რეზონანსი
26.01.2026

ბოლო 5 წლის განმავლობაში უბნის მაღაზიები დაიკეტა და მათი უდიდესი პროცენტი ქსელურმა მაღაზიებმა აიღეს და უკვე ქსელური მარკეტები კარნახობენ ბაზარს იმ პირობებს, რისი შესრულებაც მწარმოებლებს გვიწევს, - ამის შესახებ კომპანია „ფრიქსის“ კომერციულმა დირექტორმა ირაკლი ქურდაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, ფასებთან დაკავშირებით მომუშავე სამთავრობო კომისიასთან მწარმოებლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ქსელური მარკეტების მიერ დაწესებული მაღალი „ქეშბექი“ არის ქართველი მწარმოებლების მთავარი პრობლემა.

„პრემიერი და მინისტრები არიან გათვითცნობიერებული პრობლემის არსში და იმედი გვაქვს, გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები. პრობლემა კომპლექსურია. ჩვენს შემთხვევაში ქსელების მხრიდან არის მაღალი „ქეშბექის“ მოთხოვნა, ეს კი ქართველი მწარმოებლებისთვის ყველაზე დიდი ბარიერია. უნდა მივაღწიოთ ფასის რეგულირებას, რომ გადავრჩეთ.

ფასის რეგულირება შესაძლებელია თუ ქსელი მარჟას მოიკლებს, ვიღაცის ჯიბეს უნდა დააკლდეს. დღეს ეს ქსელები არიან ისინი, რომლებიც აკონტროლებენ ბაზარს, შესაბამისად, ქსელმა უნდა გააკეთოს ოპტიმიზაცია.

ბოლო 5 წლის განმავლობაში უბნის მაღაზიები დაიკეტა და მათი უდიდესი პროცენტი ქსელურმა მაღაზიებმა აიღეს და უკვე ქსელური მარკეტები კარნახობენ ბაზარს იმ პირობებს, რისი შესრულებაც მწარმოებლებს გვიწევს - თუ არ შევასრულებთ, დახლიდან მოვიხსნებით. სამივე სექტორმა, მთავრობის ჩართულობით უნდა შევიმუშაოთ თამაშის სამართლიანი წესები, რომ ფასების რეგულირებასაც მივაღწიოთ და ქართული წარმოებაც დავიცვათ“,- განაცხადა ირაკლი ქურდაძემ.

ინფორმაციისთვის, ფასებთან დაკავშირებით შექმნილი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიისა და მწარმოებლების შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში დასრულდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×