რეზონანსი
24.01.2026

„ფასნამატის მინიმუმ ნახევარი აკუმულირდება ისევ ქსელის მხარეს“ - ამის შესახებ საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლაშა რიჟამაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მანვე ისაუბრა სამთავრობო კომისიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ დისტრიბუტორებმა კომისიის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმ გადასახადების შესახებ, რაც ფასებზე ახდენს გავლენას.

„წლების განმავლობაში ვსაუბრობთ სექტორში არსებულ პრობლემებზე და ეს თანხვედრაშია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში მოყვანილ გარემოებებთან მიმართებაში. ჩვენი პრობლემები შეეხება იმ გადასახადებს, რაც არის დაწესებული ქსელური მარკეტების მიერ სადისტრიბუციო და ადგილობრივი მწარმოებლებისთვის. კიდევ ერთხელ მივაწოდეთ სექტორმა ამ პრობლემური საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაცია. საკითხი შეეხება ისეთი ტიპის გადასახადებს, რომელიც საბოლოოდ აკუმულირდება იმ 44%-ში [ირაკლი კობახიძის განცხადებით ფასნამატის 44% დისტრიბუტორებზე მოდიოდა] და იძულებული ხდება მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანია, რომ გადაიხადოს. ეს არის ე.წ შესვლის გადასახადი, რეტრო ბონუსი, ქეშბექი, ახალი მაღაზიის გახსნის საფასური, ვინაიდან ახალი მაღაზია მიმწოდებლების ინვესტირებაა. ამის გარდა დამატებით არის აქციები, რომელიც ისევ მიმწოდებლის და მწარმოებლის ხარჯზე გადადის, აქ იკლებს დისტრიბუცია იმ თანხას, რომელიც შეეძლო მიეღო. გარდა ამისა, არსებობს კუნძულის გადასახადი, სალარო ზონის გადასახადი. მსგავსი ტიპის პრობლემებზე ვისაუბრეთ შეხვედრაზე, რაც საბოლოოდ დიდ როლს თამაშობს იმ ფასების რეგულირებაში, რაც მომხმარებელს ხვდება დახლზე. ფასნამატის მინიმუმ ნახევარი აკუმულირდება ისევ ქსელის მხარეს.

უნდა აღინიშნოთ, რომ არ შეიძლება ისეთი ფორმით მივიღოთ რაიმე რეგულაცია, რამაც რითეილ სექტორი შესაძლოა, დააზიანოს ისე, რომ ოპერირებას ხელი შეუშალოს. ჩვენი მიზანი არის იმ ტიპის რეგულაციების მიღება, რაც საბოლოოდ გააჯანსაღებს ამ ურთიერთობებს და დადებითად აისახება მომხმარებელზე. ამ ურთიერთობების ფარგლებში არსებული პრობლემები იდენტიფიცირებულია სამთავრობო კომისიის მიერ და თანხვედრაში არის ჩვენი სექტორის და მწარმოებლების მიერ მოწოდებულ პრობლემებთან. სხვა რიგი პრობლემებიც არსებობს, ამ ნაწილშიც აქვთ ინფორმაცია. უბრალოდ არის მთელი რიგი პროცესი წარსამართი, სადაც სიღრმისეულად ტექნიკური დეტალების ნაწილში იქნება განსახილველი, რომ ისეთი სურათი არ მივიღოთ, რამაც შესაძლოა, დააზიანოს რითეილის მხარე, მწარმოებელი ან დისტრიბუტორი ისე, რომ ამან სერიოზული პრობლემა შექმნას“, - აცხადებს რიჟამაძე.

ამასთან, მანვე უპასუხა კითხვას, მაღაზიათა რაოდენობის ფონზე, რატომ არ იზრდება კონკურენცია. რიჟამაძე აღნიშნავს, რომ ნებისმიერი გახსნილი მაღაზია კონკურენციას ზრდის, მაღაზიები არ უნდა იყოს დაკავშირებული ერთმანეთთან.

„სუპერმარკეტების მოთხოვნები ერთგვაროვანია, ნორმალური ჯანსაღი ბაზრის შემთხვევაში მაღაზიათა რაოდენობის ზრდა უნდა ზრდიდეს კონკურენციას და ფასები არ უნდა იყოს თანხვედრაში. მაგრამ აქ გამოვყოფთ ერთ მთავარ ნაწილს, ახალი მაღაზიის გახსნას ადგილობრივი მწარმოებლები და სადისტრიბუციო კომპანიები აფინანსებენ იმ სავალდებულო გადასახადით, რომელსაც აწესებს ქსელი. შემდეგ უკვე ეს ყველაფერი ისახება იმ ფასში, რა ფასითაც მომხმარებელს თაროზე ხვდება. ბაზრის სწორად განვითარების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ნებისმიერი გახსნილი მაღაზია კონკურენციას ზრდის, მაგრამ მაღაზიები არ უნდა იყოს დაკავშირებული ერთმანეთთან“, - ამბობს ლაშა რიჟამაძე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სადისტრიბუციო კომპანიებში შევიდა. რიჟამაძის თქმით, სუს-მა კომპანიებიდან ამოიღო ის დოკუმენტები და ინფორმაცია, რაზეც ცნობა კონკურენციის სააგენტოს ისედაც ჰქონდა.

„არ ვფლობთ ინფორმაციას, რა შეიძლება იყოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კვლევის საგანი. ჩვენ კონკურენციის სააგენტოს არაერთხელ მივაწოდეთ ის ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რისი ამოღებაც ხდება. ჩვენც გვაინტერესებს, რა შეიძლება იყოს კვლევის საგანი, არ ვფლობთ ინფორმაციას და იმედია ეს პროცესები დროულად და სწრაფად დასრულდება, რომ ბუნდოვანებები და გაურკვევლობები არ არსებობდე.

სადისტრიბუციო კომპანიებიდან განხორციელდა დოკუმენტაციის ამოღების პროცედურები, ამოიღეს საბუღალტრო დოკუმენტები, მიწოდებისა და შესყიდვის გაფორმებული დოკუმენტაციები, ასევე, შემოსავლების სამსახურიდან ხდება ინფორმაციის ამოღება საბაჟო პროცედურების. ეს ისედაც იყო შესაბამისი უწყებების ხელში, არ ვფლობთ ინფორმაციით სუს-ი რა მიმართულებით შესაძლოა, სწავლობდეს საკითხს. სადისტრიბუციო სექტორში ყველა კომპანია მზად არის ნებისმიერი ფორმით მიაწოდოს ინფორმაცია“, - განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×