რეზონანსი
25.01.2026

იუსტიციის საბჭომ უნდა უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლებისთვის სათანადოდ მოწყობილი უსაფრთხო სამუშაო სივრცის მოწყობა, რომ მედიას ნორმალური პირობები ჰქონდეს პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად, - ამის შესახებ „მედიის ადვოკატირების კოალიციის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მათი შეფასებით, დამოუკიდებელი ჟურნალისტები მუშაობენ არაადამიანურ პირობებში, ძალადობის დაუსჯელობისა და ინსტიტუციური გულგრილობის ფონზე.

„საქართველოში დამოუკიდებელი მედიის მუშაობის პირობები უკიდურესად კრიტიკულია. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ეს მდგომარეობა სასამართლო პროცესების გაშუქებისას, სადაც მედიის მიმართ ფიზიკური ძალადობა თუ დაწესებული უკანონო შეზღუდვები პირდაპირ აისახება ჟურნალისტების სამუშაო გარემოსა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე საზოგადოებისთვის.

სასამართლო შენობასა და ეზოში „ქართული ოცნების" მიერ მიღებული ფოტო-ვიდეო და აუდიოგადაღების აკრძალვის შემდეგ, ჟურნალისტები და ოპერატორები თვეების განმავლობაში დილიდან საღამომდე უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ ქუჩაში - ზამთარში ყინვაში, ზაფხულში კი უკიდურეს სიცხეში. ისინი თითქმის ყოველდღიურად აშუქებენ პროცესებს შენობის შესასვლელიდან, ხშირად საათების განმავლობაში, ამინდისა და ტემპერატურის მიუხედავად. არ არსებობს ტექნიკურად გამართული სივრცე, სადაც მედიის წარმომადგენლებს ელემენტარული სამუშაო პირობები ექნებოდათ. მაღალია რისკი ფიზიკური და ჯანმრთელობის დაზიანებისა.

დამოუკიდებელი მედიისთვის დაწესებული უკანონო შეზღუდვები კიდევ უფრო პრობლემურია იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში მიმდინარეობს არაერთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სასამართლო პროცესი. ამ პირობებში საზოგადოების ინფორმირების პასუხისმგებლობა დამოუკიდებელ მედიას ეკისრება, თუმცა მათ ამის გაკეთება ფაქტობრივად ქუჩიდან უწევთ.

დღეს უკვე აღარ არის საუბარი მხოლოდ პროფესიულ დისკომფორტზე. არსებული რეალობა მიუთითებს იმაზე, რომ დამოუკიდებელი ჟურნალისტები მუშაობენ არაადამიანურ პირობებში, ძალადობის დაუსჯელობისა და ინსტიტუციური გულგრილობის ფონზე. მიუხედავად ამისა, ისინი კვლავ აგრძელებენ მუშაობას და საზოგადოების ინფორმირებას, რაც ნათლად აჩვენებს როგორც მედიის მძიმე მდგომარეობას, ისე მათი საქმიანობის კრიტიკულ მნიშვნელობას საზოგადოებისთვის.

არსებული მდგომაროების გათვალისწინებით იუსტიციის საბჭომ უნდა უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლებისთვის სათანადოდ მოწყობილი უსაფრთხო სამუშაო სივრცის მოწყობა, რომ მედიას ნორმალური პირობები ჰქონდეს პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად",- აღნიშნულია „მედიის ადვოკატირების კოალიციის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×