მარიამ ვეკუა
26.01.2026

აბუ-დაბიში აშშ-ის შუამავლობით გამართული ორდღიანი სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება ხელმოწერისთვის „100%-ით მზადაა". მისი თქმით, კიევი პარტნიორებისგან ხელმოწერის თარიღისა და ადგილის დადასტურებას ელოდება, მაშინ როცა ომის ფონზე ტერიტორიული საკითხები კვლავ ძირითად დაბრკოლებად რჩება.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებთან ორდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ აშშ-ის უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება ხელმოწერისთვის „100%-ით მზადაა".

  • ზელენსკი: „დოკუმენტი 100%-ით მზადაა და ჩვენ ველოდებით ჩვენი პარტნიორებისგან მისი ხელმოწერის თარიღისა და ადგილის დადასტურებას"

შემდგომი განხილვები მომავალ შაბათ-კვირას გაიმართება. კვირას, ლიეტუვაში ვიზიტის დროს, ვილნიუსში ჟურნალისტებთან საუბრისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა პარტნიორებისგან უსაფრთხოების გარანტიების დოკუმენტის ხელმოწერის დროისა და ადგილის დადგენას ელოდება, რის შემდეგაც ის რატიფიკაციისთვის აშშ-ის კონგრესსა და უკრაინის პარლამენტს გადაეცემა.

„დოკუმენტი 100%-ით მზადაა და ჩვენ ველოდებით ჩვენი პარტნიორებისგან მისი ხელმოწერის თარიღისა და ადგილის დადასტურებას", - განაცხადა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, განცხადებაში, ზელენსკიმ ხაზი უკრაინის მიერ 2027 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვას გაუსვა და ამას „ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტია" უწოდა.

„უკრაინისთვის უსაფრთხოების მეორე გარანტია არის ევროპული უსაფრთხოების გარანტიები, „მსურველთა კოალიცია" და რაც მთავარია, ევროკავშირში წევრობა. ეს არის ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის. ჩვენ გვინდა 2027 წელი. ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ თარიღზე, როდესაც უკრაინა მზად იქნება", - განაცხადა ზელენსკიმ.

მან არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებები, „საკმაოდ დიდი ხნის" შემდეგ პირველ სამმხრივ ფორმატად შეაფასა, რომელშიც სამივე მხარიდან არა მხოლოდ დიპლომატები, არამედ სამხედრო წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ზელენსკიმ უკრაინისა და რუსეთის პოზიციებს შორის ფუნდამენტური განსხვავებები აღიარა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ტერიტორიული საკითხები ძირითად დაბრკოლებად იქცა.

კვირას კი უკრაინამ მოკავშირეებისგან საჰაერო თავდაცვის გაძლიერება მოითხოვა, რადგან კიევში ასობით შენობა რუსული დარტყმების შემდეგ მეორე დღეა ელექტროენერგიის გარეშეა.

„ევროპისთვის ნაადრევია მოდუნება, სანამ რუსეთის საომარი მანქანა ჯერ კიდევ მუშაობს და სანამ ევროპაში დიქტატორები არ სუსტდებიან", - თქვა მან.

შეგახსენებთ, პარასკევს და შაბათს, აშშ-ის შუამავლობით, მოსკოვისა და კიევის დელეგაციები პირველად შეხვდნენ აბუ დაბიში, 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, რათა გ თეთრი სახლის 20-პუნქტიანი გეგმა თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულების შესახებ განეხილათ.

შაბათს მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ზელენსკიმ ისინი „კონსტრუქციულად" შეაფასა .ხოლო აშშ-ის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართება.

კრემლის რეაქცია

კრემლი დადებითად აფასებს აბუ-დაბიში რუსეთის, აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის გამართულ მოლაპარაკებებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„მე არ ვიტყოდი, რომ იქ რაიმე მეგობრულობა იყო, ამ ეტაპზე ეს ნაკლებად სავარაუდო იყო. შეცდომა იქნებოდა პირველი კონტაქტებიდან მაღალი შედეგების მოლოდინი. დღის წესრიგში რთული საკითხებია, მაგრამ თუ მოლაპარაკებების გზით რაღაცის მიღწევას ცდილობ, კონსტრუქციულად უნდა ისაუბრო", - აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსი მომლაპარაკებლები იცავენ ქვეყნის ინტერესებს და მუდმივად აწვდიან ვლადიმერ პუტინს ინფორმაციას მიღწეული შედეგების შესახებ.

  • პესკოვი: „შეცდომა იქნებოდა პირველი კონტაქტებიდან მაღალი შედეგების მოლოდინი."

პესკოვმა დაადასტურა, რომ მოლაპარაკებების გაგრძელება მომავალ კვირას არის დაგეგმილი, თუმცა, აღნიშნა, რომ მოსკოვი საჯაროდ არ განიხილავს ამ შეხვედრებზე წამოჭრილ ცალკეულ თემებს.

„საიდუმლო არ არის და ეს ჩვენი პრეზიდენტის თანმიმდევრული პოზიციაა, რომ ტერიტორიული საკითხი, რომელიც ანკორიჯის ფორმულის ნაწილია, რა თქმა უნდა, რუსული მხარისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა", - აღნიშნა პესკოვმა.

შეტევა რუსეთზე

თუმცა მოლაპარაკებების პარალურად ცეცხლი არ წყდება, რუსეთის კრასნოდარის მხარეში, დრონის ნამსხვრევებმა ორ საწარმოში ხანძარი გააჩინა, იუწყება ხელისუფლების წარმომადგენლები. ორშაბათს, ყუბანში, სლავიანსკში, ერთი ადამიანი დაშავდა ,განაცხადა რეგიონულმა საგანგებო სიტუაციების ცენტრმა.რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით 40 უკრაინული დრონი ჩაჭრეს და გაანადგურეს, მათ შორის 34, კრასნოდარის მხარეში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×