
აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის დიპლომატიური გუნდები ერთმანეთს ხვდებიან. მათ შორის პირველი საუბარი უკვე შედგა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„უკრაინელი წარმომადგენლები თითქმის ყოველ საათში მაწვდიან ანგარიშს - ისინი ახლა საამიროებში იმყოფებიან. იქ დღეს უკრაინული, ამერიკული და რუსული დელეგაციები არიან, საუბარი უკვე შედგა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მსგავსი სამმხრივი ფორმატის შეხვედრები დიდი ხანია არ ყოფილა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მან აღნიშნა, რომ სამი ქვეყნის წარმომადგენლები უკრაინაში ომის დასრულების პარამეტრებს განიხილავენ. ზელენსკის თქმით, მომლაპარაკებლებს „რუსეთისგან პასუხების ნაწილი მაინც უნდა ჰქონდეთ“ და დასძინა, რომ რუსეთის ფედერაცია მზად უნდა იყოს „დაასრულოს ეს ომი, რომელიც თავადვე დაიწყო“.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების შინაარსთან დაკავშირებით დასკვნების გამოტანა ჯერ ნაადრევია. ამავდროულად, მან ხაზი გაუსვა ომის დასრულების სურვილის მნიშვნელობას არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რუსეთის მხრიდანაც.