
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ შემოღებული მკაცრი ტარიფების ფონზე, რომლებმაც ინდოეთის ექსპორტს დარტყმა მიაყენა, დელიმ და ბრიუსელმა ურთიერთობების დაახლოების მკვეთრად დაჩქარება გადაწყვიტეს.
„ყველა გარიგების დედა“ - ასე უწოდა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მომავალ სავაჭრო შეთანხმებას, რომლის გაფორმებასაც ინდოეთი და ევროკავშირი გეგმავენ და რომელიც 2 მილიარდი ადამიანის ბაზარს მოიცავს, რაც მსოფლიო მშპ-ის მეოთხედია.
DW წერს, რომ ევროკავშირი ცდილობს შეამციროს ინდოეთის დამოკიდებულება რუსულ იარაღზე. სანაცვლოდ კი სამხედრო ტექნიკის ერთობლივ წარმოებას სთავაზობს და შეღავათიან კრედიტებს შეიარაღების შესაძენად.
ინდოეთი კი ევროპულ ავტომობილებსა და ალკოჰოლზე არსებული უზარმაზარი საბაჟო გადასახადების შემცირებას გეგმავს. Reuters-ი წერს, რომ შეთანხმების ფარგლებში ინდოეთი ევროკავშირთან ავტომობილებზე ტარიფებს 110%-დან 40%-მდე შეამცირებს.
სააგენტოს მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულმა ორმა წყარომ განუცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის მთავრობა დათანხმდა დაუყოვნებლივ შეამციროს გადასახადი 27-ქვეყნიანი ბლოკიდან შეზღუდული რაოდენობის ავტომობილებზე, რომელთა იმპორტის ფასი 15 000 ევროს აღემატება.
მოსალოდნელია, რომ მხარეები შეთანხმების შესახებ ოფიციალურად სამშაბათს განაცხადებენ.