რეზონანსი
25.01.2026

კრემლი დაბნეულია, ტრამპი რუსეთთან ორმაგ თამაშს თამაშობს, - ამის შესახებ The Times-ი აქვეყნებს სტატიას.

როგორც გამოცემა წერს, მოსკოვში ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტეს, გაიხარონ დონალდ ტრამპით თუ შეშფოთდნენ მისი არაპროგნოზირებადი პოლიტიკის გამო.

The Times-ის სტატიის მიხედვით, რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოლაპარაკებებმა მკაფიო შედეგები ჯერ არ გამოიღო, მაგრამ უკვე ცხადია, რომ მოსკოვი აშშ-ის პრეზიდენტის ზეწოლის ქვეშაა.

გამოცემა წერს, რომ გავრცელებულია აზრი, რომლის მიხედვითაც, კრემლისთვის ტრამპი არის როგორც პოტენციური მოკავშირე, ასევე გამოწვევა.

„ერთი მხრივ, ის მზადაა, გამოიყენოს თავისი გავლენა, რათა მოსკოვი დათმობებზე წავიდეს, მაგრამ მეორე მხრივ, მისი არაპროგნოზირებადი და ხშირად ეგოისტური პოლიტიკა რისკებს ქმნის. რუსეთის მიმართ დათმობებს თან ახლავს კრემლის მოკავშირეებზე მკაცრი ზეწოლა: სანქციებიდან დაწყებული, ვენესუელასა და ირანში ჩარევებით დამთავრებული", - ნათქვამია სტატიაში.

მედიის ცნობით, რუსეთისა და ვლადიმერ პუტინის მიმართ დონალდ ტრამპის აშკარა სიმპათიის მიუხედავად, აშშ-ის პრეზიდენტის აკვიატება ნავთობის ფასების დაწევისადმი, კრემლისთვის საზიანოა. The Times-ი წერს, რომ კრემლის შესაძლებლობა, დააფინანსოს უკრაინასთან ომი, დამოკიდებულია ნავთობისა და გაზის შემოსავლებზე. ეს შემოსავლები ბოლო დროს მცირდება არა მხოლოდ სანქციების, არამედ გლობალურ ნახშირწყალბადებზე ფასების ზოგადი კლების გამო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×