
აბუ-დაბიში აშშ-ის შუამავლობით გამართული აშშ-რუსეთი-უკრაინის სამმხრივი მოლაპარაკება, წინასწარი შეფასებით, „პროდუქტიული" და „პროგრესული იყო". შეხვედრით ყველა მხარე კმაყოფილია, თანაც იმდენად, რომ ამერიკული ოფიციალური პირები დასავლურ მედიასთან უკვე უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობას განიხილავენ.
როგორც გამოცემა „აქსიოსი" წერს, აბუ-დაბის მოლაპარაკებები ომის დასრულებისკენ მიმართული ძალისხმევის ახალი ფაზა იყო. თუმცა, ამის პარალელურად საბრძოლო მოქმედებები გრძელდება და უშუალოდ მოლაპარაკების მსვლელობისას კიევსა და სხვა ქალაქებზე კიდევ ერთი მასშტაბური დარტყმა განახორციელა, რომლის დროსაც გამოყენებული იყო 370 დრონი და სხვადასხვა ტიპის 21 რაკეტა.
უკრაინის ომთან დაკავშირებით სამმხრივი შეხვედრა რამდენიმე თვეა არ გამართულა. ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხუთშაბათს დავოსში შეხვდა ვოლოდიმირ ზელენსკის, ხოლო სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში იმყოფებოდნენ, სადაც ოთხსაათიანი შეხვედრა ჰქონდათ ვლადიმირ პუტინთან.
„რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას ამ ომის დიპლომატიური მოგვარება სურს. მან საკმაოდ დიდი დელეგაცია გაგზავნა აბუ დაბიში", - განაცხადა აშშ-ის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა „აქსიოსს".
კიდევ ერთი ამერიკელი დიპლომატი კი აცხადებს, რომ თუკი ამავე ფორმატში დაგეგმილი შემდეგი შეხვედრა ასეთივე წარმატებული გამოდგა, ამის შემდეგ მხარეები შეუძლება უკვე კიევში ან მოსკოვში შეიკრიბონ. ეს კი, მისივე თქმით, შეიძლება ერთმანეთთან ომში მყოფი ქვეყნების ლიდერთა პირადი შეხვედრის განმაპირობებელი გახდეს.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს შეხვედრები აუცილებლად უნდა ჩატარდეს ლიდერების შეხვედრამდე. ვფიქრობთ, რომ იქამდე შორს არ ვართ", - განიცხადა მან „აქსიოსს".
აბუ-დაბიში მოლაპარაკება პარასკევს დაიწყო და შაბათამდე გაგრძელდა.
აშშ-ის დელეგაციაში სტივ უიტკოფი, ჯარედ კუშნერი და ჯოშ გრუნბაუმი, ასევე არმიის მდივანი დენ დრისკოლი და აშშ-ის ევროპული სამხედრო სარდლობის მეთაური ალექსუს გრინკევიჩი იყვნენ.
უკრაინულ მხარეს წარმოადგენდნენ კირილ ბუდანოვი, რუსტემ უმეროვი, გენერალი ანდრეი ჰნატოვი და ზელენსკის მრჩევლები სერგეი კისლიცა და დავიდ არახამია. იყო ჩართული. რუსულ გუნდს კი რუსეთის სამხედრო დაზვერვის უფროსი, ადმირალი იგორ კოსტიუკოვი ხელმძღვანელობდა.
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ორდღიანი მოლაპარაკებების დროს ყველა საკითხი განიხილეს - რუსეთის ტერიტორიული მოთხოვნები დონბასში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებული დავა და ისიც, თუ რა ნაბიჯები იქნება საჭირო, რომ ომი დასრულდეს და აღარ განახლდეს.
„ყველაფერი განიხილეს. ჩვენ არცერთი საკითხი არ გამოგვრჩა განხილვის მიღმა, რადგან ისინი ნამდვილად ეძებდნენ გადაწყვეტილებებს", - თქვა აშშ-ის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.
მოლაპარაკებების მეორე დღის ბოლოს, სამივე გუნდს ერთობლივი სადილი ჰქონდა.
- „იყო მომენტი, როდესაც ყველა თითქმის მეგობრულად გამოიყურებოდა. იმედის გრძნობა მქონდა", - თქვა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა.
„ყველაფერი კარგად წარიმართა, ჩვენ კარგად ვგრძნობთ თავს იქ, სადაც ახლა ვართ", - აცხადებს აშშ-ის კიდევ ერთი ოფიციალური წარმომადგენელი.
უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა კი „აქსიოსთან" განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ „პროგრესი" გამოჩნდა, ჯერ კიდევ გაურკვეველია, ნამდვილად სურს თუ არა პუტინს ომის დასრულება და მისცემს თუ არა თავის მომლაპარაკებლებს შეთანხმების მიღწევის უფლებამოსილებას. მისივე თქმით, „დასკვნების გაკეთება ნაადრევია".
პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები „კონსტრუქციული" იყო და დასძინა, რომ დისკუსიების ფოკუსი „ომის დასრულების შესაძლო პარამეტრები" იყო.
„არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შეხვედრები დასრულდა. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ეს პირველი მსგავსი ფორმატი იყო: სამმხრივი შეხვედრების ორი დღე. ბევრი საკითხის განხილვა მოახდა და მნიშვნელოვანია, რომ საუბრები კონსტრუქციული იყო...
„საუბრების ცენტრალური ფოკუსი ომის დასრულების შესაძლო პარამეტრები იყო. ძალიან ვაფასებ ომის დასრულების პროცესის ამერიკული მონიტორინგისა და ზედამხედველობის საჭიროებისა და ნამდვილი უსაფრთხოების უზრუნველყოფის გაგებას...
„თუ წინსვლის მზაობა იქნება - და უკრაინა მზად არის - შემდგომი შეხვედრები გაიმართება, პოტენციალურად შემდეგ კვირას", - წერს ზელენსკი.
შემდეგი სამმხრივი შეხვედრა ისევ აბუ-დაბიშია დაგეგმილი და ის 1-ლ თებერვალს შედგება.