რეზონანსი
26.01.2026

პოლიტიკური დებატების სრულყოფილ დაბრუნებას არა განცხადება, არამედ კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა სჭირდება – პოლიტპატიმრების, ოპონენტების გათავისუფლება, რეპრესიებისა და ტერორის შეწყვეტა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

ფარულავას თქმით, „პარტია მზად არის, „ქართული ოცნების“ კორუფციაზე, მაღალ ფასებზე ისაუბროს“.

„დებატები უნდათ? დებატებზე მივალთ და ვამხელთ მათ ამ საქმიანობაში, კონკრეტულ დანაშაულებში. ჩვენ არასოდეს გვითქვამს უარი დებატებზე. ვინმემ თუ უარი თქვა დებატებსა და დემოკრატიაზე, არის „ქართული ოცნება“. ჩვენი ლიდერები ციხეში არიან. პოლიტიკური ლიდერები არიან ფაქტობრივად ტყვეობაში აბსურდული ბრალით. ამასობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ჯეი დი ვენსი ეწვევა სომხეთს და აზერბაიჯანს და არა საქართველოს. საქართველოსთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოიტანა მისი ციტატა, რომ დემოკრატიული მანდატი არ მოიპოვება ოპონენტების დევნით და ციხეში ჩასმით. შესაბამისად, უარი უნდა ვთქვათ ტერორზე, რეპრესიებსა და პოლიტიკურ ტყვეებზე. ცხადია, ჩვენი მხრიდან არასდროს ყოფილა დებატებზე უარი. ჩვენ მზად ვართ, ვამხილოთ მათი კორუფცია, დანაშაული და ის მაღალი ფასები, რაც არის პროდუქციაზე, კონკრეტული მტკიცებულებებით კი, ვამხელთ მათ ამ საქმიანობაში“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართველ ხალხს არჩევანის სწორი ანალიზით გასაკეთებლად, საშუალება უნდა მიეცეს, საჯაროდ მოისმინოს ყველა ჯგუფის პოზიცია, ვისაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს.

„ვალდებული ვართ, დავუბრუნოთ ხალხს დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს, მის „ქართველ“ აგენტურას, საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×