-მახლო უბანი, რათა ხმა მიეცათ. ამაზეც ჩვენ ძალიან კარგად ვუპასუხებთ. თავად ვცხოვრობდი 12 წელი სტრასბურგში და ხმის მისაცემად დავდიოდი პარიზში. შესაბამისად, არასდროს დამიჩივლია, სტრასბურგიდან პარიზში ვერ გადავაადგილდები-მეთქი. როგორც ჩანს, იქ სხვა პრობლემები იყო, თუ საერთოდ იყო.
მოხარულნი ვართ, რომ საია-სა და სხვათა სარჩელის დიდი ნაწილი უკვე დაუშვებლად იქნა ცნობილი, არავითარი არსებითი განხილვა აღარ შედგება. ხოლო იმ ნაწილში, რაზეც ვიწყებთ განხილვას, არავითარი დასაშვებობის საკითხი გადაწყვეტილი არ არის. ანუ, ტყუილია, რომ არსებითი განხილვა დაიწყო. ჯერ დასაშვებობის საკითხი იქნება განხილული და არსებითი საკითხიც გადაწყდება. ერთად გადაწყდება ეს ორი საკითხი. მოხარული ვართ და პირადად მე მივესალმები, რომ ერთხელ და სამუდამოდ მსოფლიოში ყველაზე კომპეტენტური საერთაშორისო სასამართლი ამ ყბადაღებული საკითხებს განიხილავს. დარწმუნებული ვარ, თავის კომპეტენტურ სიტყვად იტყვის და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ეს დავა. სტრასბურგის სასამართლო საქართველოში დღემდე შეუბღალავი რეპუტაციითა და დიდი კომპეტენციით სარგებლობს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.